Accessibility links

logo-print

საბინ ფრაიზერი: ცხინვალის მოვლენები რუსეთის საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს


ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციის - "კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის" - ევროპის პროგრამის დირექტორმა საბინ ფრაიზერმა

ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ბრაიან უიტმორთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა საქართველოში შექმნილ ვითარებაზე.

ექსპერტს, რომლის კომპეტენციაში სამხრეთ კავკასიის რეგიონიც შედის, პირველ რიგში, ვკითხეთ, მისი აზრით, რა სახის საერთაშორისო დახმარებას უნდა ელოდეს საქართველო დასავლეთისგან:

[ფრაიზერი]
”ცხადია, დასავლეთს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ჩემი აზრით, ისინი მკაცრი პოლიტიკური განცხადებებით გამოვლენ და რუსეთს მოუწოდებენ, უკან დაიხიოს. ეს კი იმ მოსაზრების საპირისპიროდ გაიჟღერებს, რომელსაც რუსეთი ამკვიდრებს - რომ ის მშვიდობისდამცველია. საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ეს რუსეთში გაბატონებულ საზოგადოებრივ აზრზე - მოსკოვის ქმედებებს ახლა იქ სრული მხარდაჭერა აქვს, რადგანაც, საზოგადოებრივი აზრით, ის მშვიდობას იცავს. ამდენად, მე ვფიქრობ, ევროპელები განცხადებებს გაამკაცრებენ და რუსეთს კონფლიქტის მხარედ გამოაცხადებენ.”

შემდეგი შეკითხვა, რომლითაც ჩვენმა რადიომ საბინ ფრაიზერს მიმართა, კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივას ეხებოდა - მისი აზრით, რამდენად გამოიღებს ნაყოფს საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, ქვეყნის სეპარატისტული კონფლიქტები საერთაშორისო კონტექსში გადაიყვანოს:

[ფრაიზერი]
”მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არსებული კონფლიქტების ინტერნაციონალიზაციას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცდილობს. მისი სტრატეგიაა ეს კონფლიქტები საერთაშორისო განზომილებაში გადაიყვანოს და წარმოაჩინოს როგორც კონფლიქტი ტრადიციულ დასავლეთსა და რუსეთს შორის. ის ცივი ომის ენით ლაპარაკობს და ამბობს, რომ ეს კონფლიქტები უკანასკნელი ბასტიონია. ბოლო დღეების მანძილზე სააკაშვილი ამგვარი განცხადებებით განსაკუთრებით ხშირად გამოდის, თუმცა, სინამდვილეში, ამაში განსაკუთრებით ახალი არაფერია.”

რამდენად იმოქმედებს ცხინვალის რეგიონში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები კონფლიქტებისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მინიჭების ამ მცდელობაზე? - ეს იყო შემდეგი შეკითხვა, რომლითაც მივმართეთ საბინ ფრაიზერს:

[ფრაიზერი]
”ვფიქრობ, ამ ნაბიჯით სააკაშვილი ზედმეტად შორს წავიდა. იმიტომ რომ თუკი დასავლეთი მართლა გადაწყვეტს, რუსეთი აიძულოს უკან დაიხიოს, შესაძლოა სამხედრო ინტერვენცია გახდეს საჭირო - ეს კი არ მოხდება.”

როგორ აისახება მოსკოვის მიერ უკანასკნელ დღეებში გადადგმული ნაბიჯები რუსეთის საერთაშორისო იმიჯზე? - ვკითხეთ "კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის" ევროპის პროგრამის დირექტორს, საბინ ფრაიზერს:

[ფრაიზერი]
”რუსეთის იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდება. აქამდე რუსეთი თავისი საერთაშორისო ლეგიტიმურობის გაზრდას ცდილობდა, თავს წარმოაჩენდა საერთაშორისო სამართლის დამცველად - არა მხოლოდ კავკასიაში, ბალკანეთშიც; ასევე იმ პოზიციით, რომელიც რუსეთმა კოსოვოსთან მიმართებით დაიკავა. გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე საერთაშორისო სამართლის დიდ დამცველებად გამოჩენა მათთვის ბევრად უფრო რთული იქნება მაშინ, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ობიექტებს და ქართულ ქალაქებს ბომბავენ.”
XS
SM
MD
LG