Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებების სერია ინდოეთში


კოორდინირებული თავდასხმების სერიამ ბომბეიში 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილების რიცხვი 300 აღემატება.

ქალაქში, რომელიც ინდოეთის საფინანსო ცენტრად ითვლება და იმავდროულად, მსოფლიოს უდიდესი მეტროპოლიების რიცხვში შედის, შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმები მოაწყეს ათამდე ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ხალხი ირეოდა.

კოორდინირებული თავდასხმები ოთხშაბათს საღამოს მოეწყო. შეიარაღებული პირები - სავარაუდოდ, მუსლიმანი ექსტრემისტები - სროლით შეცვივდნენ რკინიგზის სადგურზე, საავადმყოფოში, მოდურ კაფეში, ორ ფეშენებელურ სასტუმროში. სატელევიზიო ჩანაწერი აჩვენებს, როგორ ესვრიან შეიარაღებული პირები პიკაპის ტიპის ავტომანქანიდან გამვლელებს სრულიად განურჩევლად, შუაგულ ბომბეიში.

სროლას რამდენიმე აფეთქებაც ახლდა, მათ შორის რკინიგზის სადგურზე. აფეთქების სცენა ასე აღწერა ერთ-ერთმა მგზავრმა საინფორმაციო სააგენტო როიტერსთან საუბარში: [ინდოელი მამაკაცის ხმა] “რკინიგზის სადგურზე ვიყავი 6 ადამიანთან, მათ შორის დედაჩემთან ერთად. სოფელში მივდიოდით. გიტანჯალის ექსპრესში რომ უნდა ჩავმსხდარიყავით, უცებ ბომბი აფეთქდა ჩემს ბარგთან ახლოს, სულ რამდენიმე ნაბიჯში. შევეცადე, ბარგამდე მიმეღწია და ჩემი ცოლი, რომელიც იქ იყო ჩემთან ერთად, ტყვიით დაიჭრა”.

მოიერიშეებმა მძევლებიც აიყვანეს - ბომბეის ორ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, რომელთაგან ერთში (“ტაჯ მაჰალში”) მძევლების განთავისუფლება უკვე მოხერხდა. მაგრამ მეორეში (“ტრიდენტ ობეროიში”), ინდოეთის არმიის ცნობით, ჯერ კიდევ გამაგრებულია 10-12 ტერორისტი, მათ ხელში ათობით მძევალი რჩება.

თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა აქამდე უცნობმა ისლამურმა გასამხედროებულმა ჯგუფმა “დეკა მუჯაჰიდინმა”. წამოყენებულია მოთხოვნაც - მუსლიმანი ექსტრემისტების განთავისუფლება ინდოეთის ციხეებიდან.

ბომბეიში ადრეც მოუწყიათ ტერაქტები. მათ შორის იყო აფეთქებების სერია 2006 წლის ივლისში, მაშინ 187 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ აქამდე არც ერთი იერიში არ ყოფილა ასე აშკარად მიმართული უცხოელების წინააღმდეგ: ორ სასტუმროში აყვანილ მძევლებს შორის არიან ამერიკელები, ბრიტანელები, იტალიელები, შვედები, კანადელები, იემენელები, ისრაელისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეები. ინდოელი პოლიტოლოგის, დელიში განთავსებული “მშვიდობისა და კონფლიქტის კვლევათა ინსტიტუტის” ექსპერტ სანდიიპ ჰარდვაჯის შეფასებით, რომელიც მან ჩვენი რადიოს სპარსულ სამსახურთან საუბარში გამოთქვა, უცხოელების სამიზნეში ამოღებით ექსტრემისტები ცდილობენ მეტი ყურადღება მიიპყრონ უცხოეთში: [ჰარდვაჯის ხმა] “სამხრეთი აზია მსოფლიოს იმ რეგიონებს მიეკუთვნება, სადაც ყველაზე ხშირად ეწყობა ტერორისტული აქტები. არადა, საერთაშორისო მედია იშვიათად თუ ლაპარაკობს ხოლმე ტერორიზმზე ინდოეთში - სხვა რეგიონებში მიმდინარე მოვლენებთან შედარებით. ამიტომთავდასხმელებს, შესაძლოა უბრალოდ, საერთაშორისო მედიის ყურადღების მიპყრობა სურდეთ”.

მსოფლიოს ყურადღება დღეს მართლაც ინდოეთისკენ არის მიპყრობილი: ტერაქტები დაგმეს ევროკომისიამ, შეერთებული შტატების ამჟამინდელმა და არჩეულმა პრეზიდენტებმა, რუსეთის პრეზიდენტმა. თვით ინდოეთში კი მთავრობის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ ყველა საჭირო ზომას მიმართავენ ტერაქტებზე პასუხისმგებელი პირების დასასჯელად. პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინხის თქმით, თავდამსხმელებს დასაყრდენი ეგულებათ ინდოეთის საზღვრებს მიღმა და ინდოეთი შემწყნარებლობას არ გამოიჩენს “მეზობლებისადმი”, რომლებიც თავდამსხმელებს თავშესაფარს აძლევენ.

ინდოეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს, როგორც ცნობილია, მეზობელ პაკისტანთან და, ამასობაში, იქიდან გავრცელდა გამოხმაურება ბომბეის თავდასხმებზე. პაკისტანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანას არანაირი კავშირი არა აქვს ძალადობის ამ აქტებთან.
XS
SM
MD
LG