Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების დიალოგი ექსპერტებთან


13 აპრილს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ექსპერტთა კლუბის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შეხვდა. რამდენიმესაათიან დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. მხარეები თანხმდებიან, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს დიალოგი წარმოადგენს, თუმცა განსხვავებულია ხედვა დიალოგის დასაწყებად საჭირო ნიადაგის არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით. ქუჩაში მიმდინარე აქციების ფონზე ექსპერტები ცდილობენ, არსებული პრობლემები ხელისუფლებას განსხვავებული კუთხით დაანახვონ, თუმცა ზოგიერთ მათგანს რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება რისკებს არაადეკვატურად აფასებს.

შეხვედრა შერატონ მეტეხი პალასში დახურულ კარს მიღმა გაიმართა და, როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, გულახდილი დისკუსია საკმაოდ მწვავე საკითხებს შეეხო. რამდენიმესაათიანი საუბარი პირდაპირ უკავშირდებოდა ქუჩაში მიმდინარე აქციებსა და კრიზისის დაძლევის გზების ძიებას. როგორ უნდა განიმუხტოს დაძაბულობა...

ექსპერტები ხაზს უსვამენ დიალოგის დაწყების აუცილებლობას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუმცა მათი ნაწილი დარწმუნებულია იმაშიც, რომ წინადადებები, რომლებსაც ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს, საკმარისი არ არის მხარეებს შორის დიალოგის დასაწყებად. ასეთია ექსპერტთა კლუბის წევრის, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის მოსაზრებაც: ”ახალი რეალობა არის შესაქმნელი, შეგვიძლია ასე ვთქვათ. ეს ეხება ძალაუფლების საკითხს, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს არის პარლამენტი, ეს არის ძალოვანი სისტემები და ასე შემდეგ.”

მსჯელობა ახალი რეალობის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ წარმოუდგენია და ამიტომ, ხელისუფლებასთან დიალოგის შემთხვევაში, ოპოზიცია საუბრის დაწყებას სწორედ ამ უცვლელი საკითხით აპირებს, რასაც, თავის მხრივ, ხელისუფლებამ ოპონენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი უწოდა. თუმცა ხელისუფლება მზად არის გარკვეული დამატებითი დათმობების განსახილველადაც იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პროცესი და დიალოგი დაიწყება. ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ გარკვეული მზადყოფნა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც გამოხატა: ”საკონსტიტუციო რეფორმა შეიძლება გახდეს საუბრის თემა და ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ოპოზიციას დიალოგი, თუ რამდენად შორს უნდა წავიდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმები. ის, რომ ქვეყანაში შესაძლებელია პარლამენტის გაძლიერება და მისი მკვეთრად გაძლიერება, მე ვფიქრობ, ხელისუფლებაში ამ ეტაპზე არანაირ ეჭვს არ იწვევს. ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან ერთად ვიმუშაოთ კონკრეტული საკონსტიტუციო რეფორმების კუთხით, ისევე როგორც საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით.”

რამდენად საკმარისია მსგავსი შეთავაზება შექმნილ სიტუაციაში და რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ხელისუფლება მოსალოდნელ რისკებს? პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ექსპერტებისა და ხელისუფლების მიდგომებს შორის საკმაო განსხვავებას ხედავს: ”მათ შეფასებაში რისკები კონცენტრირებული იყო დღევანდელ დღეზე, ჩვენ კი ეს გადავიტანეთ უფრო ფართო მასშტაბით, წლებზეც კი... ვცადეთ რისკები ასეთ პერსპექტივაში დაგვენახვებინა... რომ უფრო სერიოზულია პრობლემა, ვიდრე ერთი მიტინგის ბედ-იღბალი.”

თუკი ხელისუფლება პრობლემას მხოლოდ მიმდინარე მიტინგებით გაზომავს, ეს მცდარი მიდგომა იქნება, - მიაჩნია პოლიტიკის ექსპერტს გია ხუხაშვილს. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ხელისუფლება ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწევს და, ძირითადი პრობლემების გადაჭრის გარეშე, პროტესტს ქუჩებიდან ისევ სამზარეულოებში შედევნის, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. ექსპერტი ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში ”საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები აკეთებენ დასკვნას, რომ პოლიტიკური მეთოდებით ამ ხელისუფლების წასვლა არის შეუძლებელი და მაშინ, შეიძლება, მართლა დაიწყოს ვიღაცამ ფიქრი შეიარაღებაზე... აქედან გამომდინარე, ტაქტიკური ბრძოლის მოგება არ შეიძლება იყოს განხილული პოლიტიკური რისკების შემცირების მექანიზმად.”

ექსპერტები თვლიან, რომ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე მხარეს მოუწევს. 13 აპრილს გადაწყდა, რომ გაგრძელდება მათი შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ექსპერტები შეეცდებიან, რომ კომუნიკაციის სანდო ფორმით აღდგენა და მხარეებს შორის დიალოგის დაწყება მოხერხდეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG