Accessibility links

logo-print

რას მოელის ნატოსგან საქართველო


ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვასილ სიხარულიძე

ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვასილ სიხარულიძე

ალბანეთმა და ხორვატიამ დაასრულეს ნატოში გაწევრიანების პროცედურა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატოს,60 წლის იუბილე მისი გაფართოებით აღინიშნება. ალბანეთს და ხორვატიას ისტორიული მონაპოვარი ნატოს საიუბილეო სამიტის გახსნამდე მიულოცა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა. და რას ელის ნატოს საიუბილეო სამიტისგან საქართველო - ქვეყანა, სადაც 2009 წლისთვის ლამის ნატოში გაწევრიანების იმედი ჰქონდათ ამ ცოტა ხნის წინ?

საქართველოს ოპტიმიზმი შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის სერიოზული მხარდაჭერით იყო წახალისებული და არა მარტო ამით. ნატოს ბუქარესტის სამიტამდე კარგა ხნით ადრე მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია. ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტებმა მაშინ საკუთარ მთავრობებს მოუწოდეს მხარდაჭერილი ყოფილიყო საქართველოსთვის მაპ-ის, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, მინიჭება.მაპ-ს საქართველო შარშან, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, ელოდა. მოლოდინი სერიოზული იყო. შესაბამისად, დიდი მოლოდინი უკავშირდებოდა ნატოს 2009 წლის საიუბილო სამიტსაც. მაგრამ ამ სამიტს საქართველო მაპ-ის გარეშე შეხვდა, მასთან ერთად - უკრაინაც. ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისათვის, ნატოსთან ურთიერთობაში წინსვლაა - აგვისტოს ომის შემდეგ მუშაობს ნატო-საქართველოს კომისია, მაგრამ დღევანდელი მოლოდინი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ბარამიძის განმარტებით, ასეთია:

” სამისტისგან ველით იმას, რომ ნატო მოახდენს ერთიანობის და სიძლიერის დემონსტრირებას, რადგან ეს არის ის ერთადერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტიანი თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც შემძლეა ზეგავლენა მოახდინოს ყველა სახელმწიფოზე, ვინც კი ცდილობს არადემოკრატიული მეთოდებით იმოქმედოს.”

ალიანსის ავღანური მისია, ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის განხილვა, ნატოს სამხედრო სტრუქტურებში საფრანგეთის დაბრუნება - ამ და სხვა თემებთან ერთად, ნატოს საიუბილეო სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა ნატო-რუსეთის ურთიერთობაა, ურთიერთობა, რომელივ საქართველოსთან აგვისტოს ომის გამო რამდენიმე თვით გაიყინა და ამ ცოტა ხნის წინ განახლდა. სტარტი აიღო რუსეთთან შეერთებული შტატების ახლებურმა ურთიერთობამაც. შედეგად, დმიტრი მედვედევმა ბარაკ ობამასთან ერთად აღიარა საქართველოსთან დაკავშირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა, თუმცა საქართველოსთან ურთირთობაში ძველ პოზიციაზე დარჩა:

”არ მსურს არანაირი ურთიერთობა პრეზიდენტ სააკაშვილთან, - თქვა მან, - და არც მექნება ურთიერთობა მასთან, მაგრამ თუ, დემოკრატიული პროცესების თანახმად, ადრე თუ გვიან, საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება, ღია ვიქნებით ნებისმიერი თემის განსახილველად.”

შარშან აგვისტოში რუსეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა და თავისი ჯარი მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქს მიაყენა. საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით, დედაქალაქის მისადგომებიდან უკანდახევის შემდეგ, ასევე საერთაშორისო ნორმების სრული უგულებელყოფით, ცნო საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სუბიექტებად. გავიდა ხანი, რუსეთს არ შეუსრულებია აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დიდი ნაწილი და მისი ხელისუფლება მაინც საქართველოს ხელისუფლებაზეა გაბუტული - ანალიტიკოსების აზრით, სხვათა შორის იმიტომაც, რომ აგვისტოს ომმა ვერ აიძულა საქართველო უარი ეთქვა ამოცანაზე, მიაღწიოს ნატოში გაწევრიანებას.

” ახლა რუსეთი შეეცდება გარკვეული უთანხმოების შეტანას საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ნატოსა და ნეიტრალიტეტზე კამათის გასაღვივებლად, იმ კონტექსტში, რომ თუ ნატოზე უარს ვიტყვით, შეიძლება რამე მივიღოთ რუსეთისგან”, - აღნიშნა ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ერთ-ერთ ამასწინანდელ ინტერვიუში პოლიტოლოგმა გია ნოდიამ და დასძინა: ”მაგრამ რა შეიძლება მიიღოს ასეთ შემთხვევაში საქართველომ? არავითარი ნიშანი იმის, რომ რუსეთი უკან წაიღებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას, არ არსებობს. ამდენად, არ ჩანს არავითარი რაციონალური მარცვალი ლოგიკაში - უარი ვთქვათ ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე.”

რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას ერთს სთავაზობს: შეცვალოს ხელისუფლება იმის დაპირებით, რომ მერე ღია იქნება სალაპარაკოდ, თუმცა არავინ იცის, რა თემებზე და რა პირობებით... ამ ფაქტისგან დამოუკიდებლად, საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების შესაცვლელად მიტინგებზე გაყოლას სთავაზობს რადიკალური ოპოზიცია იმის დათქმით, რომ უკეთესი საქართველოს მოდელს ამავე ხალხს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესთავაზებს...

და რას სთავაზობს საქართველოს ნატო, სადაც აცხადებენ, რომ კარი საქართველოსთვის ღიაა და ღია დარჩება? რას სთავაზობს ალიანსი საქართველოს მოსახლეობას, რომლის უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვას, მაგრამ სადაც მაინც კამათობენ თემაზე, რა ჯობს საქართველოსთვის - ნატო თუ ნეიტრალიტეტი? ხომ არ ნიშნავს სვლა ნატოსკენ სვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე?

” ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთალინობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ასე რომ, საჭიროა საკითხის პოლიტიკური მოგვარება.”

ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ნატოს საიუბილეო სამიტის წინ გააკეთა. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ძირითადი პრობლემების პოლიტიკური გზებით გადაწყეტას.. რას სთავაზობს საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეა? ისევ გია ნოდიას აზრით, საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის მიღება დასავლეთის მხარდაჭერაზე უარის თქმას და რუსეთის სამადლოდ დარჩენას ნიშნავს. რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოდან დასავლეთის გაძევებად აღიქვამს და საქართველოს რუსეთის კანონიერი სატელიტის სტატუსს აღუდგენს.








XS
SM
MD
LG