Accessibility links

”თეთრი ნაკადი” ევროპას საქართველოს გავლით მოამარაგებს


3 აპრილს ხელმოწერილი მემორანდუმი კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების შანსს.

საუბარია ”თეთრ ნაკადზე”, რომელმაც კასპიის რეგიონის ბუნებრივი აირი, საქართველოს გავლით, ევროპის ქვეყნებს უნდა მიაწოდოს. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელმაც მილსადენი შავ ზღვაში უნდა გაატაროს, ევროპული ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთო კონცეფციის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილება. პროექტს მხარს უჭერენ ევროკავშირი და შეერთებული შტატები. ურთიერთგაგების მემორანდუმს ”თეთრი ნაკადის” კონსორციუმთან ენერგეტიკის მინისტრმა 3 აპრილს საქართველოს მთავრობის სახელით მოაწერა ხელი.

გაზსადენმა, რომლის მშენებლობაც 2015 წელს უნდა დასრულდეს, შავ ზღვაში 2 კილომეტრზე უფრო ღრმად უნდა გაიაროს და კასპიის რეგიონის ბუნებრივი აირი, ზედმეტი პრობლემების გარეშე, ევროპულ ქვეყნებს უნდა მიაწოდოს - სწორედ იმ პრობლემების გარეშე, რომლებიც კიდევ უფრო აშკარა გახდა რუსეთ-უკრაინის გაზის ომად წოდებული პროცესების შემდეგ. ენერგეტიკული რესურსების რუსეთის გვერდის ავლით, ალტერნატიული გზებით მიღება ევროპისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ამოცანად იქცა. ამ ფონზე კიდევ უფრო გაიზარდა გაზსადენის პროექტების - ”ნაბუკოსა” და ”თეთრი ნაკადის” - მნიშვნელობა. აქვე ვთქვათ, რომ ეს ორი პროექტი ერთმანეთის შემავსებელ, ერთობლივ ძალად განიხილება.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, 3 აპრილს, ”თეთრი ნაკადის” კონსორციუმმა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის საჭირო სამუშაოები საქართველოში ოფიციალურად დაიწყო. ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმებულია და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, რომელმაც მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით მოაწერა ხელი, შესაბამისად აცნობიერებს პროექტის მნიშვნელობას:

”ეს მნიშვნელოვანწილად კიდევ ერთხელ აამაღლებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. რა თქმა უნდა, ტრანზიტის მოცულობების გაზრდით გაიზრდება თვითონ სატრანზიტო შემოსავალი როგორც ქვეყნის ბიუჯეტში, ასევე ნატურით - ე.წ. გაზის დატოვებით. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანწილად აამაღლებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას.”

ამასთან, ”თეთრი ნაკადი” საშუალებას აძლევს საქარველოს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპული ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. პროექტი სწრაფად და თანმიმდევრულად, ათასგვარი კვლევის თანხლებით, მიიწევს წინ. ”თეთრი ნაკადის” კონსორციუმის თავმჯდომარე რობერტო პირანი ამბობს, რომ დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მხარდამჭერების დახმარებით, პროექტი ყველა სიძნელეს იოლად გადალახავს:

”შემდეგი ნაბიჯია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება რუმინეთთან და ამით დაგვირგვინდება კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის - მაღალი ტექნოლოგიის წყალქვეშა გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. მილსადენი წყალში 2000 მეტრზე დაბლა უნდა აშენდეს. ეს ტექნიკური სიძნელეა, მაგრამ პროექტის რეალიზებისთვის ჩვენ ყველანაირ ტექნოლოგიას ვფლობთ. ეს მეტად სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია ევროპისთვის და ახლა რომ ჩვენ ევროკავშირის დროშის ფონზე ვსაუბრობთ, ევროკავშირის მხარდაჭერის სიმბოლოა. ევროგაერთიანება ამ პროექტის განხორციელებაში გარკვეულ თანხას დებს. პროექტს მხარს უჭერს შეერთებული შტატების ხელისუფლებაც.”

რობერტო პირანის განმარტებით, ”თეთრი ნაკადი” კასპიის რეგიონის ბუნებრივ აირს თავდაპირველად უკრაინასა და რუმინეთს მიაწვდის, ხოლო შემდეგ ამოქმედდება გაფართოების გეგმა, რომლის წყალობითაც, გაზს სხვა არაერთი ევროპული ქვეყანა მიიღებს. გაფართოების გეგმაში აქტიურად არის ჩართული პანევროპული მილსადენის კონსორციუმი ”კონსტანცა ტრიესტი”. როგორც კონსორციუმის პრეზიდენტი ბრატისლავ ცეპერკოვიჩი რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას აღნიშნავს, ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობით, საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება:

”თუკი საქართველოს შევხედავთ, როგორც ენერგეტიკული კავშირის ხელშეკრულების მომავალ წევრს, ეს ნიშნავს თანამონაწილეობას ევროკავშირის ბაზრის განვითარების პროცესებში, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკული კავშირის ხელშეკრულების მონაწილე იქნება, ანდა ევროკავშირის ქვეყნებთან, ნებისმიერი კონტრაქტის ფარგლებში,ორმხრივ ურთიერთობას დაამყარებს, ამ კონკრეტულ სექტორში ევროკავშირის ნაწილი ხდება. ამ ქვეყნის მნიშვნელობა არა მხოლოდ რუკაზე იზრდება, არამედ ის ხდება ისტორიის ნაწილი. ვფიქრობ, რომ მთელი ეს პროექტი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც.”

პანევროპული მილსადენის კონსორციუმის ”კონსტანცა ტრიესტის” პრეზიდენტი ბრატისლავ ცეპერკოვიჩი დარწმუნებულია, რომ ”თეთრი ნაკადი” ყველასთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას შეძლებს. ჯერჯერობით არ სახელდება კონკრეტული თანხა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, პროექტი რამდენიმე მილიარდი ევრო დაჯდება.
XS
SM
MD
LG