Accessibility links

რუსეთის პრესის მიმოხილვა


"თუ მსოფლიო ბეჭდური გამოცემების საშობაო გამოშვებების მიხედვით ვიმსჯელებთ, აგვისტოს ომი საქართველოში გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენათა შორის დასახელდა",

- ასე იწყებს პუბლიკაციას გაზეთი ”ვრემია ნოვოსტეი”, სათურით "4 თვე ომის შემდეგ, ანუ რა მიიღო რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში”.

2008 წელი შედარებით კარგად დაიწყო რეგიონში რუსეთის პოზიციის თვლსაზრისითო, - წერს გაზეთი. - "საქართველოს პრეზიდენტის ვადამდელმა არჩევნებმა 5 იანვარს არ გაამართლა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებული პროგნოზები, მაგრამ მაშინდელი განცხადებები ორივე მხრიდან ურთიერთობის გაუმჯობესების გარკვეულ იმედს იძლეოდა.”
გაზეთის მიხედვით, ამ დროისათვის რუსეთის წინაშე საკმაოდ ამბიციური ამოცანა იდგა და მისი გადაწყვეტის შანსიც არსებობდა - სომხეთის სატრანსპორტო ბლოკადის მოხსნა.

"სომხეთი, ტრადიციულად, განიხილებოდა როგორც რუსეთის მთავარი მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში, - წერს გაზეთი. - არც საქართველო, თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებებით და ტერიტორიული კონფლიქტებით, არც აზერბაიჯანი, თავისი მცდელობებით სულ უფრო დამოუკიდებელი როლი ეთამაშა ენერგორესურსების მოპოვებისა და ტრანსპორტირების სფეროში, ამ როლს არ ესადაგებოდა. სომხეთი კი, თავისი წინააღმდეგობებით თურქეთთან და ყარაბახის კონფლიქტით, იმ ვითარებაშია, რომ მისი ორი მთავარი საზღვარი ჩაკეტილია. ერთადერთი ფანჯარა - რუსეთის საქართველოსთან კონფლიქტის შემთხვევაში - რჩება ირანი, არცთუ საიმედო პარტნიორი ცვალებად გეოპოლიტიკურ სამყაროში.”

პუბლიკაციის მიხედვით, როცა 2008 წლის თებერვალში საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთმა მხარი დაუჭირა სომხეთის პოლიტიკურ ელიტას, მან პირობითად ხელში აიღო სომხეთის რკინიგზის მართვა. იმ დროისათვის, რუსეთს რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაემართა საქართველო- რუსეთის საზღვარზე რეჟიმის შერბილებასთან დაკავშირებით, სომხეთის რკინიგზა საკმაოდ მალე მიუერთდებოდა რუსულ სარკინიგზო და საავტომობილო ხაზებს და ჩრდილო-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების მიერთება არა მხოლოდ გახსნიდა სომხეთს, არამედ ხელს შეუწყობდა სტაბილურობას და კეთილდღეობას მთელ სამხრეთ კავკასიაში.

მაგრამ კოსოვოს აღიარებამ არია ეს არცთუ ურიგოდ დალაგებული პასიანსი, - წერს ”ვრემია ნოვოსტეი”.

”ამის შემდეგ კი, მედვედევის ინაუგურაციის წინ, პუტინმა ხელი მოაწერა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დაწყების დოკუმენტებს. შემდეგ იყო ბუქარესტის სამიტი და საქართველოსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია გაძლიერდა. ამ დროისათვის რუსეთმა ხელიდან გაუშვა სიტუაცია სომხეთში და ზოგადად რუსეთის გავლენა კავკასიაში საკმაოდ შემცირდა”, - წერს გაზეთი.

საბოლოოდ კი სურათი ამგვარიაო - ვკითხულობთ გაზეთში: "ომის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო მეტად მიისწარფვის ნატოსკენ. რუსეთმა საქართველოში მიიღო ორი დოტაციური რეგიონი, რომლებმაც სერიოზულად და დიდი ხნით ჩაკეტეს სამხრეთზე გამავალი გზები. მთელი მათი სტრატეგიული მნიშვნელობა იქ რუსეთის ჯარის განთავსებაა ნატოს გაფართოების საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური ფასი კი - ყოფილი იმპერიის იმიჯი. არის გვერდითი მოვლენებიც - შეკითხვა, რომელიც ხმადაბლა, მაგრამ მაინც ისმის ჩრდილო კავკასიაში: ის, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩეჩნეთისთვის ან ინგუშეთისთვის?”

”დაბოლოს, - წერს გაზეთი, - დმიტრი მედვედევის ვიზიტებმა ბაქოსა და ერევანში არ შეამცირა აგვისტოს ომის შემდეგ რეგიონში გაჩენილი შიში რუსეთის პოლიტიკის მიმართ და მხოლოდ სტიმულად იქცა თურქეთისთვის. 2008 წლის ბოლოსათვის კი გაჩნდა პროგრესი ბაქოს მოლაპარაკებებში ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავკასიის გავლით სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე. 2008 წლის რუსეთის კავკასიური პოლიტიკის საერთო ბალანსი, სამწუხაროდ, არც ისე ბრწყინვალე ჩანს და გაცილებით გაუარესდა, ერთი წლის წინათ არსებულ პერსპექტივებთან შედარებით.”
XS
SM
MD
LG