Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის მომხრეა


პეტერ სემნები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
პეტერ სემნები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოპოზიციის საპროტესტო აქციების სიმწვავე და მასშტაბი საგრძნობლად შემცირდა. აღდგომის შემდეგ დედაქალაქში სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება, ხოლო რეგიონებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იგეგმება. სააღდგომო შესვენება ერთგვარი ტაიმ-აუტი იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის, - აცხადებს, თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები, რომლის აზრითაც, დემონსტრაციები რეალურ პოლიტიკურ პროცესებს მისცემს დასაბამს. ამ პროცესებში, პირველ რიგში, იგულისხმება დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების შეჯერება დიალოგის გზით. დიალოგის ორგანიზების მიზნით, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში 16 აპრილს თითქმის მთელი დღის მანძილზე მართავდნენ შეხვედრებს ოპოზიციის ლიდერებთან.

საქართველოს ხელისუფლებას და არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებს შორის დიალოგი ევროკავშირის მედიატორობით ჯერჯერობით იდეაა, რომლის განხორციელებისთვის ცალ-ცალკე მზადყოფნას ყველა მხარე გამოხატავს, თუმცა საკუთარი მყარი და ჯერჯერობით შეუვალი არგუმენტებით. კერძოდ, 9 აპრილის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტში შემავალი ძალები დიალოგის საგნად პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას ასახელებენ. ხელისუფლება მზადაა დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებების, საარჩევნო კანონმდებლობისა და დემოკრატიული ტალღის სხვა ინიციატივებზე წარმართოს, ხოლო მედიატორი - ამ შემთხვევაში, ევროკავშირი - ცდილობს დაპირისპირებულ მხარეთა შორის ნდობის აღდგენის საშუალებები გამონახოს. სწორედ ნდობის დეფიციტს მიიჩნევს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები დიალოგის შემაფერხებელ უმთავრეს მიზეზად.

“მას შემდეგ, რაც ნდობა აღდგება, დიალოგის შესაძლებლობაც გამოჩნდება” - ეს იყო მთავარი ლაიტმოტივი მოლაპარაკებებისა, რომელიც ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ, რამდენიმე კოლეგასთან ერთად, პარლამენტსგარეთა ოპოზიციის ლიდერებთან ცალ–ცალკე გამართა. ოპოზიციის ერთიანობის პირობებში, ეს ცალ–ცალკე გამართული შეხვედრები საეჭვოდ მიიჩნია „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება ახლა პეტერ სემნების გამოყენებას ცდილობს, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნა, ყველაფრის მიუხედავად, არ შეიცვლება.

მოთხოვნა, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაა. ეს მოთხოვნა რჩება დიალოგის პირობადაც - საჯარო შეხვედრა პირადად პრეზიდენტთან მისივე გადაყენების საკითხზე. რა აზრი აქვს დიალოგს, რომელზეც პრეზიდენტი, ოპოზიციის თანახმად, საკუთარი გადადგომისვე განზრახვით უნდა მივიდეს? ამ შეკითხვით კონსერვატორთა ლიდერს ზვიად ძიძიგურს პეტერ სემნებისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მივმართეთ.
”მეც მაგას ვამბობ. ეს შეხვედრა კი საკმაოდ მოკლე გამოდგება”, - გვიპასუხა ზვიად ძიძიგურმა.

თუმცა, მიუხედავად იმ რადიკალიზმისა, რომელსაც პარლამენტსგარეთა ოპოზიცია დიალოგის გამართვის საკითხზე იჩენს, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ არ გამორიცხა, რომ დიალოგის საგანი გახდეს ხელისუფლების მიერ წამოყენებული ინიციატივებიც.

მაგრამ არის ერთი გარემოება: ირაკლი ალასანიასა და მისი ალიანსის სხვა წევრების აზრით, ხელისუფლების - ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის - მიერ წარდგენილი ინიციატივები წაკითხული და მოსმენილი იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ მოგვიანებით საზოგადოებას ეცნობოს. რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი კი აზუსტებს, რომ დიალოგის საწარმოებლად, თუ ამგვარი რამ რეალურად შესაძლებელი გახდა, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელშიც სავალდებულო არ არის 9 აპრილის აქციის ორგანიზატორი ყველა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი შევიდეს.

დაბოლოს, გთავაზობთ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ევროკავშირის სახელით შეხვედრების კიდევ ერთი მონაწილის, ჩეხეთის ელჩის, ივან იესტრაბის, კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხვდებიან უცხოელი დიპლომატები ოპოზიციის ლიდერებს ცალ–ცალკე და არა ერთად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა შორის არსებობს აზრი, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების კარნახით მოქმედებენ.

“ ჩვენ ვფიქრობდით, რომ კარგი იქნებოდა გვქონოდა მეტი დრო საუბრისათვის და იმის ასახსნელად, რა მიგვაჩნია მნიშვნელოვნად. გვინდოდა მათი არგუმენტების მოსმენაც. ასე რომ, ამის მიღმა არავითარი კონსპირაციული თეორია არ დევს”,- განმარტავს ივან იესტრაბი.

დიალოგის საკითხზე ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვედრას ხელისუფლებასთანაც გეგმავენ.
XS
SM
MD
LG