Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციების მეორე ტალღაში რეგიონების მოსახლეობა ჩაერთვება


ორდღიანი პაუზის შემდეგ 21 აპრილიდან, თბილისში საპროტესტო აქციები, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, კვლავ განახლდება. ოპოზიციის ლიდერების სტრატეგია ამჯერად რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზება და დედაქალაქში მათი ჩამოყვანაა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ამ პროცესს ხელს არ შეუშლის. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლებას ყველა ავტობუსის მძღოლი გაფრთხილებული ჰყავს, არ მიიღონ ხალხის ტრანსპორტირებაში მონაწილეობა. როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მოსალოდნელი აქციის წინ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარ გზავნილებზეც ამახვილებს ყურადღებას.


თბილისში აქციის მონაწილე ადამიანების ახალ ნაკადს ამჯერად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 22 აპრილისათვის ელიან. წინა დღით ოპოზიციის ლიდერების ნაწილი თავად გაემგზავრება რეგიონებში საორგანიცაზიო საკითხების მოსაგვარებლად. აქციების მეორე ტალღაში სწორედ რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების დემონსტრაციებში ჩართვა იგულისხმება. მანამდე კი, სამშაბათს, 21 აპრილს, აქციაზე ”უცნობის” მისვლა იგეგმება, უცნობისა, რომელიც ”საკანს” გარკვეული ხნის განმავლობაში დატოვებს: ”მორიგი დიდი აქცია 21 აპრილს გვექნება. სამ საათზე შემოგვიერთდება ”უცნობი” - გია გაჩეჩილაძე. ხვალ საღამოსვე გავალთ რეგიონებში და უკვე 22 მარტს ხალხი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოგვიერთდება”, - ამბობს ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი.

რეგიონებში აქციების გაშლა ოპოზიციის გეგმებში დასაწყისშივე შედიოდა. 9 აპრილამდე ამ მიზნით ოპოზიციური ლიდერები საქართველოს რამდენიმე ქალაქსაც ესტუმრნენ. თუმცა, ბოლო გადაწყვეტილებით, ისინი საკუთარ მოთხოვნებსა და განწყობას თბილისში გამოხატავენ. როგორც ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი წევრი, მანანა ნაჭყებია, ამბობს, დედაქალაქმა თავისი სიტყვა 9 აპრილს უკვე თქვა. ახლა დანარჩენი საქართველოს ჯერია: ”ადგილზე ძალიან გაჭირდება აქციების ორგანიზება, რადგან ჩვენ დედაქალაქში უნდა დავბრუნდეთ და ამ ხალხს ადგილობრივ ხელისუფლებასთან პირისპირ ვერ დავტოვებთ.”

თუმცა ერთია გეგმა და მეორე - რამდენად იქნება შესაძლებელი მისი განხორციელება, რადგან, როგორც კობა დავითაშვილი გვეუბნება,სხვადასხვა სახის დაბრკოლებები უკვე არსებობს - ხალხის ჩამოყვანა რეგიონებიდან ადვილი არ იქნება: ”ავტობუსები პრაქტიკულად არ არის, ყველა მძღოლს ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა. მათ დაემუქრნენ, ხოლო ვინც არ ჩააბარა ეს მოწმობა, საბურავები დაუჭრეს.”

ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, ხალხში არსებობს სურვილი შეუერთდნენ აქციებს და, კონსერვატორების ლიდერის ზვიად ძიძიგურის სიტყვებით, ამ სურვილს წინ ვერაფერი დაუდგება: ”რაც უნდა გადაკეტო გზა და ჩამოართვა მართვის მოწმობა, ადამიანებს თუ აქვთ სურვილი ჩამოვიდნენ თბილისში, მათ ხელს ვერაფერი შეუშლის.”

და არიან კიდევ ადამიანები, ვინც ოპოზიციას, მანანა ნაჭყებიას თქმით, ამ პროცესის ორგანიზებაში დახმარება უკვე შესთავაზა: ”ძალიან ბევრი ორგანიზაცია გვთავაზობს ხელისუფლებისგან ფარულად, რომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით დაგვეხმარება. იმავე სურვილს არაერთი თბილისელი გამოთქვამს.”

ხელისუფლების პოზიცია და განცხადებებიც უცვლელია. მათი თქმით, თბილისში ჩამოსვლისა და აქციებში მონაწილეობის მიღების მსურველებს ხელს არავინ შეუშლის. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, პავლე კუბლაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში სწორედ ასეთ განცხადებას აკეთებს:
”რაც არ უნდა შეეცადონ ჩვენი ოპონენტები, რომ დაძაბონ სიტუაცია ამ მიმართულებით და ილაპარაკონ გამოგონილ შეზღუდვებზე, ჩვენი მხრიდან პასუხი იქნება ერთი - ყველას ექნება საშუალება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია მიტინგის ფორმით, გადაადგილებაზე არანაირი შეზღუდვები არ არის დაწესებული და არც დაწესდება. და მუდმივი მტკიცება მათი მხრიდან, რომ ცოტაც უნდა გაძლონ და მერე ხელისუფლება დაარბევს მათ, არის აბსურდული, რადგან ხელისუფლება შეხვდება მშვიდად პროტესტის ნებისმიერ ფორმას, რომელიც იქნება კანონის ფარგლებში.”

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აქციების მოსალოდნელი გაფართოების ფონზე, საზოგადოებაში არსებობდა კიდევ ერთი მოლოდინი, კერძოდ, როგორი იქნებოდა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს გზავნილი. ოპოზიციისა და ხელისუფლების ინტერპრეტაციები ერთმანეთს არც აქ ემთხვევა. კობა დავითაშვილისათვის საყურადღებო იყო შემდეგი დეტალი:
” პატრიარქის ეპისტოლეში ძალიან მენიშნა როსტომ ხანის პერიოდზე საუბარი, რომელმაც გარყვნა ქვეყანა. ყველას გვახსოვს ისტორიიდან ეს პერიოდი, როდესაც ფორმალურად ეკლესიებიც შენდებოდა, მაგრამ რეალურად ქართულ სახელმწიფოს და ეკლესიას ებრძოდა ხელისუფალი, რომელიც უცხოეთიდან იყო მოვლენილი და არ იყო მატარებელი არც ქართული ტრადიციებისა და არც რელიგიისა. პირდაპირი გზავნილი იყო. მე ასე გავიგე.”

პირდაპირ გზავნილად აფასებს ეპისტოლეს გარკვეულ მომენტებს მანანა ნაჭყებიაც. ხელისუფლებისათვის კი ოპოზიციის მცდელობა, ეპისტოლეში იპოვოს მინიშნება მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოწოდების შესახებ, აბსურდულია. პავლე კუბლაშვილი აქცენტს პატრიარქის ეკონომიკურ ინიციატივაზე ამახვილებს: ” ძალიან ბევრ საკითხზე, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, იყო საუბარი ეპისტოლეში. მათ შორის, ისეთ თემებზე, როგორიც საგადასახადო ამნისტიაა. თუმცა პირადად ჩემთვის ეს იდეა მიუღებელია, მაგრამ საზოგადოებას აწუხებს ეს საკითხი. მაგრამ პატრიარქის ეპისტოლეში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოწოდების გზავნილების ამოკითხვა მართლა ყოველგვარ ზღვარს სცდება ოპოზიციის მხრიდან.”

ისევ აქციებს რომ დავუბრუნდეთ, ცნობილია ასევე ის, რომ 21 აპრილიდან ქალაქში კვლავ გაიზრდება საკნების რიცხვი. ხოლო თუ რა სანახაობას ამზადებს ”უცნობი” რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტებისთვის, ეს წინასწარ არ ხმაურდება.






  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG