Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გამოიწვევს აშშ-ის მიერ ანტისარაკეტო ფარზე შესაძლო უარის თქმა ევროპის უსაფრთხოებისათვის


6 მარტს ჟენევაში ერთმანეთს შეხვდებიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მანამდე კი დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეაჩერა გადაწყვეტილება, განალაგოს საჰაერო თავდაცვითი ძალები აღმოსავლეთ ევროპაში. ლაპარაკია ე.წ. ”მესამე პოზიციურ რაიონზე”, რომელსაც საიმედო ანტისარაკეტო ფარი უნდა შეექმნა ევროპის კონტინენტზე. სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” საუბარი იქნება ამერიკის ანტისარაკეტო პროექტის ტექნიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე როგორც ევროპული უსაფრთხოების, ისე საქართველოსათვის, სადაც ხშირად ჩნდება სპეკულაციები ამერიკული რადარების შესაძლო განლაგებაზე კავკასიონის ქედთან.

გასულ კვირაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ სააგენტო ”როიტერს” განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გადაუწყვეტია, განათავსებს თუ არა საჰაერო თავდაცვის ობიექტებს პოლონეთსა და ჩეხეთშიო. სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ოფისიდან გამოსულ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ”ბარაკ ობამას ადმინისტრაციას სხვა პირველი რიგის პრიორიტეტები აქვს გადასაწყვეტი”. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი, ეკონომიის მიზნით, აპირებს გადახედოს მთელ შეიარაღების პროგრამებს და უარი თქვას ძვირად ღირებულ პროექტებზე. სტრატეგიის ექსპერტ კახა კაციტაძის თქმით, ეს განცხადებები არ ნიშნავს, რომ ამერიკა საბოლოოდ უარს ამბობს ანტისარაკეტო პროგრამაზე ევროპაში, თუმცა ე.წ ”მესამე პოზიციური რაიონის” საკითხი, შესაძლოა, სტრატეგიული თვალსაზრისით ძალადაკარგულად ჩაითვალოს. კახა კაციტაძე პირველ მიზეზად ახალ პოლიტიკურ მიდგომას ასახელებს.

[კახა კაციტაძე] იხ. აუდიოვერსია

კახა კაციტაძის თქმით, ვაშინგტონს ეფექტიანი დიპლომატიის გამოყენებით სურს დრო მოიგოს და, არშემდგარი ”მესამე პოზიციური რაიონის” ნაცვლად, ირანიდან მომავალი საფრთხე უკვე არსებული ანტისარაკეტო სისტემების დახვეწით შეძლოს.

[კახა კაციტაძე] იხ. აუდიოვერსია

ვაშინგტონი სხვა მიზეზითაც აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განლაგების თაობაზე. ეს არის რუსეთის ფაქტორი, რუსეთისა, რომელსაც ძალიან აღიზიანებდა ევროპაში ”მესამე პოზიციური რაიონის” მშენებლობა. საკუთრივ ამერიკული საჰაერო თავდაცვითი სისტემების ან ”მესამე პოზიციური რაიონის” მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი თითქმის 6 წლის განმავლობაში ამზადებდა. სწორედ 2002 წელს გამოვიდა შეერთებული შტატები სტრატეგიული ანტისარაკეტო თავდაცვის ხელშეკრულებიდან, რომელიც 1972 წლის მაისიდან მოქმედებდა. პენტაგონის რაკეტსაწინააღმდეგო სააგენტოს თანახმად, პერსპექტივაში ”მესამე პოზიციური რაიონი” დაკომპლექტდებოდა პოლონეთში განლაგებული 10 გზაგადამჭრელი რაკეტით და ერთი რადარით, რომელიც ბინას ჩეხეთში დაიდებდა.

პროექტის განხორციელება 2009 წლისთვის იგეგმებოდა, რისთვისაც პენტაგონმა 5 მილიარდი დოლარი ითხოვა. მომდევნო წლებში კი, 2024 წლამდე, მთელ პროექტზე 20 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯულიყო. ბუნებრივია, ასეთი პროექტის შეჩერება ფინანსურად და პოლიტიკურად, შესაძლოა, წამგებიანი იყოს პოლონეთისა და ჩეხეთისათვის. თუმცა სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის კახა კაციტაძის თქმით, ვაშინგტონი, სავარაუდოდ, კომპენსაციის სხვა ფორმებით ეცდება მოკავშირეების გულის მოგებას.

[კახა კაციტაძე] იხ. აუდიოვერსია

ამერიკის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემების განლაგებაზე შესაძლო უარის შესახებ მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ თავისებური გამოხმაურება პოვა საქართველოში, სადაც ხშირად ჩნდება სპეკულაციები ამერიკული რადარებისა თუ ამერიკული სამხედრო ბაზების შესაძლო განლაგებაზე კავკასიონის ქედთან. თუმცა, ჩვენში გავრცელებული ტრადიციის თანახმად, ქართული პრესა უფრო მეტად იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რას მოუტანს საქართველოს ამერიკის ანტისარაკეტო სისტემების განლაგება, ვიდრე იმისას, თუ თავად საქართველო რამდენად არის ე.წ. ”მესამე ევროპული პოზიციის” ალტერნატივა. სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, პროფესორ კახა კაციტაძის თქმით, საქართველო ამერიკული რადარებისათვის, სტრატეგიული თავლსაზრისით, აბსოლუტურად გამოუსადეგარია.

[კახა კაციტაძე] იხ. აუდიოვერსია

თებერვლის დასაწყისში საქართველოს ელექტრონული მედია ასევე ამტკიცებდა, ყირგიზეთის ბაზის დახურვის შემდეგ ამერიკის სამხედრო ბაზა, შესაძლოა, მანასის ნაცვლად, საქართველოში განლაგდესო. თუმცა, კახა კაციტაძის თქმით, ამ შემთხვევაშიც გათვლა პიარ-ეფექტზე კეთდება და არა საქმის არსზე.

[კახა კაციტაძე] იხ. აუდიოვერსია

ერთადერთი გზა, რითაც ნატოს ძალებს შეუძლიათ ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით, საჰაერო სივრცეა. საქართველომ, ნატოს 2005 წლის კანონით, ნება დართო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გამოიყენოს საქართველოს საჰაერო დერეფანი ავღანეთის მიმართულებაზე. თუმცა უცნობია იყენებს თუ არა ქართულ დერეფანს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნატოს ავიაცია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG