Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში ჩეხეთის გაწევრიანების 10 წლისთავი აღნიშნეს და ალიანსში საქართველოს მიღებაზეც ისაუბრეს


ზუსტად ათი წლის წინ ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნები - ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატოს, წევრები გახდნენ.

ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა პრაღაში გამართული ნატოს კონფერენცია. მასზე ალიანსის 10 წლის წინანდელი გაფართოებით მიღებულ შედეგებსა და სამომავლო გაფართოების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხს. ალიანსის იუბილარი წევრების წარმომადგენლების ნაწილი სულაც არ ემხრობა უკრაინისა და საქართველოს მიღებას.

ვარშავის ხელშეკრულების ბლოკის დაშლისთანავე მისმა ყოფილმა წევრმა ქვეყნებმა - ჩეხეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა - მოწინააღმდეგე ბლოკში, ნატოში, გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს და ისინი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 1997 წელს მიიწვიეს, ორიოდე წლის შემდეგ კი, 1999 წელს, ნატოს ბლოკის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ეს ნაბიჯი აიხსნება ამ ქვეყნების სურვილით, უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

მსგავსი სურვილი უკრაინასთან ერთად საქართველოსაც ამოძრავებს. მაგრამ ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა პრობლემად იქცა როგორც თავად ქვეყნისთვის, ასევე ნატოს ალიანსისთვისაც. საქმე ისაა, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ნატოში შესვლას და თავად ალიანსის წევრების ნაწილსაც არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება.

ნატოში ჩეხეთის რესპუბლიკის მიღების მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, პრაღაში, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ნატომ ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მისი თქმით, ამ გამოწვევათა შორისაა: მისია ავღანეთში, ნატოს ურთიერთობა რუსეთთან, ასევე, კიბერდანაშაული, ენერგეტიკის უსაფრთხოება და მეკობრეობა:

[სხეფერის ხმა]
"ნიშნავს ეს, რომ ერთმანეთს ვეთანხმებით საქართველოსთან დაკავშირებით? არა. ნიშნავს ეს, რომ ვთანხმდებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას? არა. ნიშნავს ეს, რომ ჩვენთვის მისაღებია რუსეთის სურვილი, სამხედრო ბაზები ააშენოს საქართველოს ამ ორ ნაწილში, რაც უშიშროების საბჭოს 23 რეზოლუციით არის დადასტურებული? სრულიადაც არა. მოდი, ამაზე ვილაპარაკოთ ნატო-რუსეთის საბჭოზე. ვნახოთ, სად შეგვიძლია თანამშრომლობა და ერთად მუშაობა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ არც იმ საკითხების განხილვა და დისკუსია, რომლებშიც ფუნდამენტურად განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს."

ის, რომ ჯერჯერობით ალიანსის წევრ ქვეყნებს უჭირთ საქართველოსა და უკრაინის მიღების საკითხზე შეთანხმება, რუსეთის ფაქტორის გარდა, ამ ქვეყნებზე არსებული წინააღმდეგობრივი წარმოდგენების შედეგიცაა.

ნატოში ჩეხეთის რესპუბლიკის გაწევრიანების 10 წლის იუბილეზე ამ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა მილოშ ზემანმა ასეთი განცხადება გააკეთა:

[ზემანის ხმა]
"ნამდვილად გსურთ, ნატოში იხილოთ ქვეყანა, რომელსაც სათავეში უდგას პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკაში მისი გმირები არიან იოსებ ბესარიონის ძე სტალინი და ლავრენტი ბერია? პრეზიდენტი, რომელსაც ჯერ კიდევ ორი წლის წინათ აკრიტიკებდნენ ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის შევიწროებისთვის? ნამდვილად გსურთ, ნატოში იხილოთ ქვეყანა, სადაც ორი თუ სამი დაჯგუფები ერთმანეთს ებრძვის გაზის ტრანზიტისთვის მიღებული შემოსავლის მისაკუთრებისთვის? ქვეყანა, რომელიც ელემენტარულ შეთანხმებებსაც ვერ იცავს? ნამდვილად გგონიათ, რომ ამ ქვეყნის მიღება ხელს შეუწყობს ჩვენი, ხაზს ვუსვამ, ჩვენი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტაბილურობას?"

ეს განაცხადა იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, რომელმაც 1968 წელს მოსკოვის მხრიდან ღია სამხედრო აგრესია განიცადა და ათწლეულების მანძილზე კომუნისტური სისტემის მარწუხებში ცხოვრობდა. ზემანის განცხადება უპასუხოდ არ დატოვა ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაირა ვიკე-ფრაიბერგამ - იმ ქვეყნის წარმომადგენელმა, რომელიც კვლავაც გრძნობს მოსკოვიდან მომავალ რეალურ საფრთხეს.

[ვაირა ვიკე-ფრაიბერგა]
”რასაკვირველია, სრული უაზრობაა იმის თქმა, თითქოს პრეზიდენტ სააკაშვილს გმირებად მიაჩნდეს სტალინი და ბერია. მე ვიცნობ ამ კაცს, მიმუშავია მასთან, როცა ლატვიის პრეზიდენტი ვიყავი, და აქ პროტესტს ვაცხადებ მისი სახელით.”

ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილოშ ზემანი თავის მართლებას შეეცადა და პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლის სანდრა რულოვსის, თითქოსდა ”ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებული, ინტერვიუ მოიშველია.

აქვე დავძენ, რომ ჩეხეთის ამჟამინდელი მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.

ბოლო გამოკითხვები კი ცხადყოფენ, რომ ჩეხეთის მოსახლეობა მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ ემხრობა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას. გამოკითხულთა შორის მომხრეების რაოდენობა მხოლოდ 28 პროცენტია.

ნატოს გაფართოების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების უფრო მაღალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობაში. მათ უმრავლესობას არ სურს საომარ მოქმედებებში ან კონფლიქტში თუნდაც ნატოს ახალი წევრი ქვეყნების დასაცავად ჩაერთოს.

ამ განწყობას კარგად გრძნობენ ვაირა ვიკე-ფრაიბერგას სამშობლოში, ლატვიაში, და ბალტიისპირეთის სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც, ლიტვასა და ესტონეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სხვა სახელმწიფოში. ისინი შიშობენ, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების სანაცვლოდ მათი ინტერესები დაზარალდება.
ასეთი სკეპტიციზმი გაჩნდა საქართველოშიც, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება, ხოლო ნატომ რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერებული ურთიერთობის აღდგენა გადაწყვიტა.

დღეს რადიო ”თავისუფლებას” სტუმრობდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აშშ-ის ელჩი კურტ უოთკერი, რომელიც ნატოში ჩეხეთის გაწევრიანების საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობდა. მისი თქმით, ახლა ნატოში მის წევრებს შორის არსებულ უთანხმოებათა მოგვარებისა და კონსოლიდაციის პროცესი დაიწყო და ეს წინააღმდეგობაში არ მოდის ალიანსის გადაწყვეტილებასთან იმის თაობაზე, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდნენ.
XS
SM
MD
LG