Accessibility links

logo-print

საქართველოში ეუთოს მისია საქმიანობას წყვეტს


დღეის შემდეგ საქართველოში ეუთოს მისია დახურვის რეჟიმში იმუშავებს. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ საგანგებო პრესრელიზში აღნიშნულია,

რომ საქართველოში მისიის საქმიანობა შეწყდება, რადგან ორგანიზაციის წევრმა 56-მა სახელმწიფომ ვერ მიაღწია კონსენსუსს მისიის მანდატისთვის ვადის გაგრძელების საკითხში. როგორც ცნობილია, ეს რუსეთის ძალისხმევის შედეგია, რომელიც ეუთოსგან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას მოითხოვდა.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისია, რომელიც საქართველოში 16 წლის მანძილზე მუშაობდა, 2009 წლის პირველი იანვრიდან საქმიანობის შეწყვეტის რეჟიმზე გადავა, რამდენიმე თვეში კი მთლიანად დაიხურება. ასეთი პერსპექტივით უკმაყოფილებას ვერ ფარავს ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ტერი ჰაკალა:

[ტერი ჰაკალას ხმა] ”ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც აქ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი... თანაც, ეუთოს მისია საქართველოში ბრწყინვალედ მუშაობდა მთელი ამ წლების მანძილზე... საქართველოში მუშაობს ევროკავშირის უზარმაზარი მისია და, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სწორედ ევროკავშირი თავის თავზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებს და გააგრძელებს საქმეს, რომელსაც ეუთო აკეთებდა.”

შეგახსენებთ, რომ ეუთოს მისიის ბედი საქართველოში ერთპიროვნულად გადაწყვიტა რუსეთმა. ის ერთადერთია ორგანიზაციის 56 წევრ ქვეყანას შორის, რომელმაც 22 დეკემბერს ეუთოს მისიისთვის მანდატის ძველებური ფორმით გაგრძელებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მოსკოვის პოზიციის მიხედვით, ”სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მანდატის გაგრძელება უკანონოა.შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ეუთოში ჯუდი ფინლიმ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია გადამწყვეტი აღმოჩნდა:

[ჯუდი ფინლის ხმა] "რუსები ძალიან მედგრად ეწინააღმდეგებოდნენ ამ მანდატის გაგრძელებას, მისი ამჟამინდელი სახით. ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ რუსეთი მოითხოვდა, მანდატიდან ამოღებულიყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ყოველგვარი ხსენება, რადგან ეს ცალკე ერთეულებია, ცალკე ტერიტორიებია და იქ მოქმედი ნებისმიერი მისია ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს. არადა, ამ საკითხს ასე მხოლოდ რუსეთი და ნიკარაგუა უყურებენ!"

მომხდარის გამო სინანული გამოთქვა ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ ალექსანდრ სტუბმაც, ორგანიზაციის პრესმდივანმა მარტინ ნესირკიმ კი განაცხადა, რომ არსებობს საქართველოში ეუთოს მისიის ხელახლა გახსნის თეორიული შესაძლებლობა:

[მარტინ ნესირკის ხმა] „ეს ეუთოს წევრი 56 ქვეყნის გადასაწყვეტია. რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ საბერძნეთი, რომელიც იანვარში ფინეთისგან გადაიბარებს ეუთოს თავმჯდომარეობას, ფინეთივით მოწადინებულია და ყველაფერს იღონებს საიმისოდ, რომ ეუთომ რეგიონში საქმიანობა გააგრძელოს.”

სხვაგვარ აზრს გამოთქვამს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია. მისი განცხადებით, პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა მოხერხდება, თითქმის ნულის ტოლია:

[ვახტანგ მაისაიას ხმა] „პრინციპში, თეორიულადაც გამორიცხულია, იმიტომ რომ რუსეთს გააჩნია განსხვავებული მიდგომა და რუსეთს ეყოლება მხარდამჭერი ქვეყნებიც. მეორეც, არა მგონია, საბერძნეთის თავმჯდომარეობის პერიოდშიც რაიმე აქტიური ნაბიჯები გადაიდგას. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ის ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოოს რუსეთთან.“ (სტილი დაცულია)

საქართველოში იმედოვნებენ, რომ ეუთოს როლს ევროკავშირის მისია შეითავსებს და აქტიურად ჩაერთვება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში.
XS
SM
MD
LG