Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას პირველი ევროპული ტურნეს პირველი დღე


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ევროპული დებიუტი ლონდონში შედგა.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოდის მოწოდებით, ყველა საჭირო ზომა იქნეს მიღებული ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად. თუ ობამას სიტყვებს მოვიშველიებთ, საქმე ეხება “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს”. მისი მოგვარების მოწოდებით ობამა გამოვიდა ლონდონში, მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი 20 ქვეყნის სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. დღესვე აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა გამართა. მათ შორის იყო შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან - შეხვედრა, რომლის დროსაც, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სერიოზული უთანხმოება ახლდა საქართველოში აგვისტოს ომზე მსჯელობას.

ბრიტანეთში, როგორც ცნობილია, პოპულარულია ამინდის თემა... დღესაც ბევრჯერ აღინიშნა, რომ აშშის პრეზიდენტი და პირველი ლედი მზიან ამინდში ესტუმრნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნს რეზიდენციაში ლონდონის სახელგანთქმლ დაუნინგ სტრიტზე.

მაგრამ აი, ეკონომიკას რაც შეეხება, ამინდი გაცილებით უფრო ნაკლებ სასიამოვნოა. თუმცა, ეკონომიკაზე მოგვიანებით. ჯერ ბარაკ ობამას ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ბევრი მოელოდა გამორჩეული ინტერესით: ეს იყო დღევანდელი შეხვედრა, პირველი შეხვედრა რუს კოლეგა დმიტრი მედვედევთან.

შეხვედრის დაწყებამდე ბარაკ ობამამ გორდონ ბრაუნთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოწმე ვართ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ერთგვარი გაუცხოებისა. არსებობს ძალიან სერიოზული უთანხმოებები შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და მე არა ვარ დაინტრესებული მათი მიჩქმალვით. მაგრამ იმავდროულად გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი, რომელთა დაცვაზეც ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ”.

მოგვიანებით გაიმართა რუსეთის პრეზიდენტთან ობამას შეხვედრა, რასაც მოჰყვა ორი პრეზიდენტის ერთობლივი დეკლარაცია. პოლიტიკოსებისა თუ ექსპერტების წრეებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დეკლარაციაში გამოთქმულმა სურვილმა, ვაშინგტონმა და მოსკოვმა მიაღწიონ ახალ შეთანხმებას ბირთვული შეიარაღების საკითხზე, ვიდრე წელს დეკემბერში ამოიწურებოდეს ამჟამად მოქმედი, სტრატეგიული შეიარაღების ხელშეკრულების (1991 წელს გაფორმებული დოკუმენტის) მოქმედების ვადა.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ დეკლარაციაში ეხებიან კიდევ რამდენიმე საკითხს. მათ შორის არის ირანი, რომელსაც მოუწოდებენ, დაასაბუთოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მართლაც მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. და დეკლარაციაში საუბარი ეხება ვითარებას საქართველოში. ციტატა: “დავიწყეთ ასევე დიალოგი ევროპაში უსაფრთხოებასა და სტუბილურობაზე. მართალია, ერთმანეთს არ ვეთანხმებით გასული აგვისტოს ომის მიზეზებისა და მოვლენების თანმიმდევრობის შესახებ, მაგრამ შევთანხმდით, რომ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა ამჟამინდელი არასტაბილური ვითარების მშვიდობიანი და გრძელვადიანი მოგვარების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებთ მნიშვნელოვან განსხვავებებს, ჩვენს შორის რომ რჩება, ხაზგასმით აღვნიშნავთ გასული წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი გეგმის, 8 სექტემბრის შეთანხმებისა და სხვა შეთანხებების მნიშვნელობას,” ვკითხულობთ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ დღეს მიღებულ ერთობლივ განცხადებაში.

ამას გარდა, რადიო “თავისუფლებისთვის” ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით (მან ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა), ობამასა და მედვედევის მოლაპარაკების დროს იყო სერიოზული უთანხმოება საქართველოს შესახებ. ამ წყაროს ცნობით, შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პრეზიდენტმა ეს ძალიან მკაფიოდ განაცხადაო, ამბობს თეთრი სახლის წარმომადგენელი. მისივე თქმით, რუს კოლეგასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “გავლენის სფეროების” ცნება მიუღებელია 21-ე საუკუნეში, ეს იდეა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდაო...

ბოლოს ისევ გლობალური ეკონომიკური კრიზისის თემას დავუბრუნდებით - ხვალ ხომ ლონდონში სწორედ გლობალური ეკონომიკური კრიზისის მოგვარების გზებზე უნდა იმსჯელონ “ოცეულის” სამიტზე შეერთებული შტატების რუსეთის, ჩინეთის, ევროკავშირის წამყვანი წევრების, კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით. სამიტის მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა: “თავს შეცდომაში ნუ შევიყვანთ: საქმე გვაქვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისთან და გლობალური ეკონომიკა ჩვენს ეპოქაში ისე საფუძვლიანად არის ქვეყნებს შორის გადაჯაჭვული, რომ ამ ამოცანასთან გამკლავებას მხოლოდ ერთად შევძლებთ. ვერ შევქმნით სამუშაო ადგილებს შინ, თუ ჩვენს წვლილს არ შევიტანთ მთელს მსოფლიოში ძლიერი და სტაბილური ბაზრების მხარდასაჭერად. შეერთებული შტატები მზად არის, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, მიმართოს ყველა საჭირო ზომას ეკონომიკური ზრდისა და მოთხოვნის სტიმულირებისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი კრიზისი აღარასოდეს განმეორდეს”.

ლონდონში ობამას და “ოცეულის” დანარჩენის ლიდერების ვიზიტის ფონს ქმნის მრავალათასიანი ხმაურიანი დემონსტრაციები, მიმართული გლობალური ეკონომიკური კრიზისის, მისი მიზეზებისა თუ შედეგების წინაღამდეგ. რამდენიმე შემთხვევაში პოლიციელებთან დემონსტრანტების შეტაკებაც მოხდა.
XS
SM
MD
LG