Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო-საქართველოს კომისიას სურს დემოკრატიის გაღრმავება საქართველოში


ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ორი თვის წინ






თბილისში დაფუძნდა, ბრიუსელში თავის მორიგ შეხვედრას მართავს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავების საკითხებს დაეთმობა. საკითხავია, რამდენად შორს მიდის ნატოს დაინტერესება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობით და რა გზავნილებს უნდა ელოდეს ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლება.

ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა ბრიუსელში პოლიტიკური კომიტეტის დონეზე 13 ნოემბერს გაიმართა. სტრუქტურულად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონის შეხვედრა, თუმცა განსახილველი საკითხები, რომლებიც ნატო-საქართველოს კომისიის დღის წესრიგში იდგა, ყველაზე არსებითია საქართველოს შიდასტაბილურობისა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. ნატოში საქართველოს ელჩმა რეზო ბეშიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ საქართველოს დელეგაციის წევრებმა, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებმა ეკატერინე ზღულაძემ და ელენე ხოშტარიამ ისაუბრეს რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობაზე. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ რადიო ”თავისუფლებამ” ბრიუსელში დაურეკა ელჩ რევაზ ბეშიძეს და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

[კობა ლიკლიკაძე] ბატონო რეზო, ქართული დემოკრატიის თანდაყოლილი თუ მერე შეძენილი სისუსტეები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მსჯელობის საგანია. ამჯერად თუ იყო შეფასება ან ხომ არ გამოთქმულა რაიმე ქათინაური: აი, გიჭირთ, მაგრამ რაღაცას აკეთებთ? წინა ხართ რაღაცაში?
[რეზო ბეშიძე] ”არა, ძირითადად იყო მაინც ინფორმირება ჩვენი მხრიდან. მათ ეს ცნობად მიიღეს. თქვენ იცით ახლა, რომ მიმდინარეობს შეფასების პერიოდი. დეკემბერში არის დაგეგმილი ჩვენი საკითხის განხილვა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ახლახან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისია იმყოფებოდა თბილისში. ამდენად, ნატო ახლა აგროვებს იმ მასალებს, რომელსაც მიიღებს ცნობად საქართველოს საკითხზე მსჯელობის დროს, დეკემბერში.”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] რადიომსმენელისთვის და, ზოგადად, საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ეს შეფასებითი დოკუმენტი და მისი შინაარსი არ არის ხელმისაწვდომი, გამომდინარე პროცედურებიდან. თქვენც, ალბათ, ყველაფერს ვერ იტყვით. მაგრამ იმ ფარგლებში, რაშიც შეიძლება თქმა, როგორია ეს დასკვნა?

[რეზო ბეშიძე] ”ჯერ დასრულებული არ არის შეფასება. უბრალოდ, თბილისში იმყოფებოდა მისია. მან ჩაატარა რიგი შეხვედრები საქართველოს შესაბამის უწყებებთან. ახლა მიდის მსჯელობა თვითონ ნატოში ამ საკითხებზე. დღევანდელი შეხვედრაც ამის უშუალო შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ როგორი იქნება ეს შეფასება. რა თქმა უნდა, ის გაითვალისწინებს იმ მოვლენებს, რაც უკანასკნელ ხანს განვითარდა საქართველოში, იმ სირთულეებს. მაგრამ მაინც, ნატოს მიდგომა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აღმოუჩინოს დახმარება, რა სფეროებში, რა დოზით. აი, ძირითადად, ამ საკითხებს შეეხება.”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] თუ დგას მაინც რაიმე მეთოდოლოგიური დახმარების საკითხი თავდაცვის სფეროს, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით?

[რეზო ბეშიძე] ”ასევე ახლა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ძირითადად შეფასება იმ ზარალისა, რომელიც მიადგა საქართველოს თავდაცვის სისტემას, მთლიანად უსაფრთხოების სისტემას. შესაბამისად, რამდენიმე ჯგუფი იყო ჩამოსული და კიდევ იგეგმება რამდენიმე ექსპერტის ჩამოსვლა[საქართველოში]. ამის შემდეგ მოხდება ანალიზი მთლიანად მიყენებული ზარალის და აქედან მოხდება დახმარების ხარისხისა და მიმართულების საბოლოოდ დადგენა. თუმცა ამ ეტაპზეც შეიძლება ითქვას, რომ უკვე რამდენიმე სფეროში მიმდინარეობს დახმარება ნატოს მხრიდან. ისე, შეიძლება ითქვას, რომ უკვე კიბერშეტევასთან დაკავშირებით გვეხმარებიან, ასევე განაღმვის მხრივაც გვეხმარებიან.”(სტილი დაცულია)

[კობა ლიკლიკაძე] თქვენ ახსენეთ მოახლოებული შეხვედრა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა, შეხვედრა, რომელზეც ხელახლა უნდა გავიდეს საკითხი გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე. შეიძლება უკვე რაიმე ვთქვათ, გარკვეული წინასწარმეტყველების სახით?

[რეზო ბეშიძე] ”პროგნოზებისაგან თავს შევიკავებ. უბრალოდ, ჯერ არ დაწყებულა აქტიური განხილვა ნატოში ამ საკითხისა. მოგეხსენებათ, რომ ეს პოლიტიკური საკითხია და მისი გადაწყვეტა მოხდება უშუალოდ ნატოს დედაქალაქებში. ასევე, უშუალოდ ამ საკითხზე მსჯელობა მოსალოდნელია გაიმართოს უშუალოდ შეხვედრაზე. შეხვედრის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში. ანუ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ნატოს 26 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს და იმსჯელებენ ამ საკითხზე.”(სტილი დაცულია)


ნატოში საქართველოს ელჩის რეზო ბეშიძის ინფორმაციით, მომავალი კვირის დასაწყისში ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტი იქნება. წინასწარი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შეეცდება ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტარები საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, მეპის, მინიჭების აუცილებლობაში დაარწმუნოს. თუმცა ნატოს ბუქარესტის აპრილის სამიტზე ალიანსის წევრ სახელმწიფოებში ამ იდეამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და, საბოლოოდ, საქართველომ მხოლოდ დაპირება მიიღო, რომ ოდესმე აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG