Accessibility links

logo-print

აშშ-ის მთავრობა საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ეხმარება


საქართველოში, აშშ-ის საელჩოში, ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასა“ და აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს შორის.

საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, ტყიბულის ქვანახშირის საბადოდან მეთანის გაზის ასათვისებლად საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს. პროექტის ავტორების განცხადებით, მეთანის გაზის მოპოვების დაწყება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

აშშ-ის ვაჭრობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლარი ვოლთერმა და „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ნათია თურნავამ ნახევარი მილიონი დოლარის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიალზე აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა ლარი ვოლთერმა განაცხადა, რომ საგრანტო პროექტი უფრო მეტად უზრუნველყოფს საქართველოს საკუთარი ენერგორესურსებით მომარაგებას და ზოგადად მის ენერგოუსაფრთხოებას:

[ლარი ვოლთერის ხმა] „ამ ხელშეკრულებით აშშ-ის მთავრობა ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობას და ადასტურებს სურვილს მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.“

ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკაში ალტერნატიული ენერგორესურსების - ისეთების, როგორიცაა მეთანის გაზი - ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს ნათია თურნავაც:

[ნათია თურნავას ხმა] „ეს არის სრულიად ახალი, უპრეცედენტო პროექტი და თავის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში.“

ნახშირის საბადოებში მოპოვებული მეთანის გაზი აშშ-ის ენერგომომარაგების 10 პროცენტს შეადგენს და ამერიკულ კომპანიებს ამ საქმის წარმოების დიდი გამოცდილება აქვთ. ნათია თურნავა ფიქრობს, რომ პარტნიორებად სწორედ ამიტომ შეარჩიეს ამერიკის კომპანიები. ერთ-ერთი მათგანი, „კოვალენტ ენერჯი“, ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების თანადამფინანსებელიცაა. სულ ტყიბულის ქვანახშირის საბადოდან მეთანის აირის მოპოვების ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის მოსამზადებლად თითქმის ერთი მილიონი დოლარი დაიხარჯება. სამუშაოები სექტემბერში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორის, ნათია თურნავას, განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ტყიბულში მეთანის გაზის საკმაოდ დიდი მარაგია:

[ნათია თურნავას ხმა] „ჩვენ ვფიქრობთ, რომ, როგორც კი დასრულდება კვლევა და დადგინდება, თუ რა ტიპის ტექნოლოგიები უნდა იქნეს გამოყენებული, დაიწყება ათვისების პროცესი. სადღაც, ალბათ, 1 წლის მანძილზე შეიძლება ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები და მერე დავიწყოთ ათვისება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეჩქარება, გვაქვს ეს სიმდიდრე და გვინდა მისი გამოყენება.“

მეთანის გაზის თვითღირებულება გაცილებით დაბალია, ვიდრე იმპორტირებული ბუნებრივი აირის. სიიაფესთან ერთად მისი მოპოვება ხელს შეუწყობს ენერგომომარაგების დივერსიფიცირებას და ეკონომიკის სტაბილურ განვითარებასაც.

ზოგადად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის ეკონომიკური გუნდის თბილისში სამდღიანი ვიზიტის მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა. დელეგაციამ, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუბენ ჯეფრი მესამე ხელმძღვანელობდა, რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი შეისწავლა. მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, აშშ-ის მთავრობა საქართველოს ეკონომიკის რეკონსტრუქციაში დაეხმარება.

XS
SM
MD
LG