Accessibility links

”ფრიდომ ჰაუსის” დასკვნით, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში საგანგაშოდ ირღვევა ადამიანის უფლებები


სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონი, კიდევ 3 ტერიტორიასა და 17 ქვეყანასთან ერთად, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ”ყველაზე ცუდ” ტერიტორიად სახელდება.

ამგვარი შეფასება მოცემულია ”ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიური ანგარიშის ამონარიდში, რომელიც განმარტავს, თუ სად არის ”ყველაზე ცუდი” ვითარება ადამიანთა თავისუფლების თვალსაზრისით. აქვე შეგახსენებთ, რომ ავტორიტეტიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2008 წლის იანვარში გამოაქვეყნა სრული მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც, საქართველო კვლავ ”ნახევრად თავისუფალი” ქვეყნების რიგში რჩება. თუმცა, გარკვეული კუთხით, გამოვლინდა გაუარესების ტენდენციაც.

არათავისუფალ ქვეყნებს შორის, სადაც, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, ყველაზე ცუდად არის საქმე, სახელდება მაგალითად: ჩრდილოეთ კორეა, სომალი, ბირმა, სუდანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ბელორუსია, ჩინეთი, კუბა და სირია; ხოლო ცალკეულ ტერიტორიებს შორის - ჩეჩნეთი, ტიბეტი, დასავლეთ საჰარა და სამხრეთ ოსეთი. ჩამოთვლილ ქვეყნებში და ტერიტორიებზე მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ერთნაირია: იზღუდება თავისუფალი აზრი და არჩევანის თავისუფლება; იდევნება და ისჯება თითქმის ყველა, ვინც ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკას გაბედავს.

ვითარება ადვილი წარმოსადგენია, მაგრამ კონკრეტული დეტალები უცნობია თბილისისთვის, რადგანაც აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში მოქმედ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან ყველანაირი კონტაქტი გაწყდა. საკონტაქტო პირები დაკარგა ელენე თევდორაძემაც, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ:

(თევდორაძის ხმა) ”...ზუსტ ინფორმაციას იქიდან, როგორც პირველწყაროდან, ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვღებულობთ... რაც ეხებათ უცხოელებს, რომლებიც ჩადიან იქ არასაქართველოს დარჩენილი ტერიტორიის გავლით - სამწუხაროდ, მერე ისინი არ ბრუნდებიან, რომ ჩვენ პირდაპირ მოგვახსენონ სიტუაცია... ერთადერთი პიროვნება ეს არის უმაღლესი კომისარი ბატონი ტომას ჰამარბერგი, რომელიც აუცილებლად, როგორც კი ჩადის ადგილებზე, ჩამოდის მერე თბილისში და გვაძლევს პირდაპირ ინფორმაციას... დანარჩენს კი ჩვენ ვღებულობთ ისე, როგორც ავრცელებენ... ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ჩვენ ყველაფერს ვღებულობთ კომპიუტერით, ტელევიზიით და წერილობითი მასალებით.” (სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძეს მიაჩნია, რომ საქართველომ ყველა შანსი უნდა გამოიყენოს სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები თავისი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მოსაპოვებლად.

დავუბრუნდეთ ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშს, სადაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ”ყველაზე ცუდთა” შორის მხოლოდ სამხრეთ ოსეთია მოხსენიებული. ასეთ საგანგებო ყურადღებას პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა იმით ხსნის, რომ სამხრეთ ოსეთი 2008 წლის მანძილზე განსაკუთრებით ცხელ წერტილად იყო მიჩნეული. თორემ ვითარება უკეთესად არც აფხაზეთშია. კვაშილავა ამბობს, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში აგვისტოს შემდეგ თავისუფლების შეზღუდვის საგანგებო მექანიზმი ამოქმედდა:

(კვაშილავას ხმა) ”2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ არამცთუ ჩვეულებრივ ოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოთქმა, ძნელი სათქმელია, თავად კოკოითიც თუ ახერხებს საკუთარი პოლიტიკის გატარებას; გამომდინარე იქიდან, თუ როგორ შეიცვალა სიტუაცია მოცემულ ტერიტორიაზე... იგივე შეიძლება ითქვას სერგეი ბაღაფშის მთავრობასთან მიმართებითაც... ანუ აგვისტოს ომის შემდეგ ამ ორივე ტერიტორიამ და მათმა დე ფაქტო მთავრობებმა, შეიძლება ითქვას, რომ დაკარგეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი თავიანთი თავისუფლებისა. ისინი უკვე მთლიანად არიან დამოკიდებული რუსეთზე, ვინაიდან საქართველო, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გავლენას უკვე ვეღარ ახდენს ამ ტერიტორიებზე.” (სტილი დაცულია)

რუსეთი, როგორც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებათა მთავარი დამრღვევი, ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში ნახსენები არ არის. თუმცა ამ ანგარიშში რუსეთს თავად აქვს მინიჭებული ”არათავისუფალი” ქვეყნის სტატუსი, რაც ადამიანის უფლებებისადმი მის ზედმიწევნით გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. აქვე გავიხსენოთ, თუ რას წერს ”ფრიდომ ჰაუსი” საქართველოს შესახებ.

ანგარიშით, რომელიც 2008 წლის მონაცემებზე დაყრდნობით არის მომზადებული, საქართველოს ისევ ნახევრად თავისუფალი ქვეყნის სტატუსი ერგო. მაგრამ სტატუსი შარშან გაუარესდა იმ მხრივ, რომ ქვეყანა აღარ ითვლება არჩევით დემოკრატიად. ამას კი ”ფრიდომ ჰაუსი” იმის მიხედვით საზღვრავს, თუ რამდენად უზრუნველყოფილია ამა თუ იმ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის ვარდნა ნაწილობრივ განსაზღვრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილში ავტორიტარული ტენდენციების ზრდამ.

”ფრიდომ ჰაუსი” გასული ორი წლის ყველაზე შემაშფოთებელ მოვლენებს მიაკუთვნებს საქართველოს ”არამდგრად კურსს”, რის გამოვლინებებადაც მიიჩნევს, მაგალითად, 2007 წლის საგანგებო მდგომარეობასა და აგვისტოს ომს რუსეთთან.
XS
SM
MD
LG