Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთსა და რუმინეთს შორის დაძაბულობა იზრდება


საპროტესტო გამოსვლები მოლდავეთში
საპროტესტო გამოსვლები მოლდავეთში
რუმინეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა მოლდავეთში მომხდარი არეულობის შემდეგ მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მიანიჭოს დაახლოებით ერთ მილიონ მოლდაველს. ეს ინიციატივა გაგრძელებაა იმ დიპლომატიური დაძაბულობისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის წარმოიშვა მოლდავეთში 5 აპრილის არჩევნების შემდეგ მომხდარი არეულობის შემდეგ. მოლდავეთის კომუნისტმა პრეზიდენტმა არეულობის პროვოცირებაში რუმინეთი დაადანაშაულა და მასთან სავიზო რეჟიმი დააწესა.

მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 5 აპრილს გაიმართა, პრეზიდენტის, ვლადიმირ ვორონინის, კომუნისტურმა პარტიამ გაიმარჯვა. მან საკანონმდებლო ორგანოში იმაზე ერთით ნაკლები მანდატი მოიპოვა, რაც საჭიროა მომავალი პრეზიდენტის უპრობლემოდ ასარჩევად.

ოპოზიციამ კომუნისტურ პარტიას კენჭისყრის შედეგების გაყალბება დააბრალა და საპროტესტო აქციებზე გამოვიდა. მაგრამ საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა, რომლის დროსაც მანიფესტანტების ნაწილმა პარლამენტისა და პრეზიდენტის შენობები დაარბია. ვორონინმა წესრიგის დამყარება პოლიციის ძალის გამოყენებით შეძლო, რომლის დროსაც 200-ზე მეტი ოპოზიციონერი დააპატიმრეს, ნაწილი კი ქვეყნის გარეთ მიიმალა.

კომუნისტმა პრეზიდენტმა არეულობაში მეზობელი რუმინეთი დაადანაშაულა, ქვეყნიდან გააძევა რუმინეთის ელჩი და ევროკავშირის წევრ ამ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი დააწესა.

თავის მხრივ, რუმინეთმა ევროკავშირს მოუწოდა გამოიძიოს მოლდავეთში მომხდარი რეპრესიები, ხოლო პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ გამოაცხადა, რომ მოლდაველებს გამარტივებული წესით მიანიჭებს რუმინეთის მოქალაქეობას. ჩვენ არ შეგვიძლია გულხელდაკრეფილები ვისხდეთ, როცა მოლდავეთში რეპრესიებიაო, - განაცხადა ბასესკუმ:

" არ ვაპირებთ საშუალება მივცეთ, რომ ახალი რკინის ფარდა გაჩნდეს მდინარე პრუტზე.”

მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული წესი უკვე მოიწონა რუმინეთის მთავრობამ. მოლდაველი, რომელსაც პაპა მაინც ჰყავდა რუმინელი, დამატებითი პროცედურების გარეშე მიიღებს რუმინეთის მოქალაქეობას.

რუმინეთის საელჩომ კიშინიოვში ამ ბოლო წლებში მოქალაქეობის მსურველთა 650 ათასი განცხადება მიიღო. ვარაუდობენ, რომ რუმინული პასპორტის მიღების მსურველთა რაოდენობა ერთ მილიონს მიუახლოვდება. ეს მოლდავეთის მოსახლეობის მეოთხედია.

მოლდავეთის პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი
მოლდავეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა კი ნაციონალური ტელევიზიით გამოსვლისას რუმინეთი გააკრიტიკა და მის საქციელს სამთავრობო დონეზე რევანშიზმი უწოდა.

მიუხედავად ამისა, ვორონინმა ოპოზიციის მიმართულებით შემხვედრი ნაბიჯები გადადგა და სასამართლოს ბოლოდროინდელი არეულობების მონაწილეთა ამნისტიის თხოვნით მიმართა:

"მე ვთხოვ სასამართლო ხელისუფლებას საერთო ამნისტიას და ყველა სასამართლო პროცედურის შეწყვეტას ქუჩის პროტესტის მონაწილეების მიმართ.”

ვორონინმა აღნიშნა, რომ ამნისტია შეეხება ყველას, გარდა ”კრიმინალური ელემენტების და რეციდივისტებისა.”

ევროპის საბჭო შეშფოთებულია მოლდავეთში განვითარებული მოვლენებით და სპეციალურ წარმომადგენელს წარგზავნის კიშინიოვში მოხსენების მოსამზადებლად.

მოლდავეთის დედაქალაქში ჩასვლას აპირებს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის რესპუბლიკის, წარმომადგენელი მირეკ ტოპოლანეკი. ევროკავშირი შეეცდება მოლდავეთში შექმნილ ვითარებაში გაერკვეს და კავშირის წევრ რუმინეთთან მოლდავეთის ურთიერთობა მოაწესრიგოს.
XS
SM
MD
LG