Accessibility links

რუსეთის საახალწლო სიურპრიზს - გაზის გადაკეტვას - უკრაინამ ენერგეტიკოსების ევროპაში მივლინებით უპასუხა


უკრაინის დელეგაციამ, რომელიც ენერგოსექტორის მაღალჩინოსნებით არის დაკომპლექტებული, დაიწყო მოგზაურობა ევროკავშირის ქვეყნებში.

ამ ტურნეს ფარგლებში უკრაინის დელეგაცია ცდილობს მოიპოვოს ევროკავშირის მხარდაჭერა რუსეთთან გაზის გარშემო დავის საკითხში. 1 იანვრიდან რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა - მას შემდეგ, რაც მხარეებმა გაზის ტარიფთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტარიფზე დავა ძველი ამბავია. უკრაინას საახალწლოდ გაზის მიწოდებას რომ შეუწყვეტდა, ამით რუსეთი ზუსტად 3 წლის წინაც იმუქრებოდა. სამი წლის წინანდელი ინციდენტი ორ დღეში ამოიწურა. უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო მაშინ ევროკავშირში შეშფოთება გამოთქვეს, განსაკუთრებით საფრანგეთმა და იტალიამ: ენერგორესურსების ერთი მეოთხედი ხომ ამ ქვეყნებს რუსეთიდან უკრაინის გავლით მიეწოდება! 3 წლის წინანდელი ინციდენტი ისევ განმეორდა. რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება ამ საახალწლოდაც შეუწყვიტა. ძნელი სათქმელია რამდენ ხანს გასტანს ინციდენტი. ეს არის, რომ ძლიერი ყინვების პირობებში უკრაინაში გაზის გადაკეტვის შედეგები ჯერ არ იგრძნობა - უკრაინის რეზერვები, სპეციალისტების განმარტებით, საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანამ გარკვეული პერიოდი რუსული გაზის გარეშე ჩვეულ რეჟიმში არსებობა შეძლოს.

ტარიფთან დაკავშირებით პოზიციები ასეთია: რუსული "გაზპრომის" განცხადებით, რადგან უკრაინა არ დათანხმდა შეღავათიან წინადადებას, 250 დოლარს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში, 2009 წლიდან გაზს ევროპულ ფასებში მიიღებს. ევროპულ ფასებში კი იგულისხმება 418 დოლარი 1000 კუბურ მეტრში. უკრაინისთვის მისაღები ფასი 204-210 დოლარს შორის მერყეობს. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ უკრაინისთვის გაზის ტარიფის გაზრდას, ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტზე ფასის გაზრდა მოჰყვება:

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "რუსეთის გაზის საფასური უკრაინისთვის 30 პროცენტით იზრდება. შესაბამისად უნდა შეიცვალოს ჩვენი სატარიფო პოლიტიკაც. 100 კუბური მეტრის გატარება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთს 30 პროცენტით ძვირი დაუჯდება."

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი კი უკრაინისთვის ბუნებრივი აირის ევროპულ ფასებში მიწოდებას თუ დასაშვებად მიიჩნევს, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის გაზის ტრანზიტზე ფასის შესაძლო გაზრდაზე ლაპარაკს არაკორექტულს უწოდებს:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა გვაცნობეს, რომ უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე კონტრაქტის გაუფორმებლობა იმოქმედებს რუსეთის ტრანზიტზე ევროპის მიმართულებით. ასე საკითხის დასმა არაკორექტულია. რუსეთსა და უკრაინას შორის არსებობს კონტრაქტი ტრანზიტთან დაკავშირებით, მისი ვადა 2010 წლის 31 დეკემბერს იწურება და ამ კონტრაქტის პირობები გადახედვას არ ექვემდებარება."

უკრაინის დელეგაციამ ევროკავშირში საკუთარი პოზიციის ახსნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ მირეკ ტოპოლამეკთან შეხვედრით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან ჩეხეთი ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარეა. უკრაინის დელეგაციამ ჩეხეთის მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ - რუსეთთან მოლაპარაკებისა და, რაც მთავარია, ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებით უკრაინის პოზიციის შესახებ. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ განხილული იქნება გაზის ტარიფთან დაკავშირებით სადავო მოლაპარაკებებში ევროპელი სპეციალისტების ჩართვის საკითხი. უკრაინის დელეგაცია ჩეხეთიდან სლოვაკეთში გაემგზავრა.

უკრაინისთვის გაზის გადაკეტვაზე მსჯელობისას ექსპერტები ინციდენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზეზებს განიხილავენ. ზოგიერთი მათგანი დაასკვნის, რომ, 2006 წლის ინციდენტისგან განსხვავებით, კრემლის გადაწყვეტილება ამჯერად, შესაძლოა, უფრო ეკონომიკური მოტივაციისა იყოს, ვიდრე პოლიტიკურის.

"თუ მაშინ კრემლის მიზნად დასავლეთზე ორიენტირებული კიევის დაჩოქება იკვეთებოდა, ახლა უპირველესი მიზანი, შესაძლოა, იყოს რუსეთის ბიუჯეტში შექმნილი მძიმე პრობლემის რამენაირად შემსუბუქებაო”, - წერს ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი. ნავთობზე ფასის მკვეთრმა დაცემამ ენერგოსექტორზე ორიენტირებული რუსეთის ეკონომიკა კრახამდე მიიყვანა. ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში გასაკვირი არაა, რომ მოსკოვი კიდევ უფრო აქტიურობს მოთხოვნით, უახლოესმა მეზობლებმა გაზში ევროპული ფასი გადაუხადონ.

უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა. იუშჩენკოს "გაზპრომთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება 7 იანვრამდე სურს - აცხადებს, რომ შესაძლებელია ურთიერთკომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება. უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, რაც ახალი წლის დადგომასთან ერთად მოხდა, უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა დასავლეთის ლიდერებს წერილით, რომელშიც განმარტავს, რომ გაზის ტარიფთან დაკავშირებით რუსეთთან მძიმე მოლაპარაკებებში უკრაინა ითვალისწინებდა არსებულ შეთანხმებებს და ორმხრივ ვალდებულებებს. ვიქტორ იუშჩენკო ხაზგასმით აცხადებს, რომ, ამ შეთანხმებებით, დასაშვებია როგორც გაზის, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის საფასურის განსაზღვრა ერთმანეთთან მორიგების გზით.
XS
SM
MD
LG