Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ტყვეობაში მყოფი ქართველი ჟურნალისტის ნაამბობი


ცხინვალის რეგიონში ქართულ-რუსული ომიდან თითქმის 6 თვე გავიდა.

ამ ხნის განმავლობაში რადიო ”თავისუფლება” ამ ომის შესახებ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების აზრს გაცნობდათ, მათ შორის - ქართველი და რუსი ჟურნალისტებისას, რომლებიც ფრონტის ორივე ხაზიდან აკვირდებოდნენ საომარ მოქმედებას. ამჯერად კი სიტყვას იმ ქართველ ჟურნალისტს დავუთმობთ, ვინც ცხინვალში ტყვეობაში სამი დღე დაყო და ჭრილობებს დღემდე იშუშებს. სამხედრო პროგრამის სტუმარია საქართველოში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთ ”მესინჯერის” ჟურნალისტი თემურ კიღურაძე.

”მესინჯერის” ჟურნალისტი თემურ კიღურაძე ცხინვალის რეგიონში 8 აგვისტოს გაემგზავრა. მანქანაში მასთან ერთად ისხდნენ გაზეთის ამერიკელი რედაქტორი უინსტონ ფეზერლი, ტელეკომპანია ”ალანიას” რედაქტორი გიგა ჩიხლაძე და ფოტოგრაფი საშა კლიმჩუკი. როგორც თემური იხსენებს, ცხინვალში შესვლა მათ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქართული ჯარი ცხინვალს სრულად აკონტროლებს. თუმცა 8 აგვისტოს, შუადღის 3 საათზე, ცხინვალში შესულ ჟურნალისტებს სულ სხვა სურათი დახვდათ.

[თემურ კიღურაძე: იხ. აუდიოვერსია]

გინების შემდეგ ცხინვალის შესასვლელთან მდგარმა სამხედროებმა, რომლებიც ოსური ფორმირების წევრები აღმოჩნდნენ, ჯერ ჰაერში დაიწყეს სროლა, მერე კი, როცა ჟურნალისტებმა გაქცევა დააპირეს, თემურ კიღურაძის თქმით, მათზე უკვე ტყვიამფრქვევის ცეცხლი მიუშვეს.

[თემურ კიღურაძე: იხ. აუდიოვერსია]


ადგილზე დაიღუპნენ ტელეკომპანია ”ალანიას” ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძე და ფოტოგრაფი საშა კლიმჩუკი. ჩემი თანამოსაუბრე, გაზეთ ”მესინჯერის” კორესპონდენტი თემურ კიღურაძე და მისი რედაქტორი უინსტონ ფეზერლი კი ოსმა სამხედროებმა ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თემური მხარში იყო დაჭრილი და მას ცხინვალის საავადმყოფოში სამ დღეს მკურნალობდნენ. თუმცა საავადმყოფოში გადაყვანამდე ოსმა სამხედროებმა ის სცემეს და ფული და აპარატურა წაართვეს. თემური და მისი რედაქტორი საავადმყოფოში ინგლისურად ლაპარაკობდნენ, თუმც ესმოდათ ყველაფერი, რასაც ჰყვებოდნენ მათთან ერთად მყოფი დაჭრილი ოსი ”პარტიზანები”.

[თემურ კიღურაძე: იხ. აუდიოვერსია]

თემურ კიღურაძის თქმით, ცხინვალის საავადმყოფო იბომბებოდა ქართული არტილერიის მიერ, რის გამოც მთელი დაჭრილების ვლადიკავკაზში გადაყვანა გადაწყდა. 11 აგვისტოს თემური და მისი ამერიკელი კოლეგა ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, სადაც ისინი ერთმანეთს დააშორეს - ამერიკელი უინსტონ ფეზერლი დახურულ სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, მხარში დაჭრილი თემურ კიღურაძე კი - პოლიციის ქვეგანყოფილებაში, სადაც ჟურნალისტს ქართული წარმოშობის ვლადიკავკაზელმა პოლიციელმა უპატრონა.

[თემურ კიღურაძე: იხ. აუდიოვერსია]

თემურ კიღურაძე, ”მესინჯერის” ჟურნალისტი, ცხინვალში ტყვედ აყვანის დროს მიღებული ჭრილობის გამო მარჯვენა ხელს ჯერ კიდევ ვერ ამუშავებს კარგად, თუმცა ჟურნალისტურ მუშაობას აგრძელებს და აპირებს პატარა წიგნიც დაწეროს ტყვეობაში ნანახისა და განცდილის შესახებ. ამ წიგნში, ალბათ, შევა ერთი ეპიზოდი, რომელიც თემურ კიღურაძემ ექსკლუზიურად რადიო ”თავისუფლებას” უამბო:

[თემურ კიღურაძე: იხ. აუდიოვერსია]
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG