Accessibility links

logo-print

დაძაბული ვითარება თურქეთში: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა სისხლისმღვრელი აფეთქებების ფონზე


სტამბულში გუშინ მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი დღეს 17-მდე გაიზარდა.

როგორც იუწყებიან, ექიმებმა ამაოდ სცადეს რამდენიმე დაჭრილის გადარჩენა. ხელისუფლება ჯერ ნაადრევს უწოდებს აფეთქებებისთვის პასუხისმგებელთა დასახელებას, თუმცა თურქეთის საინფორმაციო საშუალებები შემდეგ გარემოებაზე მიუთითებენ: აფეთქებები მოხდა ერთი დღით ადრე სასამართლო პროცესამდე, რომელზეც უნდა გადაწყვიტონ, რა ბედი მოელის თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის პარტიას.

თურქი ოფიციალური პირების ინფორმაციით, პირველი აფეთქება, რომელმაც გუშინ სტამბულის გუნგორენის რაიონი შეარყია, სანაგვე ყუთში ჩადებული, მომცრო მოწყობილობის დეტონაციამ გამოიწვია - მას არავინ მოუკლავს, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. მაგრამ ათიოდე წუთში, როცა აფეთქების ადგილას ხალხი შეიკრიბა, ექიმები კი დაჭრილების პირველი დახმარების გაწევას შეუდგნენ, მეორე, უფრო დიდი ბომბი აფეთქდა. ისიც სანაგვე ყუთში.

სტამბოლის გუბერნატორ მუამარ გულერის განცხადებით, მეორე აფეთქებამ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე, დაჭრილების რიცხვი კი 150-მდე გაზარდა.
[გულერის ხმა] “ორივე ბომბი სანაგვე ყუთებში იყო მოთავსებული. ერთ აფეთქებას მეორე მოჰყვა 10-12 წუთში. როცა ხალხმა თავი მოიყარა პირველი აფეთქების შემდეგ, ზოგი კი თავისი მაღაზიის წინ იჯდა, მეორე აფეთქება მოხდა. ამის გამო დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვი გაიზარდა”.

ხელისუფლების წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებათ: ორივე აფეთქება ტერაქტი იყო. თუმცა, მათ ჯერ ნაადრევად მიაჩნიათ პასუხისმგებელთა ვინაობაზე ლაპარაკი. უნდა ითქვას, რომ წარსულში სტამბულში აფეთქებები აქვს მოწყობილი სხვადასხვა ჯგუფს - ქურთ სეპარატისტებს, მემარცხენე ექსტრემისტებს, ისლამისტ ექსტრემისტებს.

ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში სტამბულში მოღვაწე ირანელმა პოლიტოლოგმა, ჰაშემ ხოსროშაჰიმ დაადასტურა, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა აფეთქებების მომწყობთა ვინაობაზე. [ხოსროშაჰის ხმა] “ზოგის ვარაუდით, თავდასხმა ქურთმა სეპარატისტებმა მოაწყეს. ზოგი კი ვარაუდობს, რომ ამაში უცხო ძალების ხელი ურევია”.

და მაინც, გუშინდელმა აფეთქებებმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება, ისედაც მიმართული თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, რომელიც დღეიდან განიხილავს, უნდა აიკრძალოს თუ არა “სამართლიანობისა და განვითარების პარტია”.

ლაპარაკია, არც მეტი, არც ნაკლები, მმართველ პარტიაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ხელმძღვანელობს. პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ, რახან მისი წარსული აკრძალულ ისლამისტურ პარტიას უკავშირდება, ეჭვმიტანილია სეკულარიზმის პრინციპის ხელყოფაში და, ამდენად, თურქეთის კონსტიტუციის დარღვევაში.

ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ეწევა თუ არა ერდოანის პარტია ისლამისტურ საქმიანობას და თუ დაადგინა, რომ ეწევა, ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა, პარტიის აკრძალვა მოჰყვეს.

ანკარის უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ ჰუსეინ ბაჩგის ვარაუდით: [ბაჩგის ხმა] “სავარაუდოდ, პარტიას არ აკრძალავენ. მაგრამ იქნება რაღაც ჯარიმები, ფინანსური სანქციები. იმავდროულად, შესაძლოა, ზოგ პოლიტიკოსს რამდენიმე წლით აუკრძალონ პოლიტიკაში მოღვაწეობა”.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს პირველ დღეებში მოელიან. ახლა კი, თუ თურქეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს მოვიშველიებთ, გუშინდელი აფეთქებების ადგილას რომ წარმოთქვა, ეროვნული ერთობის დროა. “30-35 წელია, ტერორს ვებრძვით. ბრძოლა გაგრძელდება, სანამ გავიმარჯვებთო”, ეს სიტყვები წარმოთქვა ერდოანმა.

კვირასვე გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა საჰაერო იერიში განახორციელეს ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მოკლეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 12 მეამბოხე.
XS
SM
MD
LG