Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა ენგურჰესის პრივატიზაციას


აზერბაიჯანის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოს მთავრობამ კომპანია „აზერენერჯის“ საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა და ენგურჰესის პრივატიზება შესთავაზა.

გავრცელებული ინფორმაცია მყისიერად გააპროტესტეს სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რადგან იქ ენგურჰესს აფხაზეთის საკუთრებად მიიჩნევენ. ენგურჰესის პრივატიზების სურვილს უარყოფს ოფიციალური თბილისიც.

მიმდინარე კვირის დასაწყისში აზერბაიჯანის სააქციო საზოგადოება „აზერენერჯის“ ვიცე-პრეზიდენტმა მარლენ ასკეროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ენგურჰესის პრივატიზაცია აზერბაიჯანს შესთავაზა:

„რაღაც პერიოდის წინ საქართველოს მხარემ საპრივატიზაციოდ გამოიტანა ამ ქვეყანაში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურები, კერძოდ კი, ენგურის ჰესი, და აზერბაიჯანს შესთავაზა მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში.“

ასკეროვის აზრით, ამ სადგურის შესაძენად საჭიროა დიდი კაპიტალის მოძიება და მხოლოდ ამ საკითხის განხილვის შემდეგ მიიღებს მთავრობა პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის გადაწყვეტილებას.

”აზერენერჯის” ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს უმალვე გამოეხმაურნენ სოხუმიდან. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელმა რეზო ზანტარიამ განცვიფრება ვერ დამალა საქართველოს გადაწყვეტილების გამო. მისი განცხადებით, ენგურჰესი აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე მდებარეობს, ხოლო სადგურის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განლაგებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე, რის შესახებაც აზერბაიჯანის წარმომადგენელს აუცილებლად უნდა სცოდნოდაო, - დასძინა ზანტარიამ.

ენგურჰესის პრივატიზების სურვილს კატეგორიულად უარყოფს საქართველოს მთავრობა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის კომენტარი:

[მარიამ ვალიშვილის ხმა] „ეს აბსურდი არის, გამომდინარე იქიდან, რომ ენგურის პრივატიზებაზე საერთოდ არ მიმდინარეობს საუბარი. მისი პრივატიზება დღის წესრიგშიც კი არ დასმულა.“

საქართველოში თითქმის ყველა ჰიდროელექტროსადგური პრივატიზებულია, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის გარდა. მათი პრივატიზაციის საკითხი კი ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის მთავარ ინიციატორს კახა ბენდუქიძესაც კი არ დაუყენებია. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკის უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სხვა მხარეებთან შეთახმების შემდეგ ენგურჰესის პრივატიზება შეიძლება განხილვის საგნად იქცეს:

[გია ხუხაშვილის ხმა] „აზერბაიჯანული მხარე, გამომდინარე იქიდან, რომ ის ჩვენი სტრატეგიული მხარეა და არანაირი მუქარა მათი მხრიდან არ მოდის და არ იქნება გამოყენებული როგორც პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი, ეს საკითხი განხილვადია. მაგრამ საკითხი უცნაურია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ამ ობიექტის პრივატიზების ბერკეტი არ გააჩნია.”

ამჟამად ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ. მის ექსპლუატაციას, შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლება და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ერთობლივად აწარმოებენ.
XS
SM
MD
LG