Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ფორუმი მსოფლიოში წყლის რესურსებზე მსჯელობს


მსოფლიოს 130 ქვეყნის წარმომადგენლები - ოფიციალური პირები, მეწარმეები, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები - შეიკრიბნენ სტამბოლში

წყლის რესურსებზე სალაპარაკოდ. ასეთი საერთაშორისო ფორუმები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება და ასახავს ვითარების, ბევრის შეფასებით, სულ უფრო გაუარესებას. ბოლო მონაცემებით, წყლით მომარაგების მხრივ, პრობელმები აქვს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს, აქედან მილიარდ ადამიანს ხელი არ მიუწვდება სუფთა წყალზე. ეს მონაცემები სტამბოლში წყლის V მეხუთე ფორუმის გახსნისას მოიყვანა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა.

მსოფლიოში წყალზე მოთხოვნა იზრდება, მაშინ როცა ბევრგან მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება სასმელ წყალზე, ან რიგიან სანიტარულ პირობებზე. იმავდროულად იზრდება წყლის რესურსების გარშემო კონკურენცია - იქნება ეს მეზობელ ქვეყნებს, ქალაქისh და სოფლის მოსახლეობას თუ წყლის სოფლის მეურნეობასა და სხვა მიზნით გამოყენების მსურველთა შორის.

ამ ყველაფერს - თავისთავად რთულ, კომპლექსურ საკითხებს - როგორც სტამბოლში დღეს გახსნილ კონფერენციაზე ითქვა, ახლავს დამატებითი პრობლემა: ძნელია პოლიტიკური ლიდერების დარწმუნება, იზრუნონ წყლის რესურსებზე მაშინ, როცა მათი ყურადღება გლობალური ფინანსური კრიზისის მოგვარებისკენაა მიმართული.

აი, რა უთხრა წყლის ფორუმის გენერალურმა მდივანმა ოქტაი ტაბასარანმა სტამბოლის ერთკვირიანი შეკრების მონაწილეებს: [ტაბასარანის ხმა] “თქვენი ამოცანაა გადაწყვეტილებების მიმღებთ აჩვენოთ ამ სფეროში წინსვლის მიღწევის შესაძლებლობა, რათა წყლის ხმაური არ ჩაახშოს მოწოდებებმა გლობალური ეკონომიკური პრობლემის მოგვარებისაკენ. თქვენი ამოცანაა შექმნათ საფუძველი იმისთვის, რომ წყალს ჰქონდეს მომავალი და წყალი ჰქონდეთ მომავალ თაობებს”.

ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გაეროს ანგარიშს სახელწოდებით “წყალი ცვალებად მსოფლიოში”, რომელიც სტამბოლის შეკრებისთვის მომზადდა და რომელიც მსოფლიოში სასმელი წყლის რესურსების მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს. მასში გამოთქმული შეფასებით, მსოფლიოში მოსახლეობის მატებისა და კლიმატური ცვლილებების შედეგად, სასმელი წყლის მარაგი ეკოლოგიურად არარაციონალური ტემპით იხარჯება. და თუ ამ პროცესის წინააღმდეგ ეფექტიან ზომებს არ მიმართეს, ის მსოფლიოს პოლიტიკურ დესტაბილიზაციამდე, კონფლიქტებამდე მიიყვანს.

მსოფლიოს მოსახლეობა - ამჟამად 6,6 მილიარდი ადამიანი, წელიწადში 80 მილიონით იზრდება, რაც ნიშნავს, რომ 2050 წლისთვის 3 მილიარდით იქნება გაზრდილი. ამ ადამიანების 90 პროცენტი კი განვითარებად ქვეყნებში იცხოვრებს, სადაც სასმელი წყალი დღესაც უკვე ლამის ფუფუნებად ითვლება. ფორუმის მონაწილეები სტამბოლში ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ცდილობენ პრობლემის მოგვარების გზებზე შეთანხმების მიღწევას - ეს კი იოლი ამოცანა არ არის.

შენობასთან, რომელშიც ფორუმი იმართება, საპროტესტო აქცია მოეწყო [საპროტესტო აქციისა და პოლიციასთან შეტაკების ხმა]. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ განვითარებად ქვეყნებში წყლის რესურსების პრივატიზაციის ტენდენციის გამო: პრივატიზაციის შედეგად, კერძო კომპანიები მართალია, სუფთა წყალს აწვდიან მოსახლებას, რაც აუმჯობესებს ჯანდაცვის სტანდარტს, მაგრამ სასმელ წყალზე ხელი მიუწვდება მარტო იმას, ვისაც ფული აქვს. გაეროს ანგარიშში როგორც ვკითხულობთ, ფორუმი არც კი შეეცდება ამ საკითხის მოსაგვარებელი გზის დასახვას - ეს ფორუმის მონაწილე ქვეყნების ამოცანაა.
XS
SM
MD
LG