Accessibility links

logo-print

“მსუბუქი” საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გაგრძელდება


საქართველოს პარლამენტმა კიდევ 2 კვირით გააგრძელა საგანგებო მდგომარეობის მოქმედება სეპარატისტულ რეგიონებში და ე.წ. ”ბუფერულ ზონებში”.

თუმცა, როგორც განვლილმა პერიოდმა აჩვენა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ”ცარიელი ფურცელია” საქართველოსთან ომში გამარჯვებული რუსეთის არმიის ქვედანაყოფებისათვის, რომლებიც დღემდე თავისუფლად გადაადგილდებიან ცხინვალი-ახალგორისა და გალი-ზუგდიდის მიმართულებით.

ახალგორის რაიონის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური მისდამი რწმუნებულ რაიონში მხოლოდ ოსი და რუსი სამხედროების ნებართვით შედის. ისევე როგორც სხვა ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე, რომელსაც კრემლმა ”ბუფერული ზონა” უწოდა, რუსმა სამხედროებმა შემოიღეს სამხედრო მდგომარეობა და გამოაცხადეს კომენდანტის საათი. როგორც ზურაბ ფიცხელაურმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ოკუპანტების მიერ შემოღებული წესები სულ უფრო და უფრო მკაცრი და დამამცირებელი ხდება ადგილობრივი ქართული მოსახლეობისათვის:

[ზურაბ ფიცხელაური] ”თუ ვინმე შევიდა და არ აქვს ახალგორის ჩაწერა და რეგისტრაცია, უკეთებენ ხუთას ლარიან ჯარიმებს. ჩემი ახლობლები, რომლებიც რუსთავში იყვნენ ჩაწერილები, დააკავეს, მთელი ღამე დაკავებული ჰყავდათ და გავუგზავნეთ 500 ლარი და გამოუშვეს. არის კიდევ ჩვეულებრივად კომენდატნის საათი რვა საათის შემდეგ. გუშინწინ იყო ფაქტები: დაიჭირეს ავტობუსის მძღოლი, მთელი ღამე საკანში ჰყავდათ და სამასი ლარი იმას გადაახდევინეს კომენდანტის საათის დარღვევისათვის.” (სტილი დაცულია)


არადა, წესით, ახალგორის რაიონზე ასევე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ცალკეულ რეგიონებში 3 სექტემბერს გამოაცხადა. შესაბამისად, ”საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი”, ამ შემთხვევაში რუსი და ოსი ჯარისკაცები, ზურაბ ფიცხელაურმა, როგორც ახალგორის რაიონის გამგებელმა , ”უნდა დააკავოს და, სულ მცირე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებს გარეთ” უნდა გააძევოს. საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ფრაქცია ”ძლიერი საქართველო - ქრისტიან დემოკრატების” წევრი დეპუტატი ნიკა ლალიაშვილი არ მალავს, რომ საქმე აშკარა კაზუსთან გვაქვს. მაგრამ საგანგებო მდგომარეობის არსებობა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში დეპუტატს გამართლებულად მიაჩნია მაშინაც კი, თუკი კანონი არ მოქმედებს:

[ნიკა ლალიაშვილი] ”კანონი მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს - ვთქვათ, ცვლის რაღაც იურიდიულ სივრცეს იქ და ცვლის ისე, როგორც ეს საჭიროა და როგორც უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიებზე.”

”იურიდიული სივრცე” ოკუპირებული ახალგორის რაიონის მიმდებარე ტერიტორიებზე შეცვლილია, მაგრამ არა საქართველოს სასარგებლოდ. ახალგორის რაიონის 58 ქართული სოფელი თითქმის მოწყვეტილია საქართველოს იურიდიულ და კონსტიტუციურ სივრცეს. სოფლების უმრავლესობა დაცლილია მოსახლეობისაგან. ოსი სეპარატისტები კი, რომლებმაც, რუსების მხარდაჭერით, საბჭოთა პერიოდის სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ფარგლების აღდგენა გადაწყვიტეს, შემოვლით გზას აშენებენ, რომლითაც ცხინვალი პირდაპირ დაუკავშირდება ახალგორს, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ახალგორის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა:

[ზურაბ ფიცხელაური] ”ეხლა აკეთებენ. სერიოზული ტექნიკა მუშაობს, ჯავიდან გრომია ესეთი, წინაგარის გავლით ჰქონდათ გზა გაკეთებული და აკეთებენ ახალ გზას. და თითქმის ორ კვირაში ამთავრებენ, თავიანთი საუბრით.”(სტილი დაცულია)


ვითარება მძიმეა, მაგრამ ოკუპირებულ საქართველოს სხვა გზა არ რჩება - ან უნდა დაელოდოს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და სამხედრო ძალების გაყვანას, ანდა აირჩიოს კვანძის გადაჭრის გზა - დაიცვას საგანგებო მდგომარეობის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც ოპოზიციონერ პარლამენტარ პაატა დავითაიას აზრით, აშკარა ომის გზაა:

[პაატა დავითაია] ”ეხლა, მეორე მხარეა, სახელმწიფო იყენებს თუ არა [კანონს]. არ იყენებს სახელმწიფო, არ ანადგურებს, ხო?! რომ გაანადგუროს ტანკი საგანგებო მდგომარეობის დროს, მაშინ ტანკები შემოვლენ თბილისში. ხომ ხვდები, როგორი სიტუაციაა.”(სტილი დაცულია)


არის კიდევ ერთი საშუალება, ისევ და ისევ საგანგებო მდგომარეობის კანონიდან გამომდინარე: ”თუ იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან განხორციელებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტს დეკრეტით შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა”. მაგრამ, საქართველოს პრეზიდენტს არ გამოუცია დეკრეტი დროებითი მმართველობის შესახებ. ცხადია - რატომაც. ასეთ ”დროებით მმართველებს” არც კოდორის ხეობაში და არც ახალგორში არავინ შეუშვებდა. შესაბამისად, პრეზიდენტის დეკრეტსაც იგივე ბედი ეწეოდა, რაც თავად პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომლის დანიშნულების განმარტება იურიდიულ ნიუანსებში კარგად გარკვეულ პარლამენტარ პავლე კუბლაშვილსაც უჭირს:

[პალიკო კუბლაშვილი] ”საგანგებო მდგომარეობის მიზანი არის ერთადერი, რომ განისაზღვროს განსაკუთრებული სტატუსი და ასეთ ტერიტორიაზე, ვთქვათ, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ან სხვა კუთხით, რაიმე შეზუდვების დაწესება თუ იქნება აუცილებელი, ამის დაწესების შესაძლებლობა გვქონდეს ისე, როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული.” (სტილი დაცულია)

პარლამენტარ პავლე კუბლაშვილის თქმით, საგანგებო მდომარეობის მოქმედება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მანამდე გასტანს, სანამ იქ რუსი სამხედროები იქნებიან. საქართველოს პარლამენტის 29 აგვისტოს დადგენილებით, ”რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალები, საოკუპაციო საჯარისო შენაერთებად გამოცხადდა.”
XS
SM
MD
LG