Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო გამოხმაურება საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირებაზე


აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, სენატორმა ჯონ მაკკეინმა

პარასკევს აიოვას შტატში გააკეთა განცხადება საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. ის გამოვიდა მოწოდებით, რომ აშშ-ის ინიციატივით გაიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც რუსეთს მოსთხოვენ აღებული კურსის შეცვლას. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან და ეუთოსთან ერთად დიპლომატიური ზეწოლა უნდა მოახდინოს ამ კურსის შესაცვლელად. ამას გარდა, მაკკეინის განცხადებით: [მაკკეინის ხმა] “დაუყოვნებლივ უნდა მოვიწვიოთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოში უსაფრთხოების განსახილველად და იმ ზომების გადასასინჯად, რომელთა მიღებაც ნატოს შეუძლია ამ, ძალიან სახიფათო ვითარების სტაბილიზაციის ხელშესაწყობად”.

საფრანგეთის საარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის ოფისი როგორც იუწყება, მინისტრი მუშაობს ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კრიზისისთვის ბოლოს მოსაღებად. კუშნერი, ამ ცნობით, კონტაქტშია ყველა მხარესთან და მთავარ მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვტის მიღწევას. საფრანგეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა.

ევროკომისიის პრეს-მდივანი ჯონ კლენსი პარასკევს ბრიუსელში გამოვიდა შემდეგი განცხადებით: [ჯონ კლენსის განცხადება] “ევროპის კომისია უკიდურესად შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მძიმე ბრძოლის გამო და გმობს ადამიანების დაღუპვას”. კლენსიმ განაცხადა აგრეთვე, რომ ევროპის კომისია გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაპირისპირება და მალე განახლდეს მოლაპარაკებები არსებული ფორმატების ჩარჩოებში. [ჯონ კლენსის განცხადება] “ევროკავშირი მზად არის, გაზარდოს თავისი წვლილი საქართველოში კონფლიქტების მოგვარებაში ნდობის აღმდგენი ზომებით”.

განცხადებით გამოვიდა პარასკევს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერიც. მან ბერლინში განაცხადა: [შტაინმაიერის ხმა] “შეძრწუნებული ვარ სამხრეთ ოსეთში ძალადობის ესკალაციით ბოლო 48 საათის მანძილზე. შესაძლოა, ცხადი არ იყოს მოცემულ მომენტში, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ძალადობის ამ განახლებისთვის, მაგრამ მით უფრო ცხადი უნდა იყოს, რომ კონფლიქტის მხარებიისაგან მოველით დაუყოვნებლივ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და და დაუყოვნებლივ გაიყვანონ შენაერთები, რომლებიც ბოლო 48 საათის მანძილზე დამატებით შეიყვანეს სამხრეთ ოსეთში”.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთის ხელისუფლებაც. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გეღამ ღარიბჯანიანის განცხადებით: [ღარიბჯანიანის ხმა] “სომხეთი მდებარეობს რეგიონში, რომელშიც ამჟამად კონფლიქტია და ეს, რასაკვირველია, ჩვენს შეშფოთებას იწვევს. იმედი გვაქვს, რომ გამოსავალი ძალიან მალე მოიძებნება, რადგან მოცემულ მომენტში მართლაც ისეა, რომ პრობლემის მოგვარების გზას ჯერ ვერ მიაგნეს, მაგრამ ვფიქრობ პრობლემა, ულაპარაკოდ, მხოლოდ სამშვიდობო გზით უნდა მოგვარდეს”.
XS
SM
MD
LG