Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული და რუსული არმიების ბრძოლისუნარიანობა კვლავ სადავოა


გასული კვირის ბოლოს საქართველოსა და რუსეთის

არმიების ბრძოლისუნარიანობა კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამასთან, რაც ძალიან საყურადღებოა, რუსეთის მოუქნელი არმიის რეფორმირების აუცილებლობაზე თავად რუსი მხედართმთავრები ალაპარაკდნენ. საქართველოს არმიის ბრძოლისუნარიანობას კი არადამაკმაყოფილებელი ნიშანი ამერიკელმა ექსპერტებმა და ამერიკულმა მედიამ დაუწერა - თანაც, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამერიკისაგან პირდაპირ სამხედრო დახმარებას ელოდება. რა დასკვნები გააკეთეს რუსმა და ქართველმა მხედართმთავრებმა აგვისტოს ომის შემდე და რას უნდა ნიშნავდეს ამერიკულ მედიაში ქართული არმიის მდგომარეობის უკიდურესად კრიტიკული შეფასება?

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოსთან ხუთდღიან ომში გაიმარჯვა, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები არ მალავენ იმ ხარვეზებს, რაც ოპერაციის დაგეგმვას და წარმოებას ახლდა ცხინვალის მისადგომებთან. რუს მხედართმთავრებზე ადრე ამ ნაკლოვანებებზე ექსპერტები და სამხედრო რეპორტიორები ალაპარაკდნენ. ტელეკომპანია ”როსიას” კორესპონდენტი ალექსანდრ სლადკოვი 9 აგვისტოს ცხინვალთან დაიჭრა 58-ე არმიის სარდალ, გენერალ ხრულიოვთან ერთად. სლადკოვმა რადიო ”თავისუფლებას” უამბო ბრძოლის ის ეპიზოდი, როდესაც 58-ე არმია ქართველ მზვერავთა ჯგუფის ჩასაფრებას წააწყდა:

[ალექსანდრ სლადკოვი] ” ბრძოლა საათ-ნახევარს გრძელდებოდა. ეს იყო საცეცხლე კონტაქტი 5, 10, 20 მეტრის სიახლოვეში. ჯარისკაცები იბრძოდნენ ხელჩართულნი, დანების გამოყენებით. ეს იყო სიტუაცია, როდესაც დაიჭრა ჩვენი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის რამდენიმე ოფიცერი და რიგითები იძულებულნი გახდნენ ასეულთა მეთაურობა ეკისრათ. ასეთ რამეს არც კი მოველოდი. ბრძოლაში დაიწვა 22-დან 5 რუსული სამხედრო მანქანა, დაიღუპა 6 ადამიანი. მაგრამ იყვნენ დიდი რაოდენობით დაჭრილები. ბრძოლა საათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.”

რუსეთის 58-ე არმიის შესახებ ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საკმაოდ ცუდი სურათი შეიქმნა. ქართული ტელევიზიები რუსულ არმიას მაროდიორებისა და ბომჟების არმიად მოიხსენიებდნენ. ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ 58-ე არმია, რომელიც ცხინვალისკენ ქართული ჯარის წინააღმდეგ მოქმედებდა, ვერ გამოირჩეოდა მაღალი დისციპლინითა და ტექნიკური აღჭურვით, მიუხედავად იმისა, რომ მის შემადგენლობაში საუკეთესოთა შორის საუკეთესონი ყოფილან:

[პაველ ფელჰენგაუერი] ”მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ საქართველოში შევიდნენ ჩვენი საუკეთესოთა შორის საუკეთესო ჯარები. ესენი სინამდვილეში იყვნენ ყველაზე კარგი ქვედანაყოფები, რომელიც კი რუსეთის არმიას ჰყავს. პრინციპში, ისინი საკმაოდ დისციპლინირებულნი არიან, თუმცა, ოსეთში განლაგების კვალობაზე, დისციპლინა შეირყა. დაიწყო გაბმული ლოთობა. რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ ცუდი შეიარაღება. ზოგჯერ რუსი ჯარისკაცების დისციპლინაც მოიკოჭლებდა. მაგრამ, მთლიანობაში, რუსეთის იმ ჯარებმა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ, საკმაოდ კარგად იმოქმედეს და ბრძანებებსაც ასრულებდნენ.”

თუკი საუკეთესოთა შორის საუკეთესო რუსეთის არმიას ამდენი ხარვეზები ჰქონდა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მძიმე ვითარებაშია რუსეთის არმია. პაველ ფელჰენგაუერის თქმით, საქართველოსთან ხუთდღიანმა ომმა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თვალი აუხილა. თავდაცვის მინისტრმა სერდიუკოვმა სასწრაფოდ წარმოადგინა არმიის რეფორმირების პროგრამა, რომელზეც რუსეთში მუშაობა 5 წლის წინ დაიწყო. რეფორმები ითვალისწინებს არმიის რაოდენობის ოპტიმიზაციას და გადაიარაღებას. მაგრამ რეფორმები საკმაოდ მტკივნეული იქნება. რუსულ გაზეთ ”ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიეს” ინფორმაციით,
355 ათასკაციანი ოფიცერთა კორპუსი 150 ათასამდე უნდა შემცირდეს. საგრძნობლად - დაახლოებით 3 ჯერ - მცირდება სამხედრო სასწავლებლებისა და აკადემიების რაოდენობა. ამ რეფორმის კვალობაზე 2100 წლამდე არმია მთლიანად პროფესიული უნდა გახდეს, მის პარალელურად კი იარსებებს სავალდებულო რეზერვი, ერთწლიანი გაწვევის ვადით. და, რაც მთავარია, შეიცვლება მართვის ოპერატიული დონე. აქამდე არსებულ ოთხდონიან მმართველობას (სამხედრო ოლქი, არმია, დივიზია და პოლკი) შეცვლის სამდონიანი (ოლქი, ოპერატიული მმართველობა, ბრიგადა). ეს უკანასკნელი კი ძალიან უახლოვდება ქართული არმიის მმართველობის მოდელს. თუმცა მმართველობის ეფექტური მოდელი არ არის ”რეცეპტი მშვიდი ცხოვრებისათვის” და ეს ყველაზე უკეთ სწორედ საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში დაშვებულმა შეცდომებმა ცხადყო.
ამიტომ ჯობს დავტოვოთ რუსეთი თავისი პრობლემებით და არმიული რეფორმებით და ვისაუბროთ იმ სირთულეებზე, რომლებიც რუსეთთან ომმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში რელიეფურად წარმოაჩინა.

მით უფრო, რომ ქართული არმიის პრობლემებზე ლაპარაკობენ არა მხოლოდ ქართველი ექსპერტები და მცირეტირაჟიანი ქართული მედია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ხშირად არც კი უსმენს, არამედ ისეთი ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, როგორიც გაზეთი ”ნიუ- იორკ თაიმსია”. 19 დეკემბრის სტატიაში, პირველ ყოვლისა, საუბარია სწორედ ქართული არმიის მართვის პრობლემაზე. სტატიის ავტორები ეყრდნობიან ევროპული სარდლობის წარმომადგენელ ანონიმ ოფიცერს, რომელიც, სხვა ამერიკელ ოფიცერთან ერთად, ორი თვის განმავლობაში სწავლობდა ქართული არმიის პრობლემებს, თავად საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით. დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ორი თვის წინ იცოდა ამერიკელი ექსპერტების საქართველოში ყოფნის ამბავი და ისიც, რომ მათი დასკვნა ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობაზე უარყოფითი იქნებოდა:

[ირაკლი სესიაშვილი] “შემხვდა ”ნიუ-იორკ თაიმისის” ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელმაც განმიცხადა, რომ მას საუბარი ჰქონდა პენტაგონის ექსპერტებთან და მან, თავის მხრივ, ეს შენიშვნებიც გამიზიარა. შესაძლოა, ამას გარკვეული პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. მე არ მინდა ამით ბრალი დავდო ექსპერტებს, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულნი იყვნენ. მაგრამ იმდენად უკმაყოფილო იყვნენ არსებული სამხედრო მზადყოფნით, რომ [სურდათ], ცვლილებების მოთხოვნა ასევე წამოსულიყო საზოგადოების მხრიდან.”(სტილი დაცულია)


”საქართველოს არმია, რომელმაც აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომი გადაიტანა, განიცდის არაკვალიფიციური მმართველობის პრობლემას და მას თანამედროვე, ბრძოლისუნარიან ძალად ჩამოყალიბებისთვის ფართომასშტაბიანი რეფორმა სჭირდება”, - ნათქვამია ”ნიუ-იორკ თაიმსში” 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს არმია, რომლის გაწვრთნასა და აღჭურვას ამერიკამ 10 წელი მოანდომა, ცუდად მომზადებულია და განიცდის პროფესიონალ მეთაურთა დეფიციტს. უსაფრთხოების ექსპერტ ნიკა ჩიტაძის თქმით, ”ნიუ-იორკ თაიმსის” ავტორებს მხედველობაში არც ოფიცერთა მოხსნა-დაწინაურების მანკიერი პოლიტიკა გამორჩენიათ მხედველობიდან:

[ნიკა ჩიტაძე] ”ძალიან ბევრი სამხედრო მოსამსახურე განათლებას გადის დასავლეთის მოწინავე სამხედრო უმაღლეს სასწავლებლებში. მაგრამ როცა ბრუნდებიან საქართველოში , რატომღაც ისე ხდება, რომ მათთვის შეიარაღებულ ძალებში, როგორც იმ სტატიაშიც იყო საუბარი, ხშირად ყველაფერი წყდება პირადი კონტაქტების საფუძველზე - დანიშვნა თუ არდანიშვნა ამა თუ იმ თანამდებობაზე და ასე შემდეგ.”

”ნიუ-იორკ თაიმსში” ასეთი კრიტიკული პუბლიკაციის გამოჩენა დაემთხვა საქართველოში ატეხილ აჟიოტაჟს ამერიკულ-ქართულ ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, თბილისის მტკიცებით, სწორედ პირდაპირი სამხედრო დახმარება იქნება. შესაბამისად, ბევრი საქართველოში იმაზეც ალაპარაკდა, რომ საქათველო აღარ უნდა ელოდოს მძლავრ ამერიკულ ინვესტიციებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. თუმცა ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ არ ღირს ”ნიუ-იორკ თაიმსის” სტატიის გადაჭარბებული შეფასება:

[ირაკლი სესიაშვილი] ”მე ვფიქრობ, პირიქით. ამ სტატიით შეიძლება იყოს მკაფიო მესიჯი, რომ დახმარება იქნება, მაგრამ დახმარების აღმსრულებლები უნდა იყვნენ პროფესიონალები. დააკვირდით, რომ ძირითადი შენიშვნები კეთდება კომპეტენტურობაზე, პროფესიონალებზე და კადრებზე.”(სტილი დაცულია)

ირაკლი სესიაშვილი კიდევ ერთ აუცილებელ პირობად მიიჩნევს სამხედრო უწყების გახსნილობას და ურთიერთობას მესამე სექტორთან. აუცილებელი არ არის, რომ ნაკლზე და პრობლემებზე ოკეანისგაღმიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა მიგვითითონ და ისიც ამერიკული მედიის საშუალებით, - ამბობენ ქართველი ექსპერტები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე უფრო კარგად გამოიყენებს საქართველოში დაგროვილ გამოცდილებას და ექსპერტულ პოტენციალს.



  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG