Accessibility links

logo-print

განმუხტავს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს ”შენდობის” ლოცვა?


მ. სააკაშვილი, დ. ბაქრაძე და გ. უგულავა შენდობის დღეს

მ. სააკაშვილი, დ. ბაქრაძე და გ. უგულავა შენდობის დღეს

პატრიარქის რამდენიმე დღისწინანდელ ინიციატივას - 28 აპრილს, საღამოს 6 საათზე, ყველა მივიდეს ტაძარში და შენდობის ლოცვა მოისმინოს - ოპოზიციის მხრიდან ქაშუეთის ტაძარში მისვლის გადაწყვეტილება მოჰყვა. ეს დღე ილია მეორემ შენდობის დღედ გამოაცხადა. ხელისუფლების მხრიდან შერიგების დამადასტურებელ ნაბიჯად დიალოგის შეთავაზება მიიჩნევა, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ საუბარი დიალოგზე მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია - ამ ფონზე კი მათ ძნელად წარმოუდგენიათ რა რეალური ნაბიჯები შეიძლება მოჰყვეს პატრიარქის მოწოდებას, აპატიონ ერთმანეთს.

”მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, ჩვენს ოპოზიციას, რომ მოვიდნენ ტაძრებში და ყველამ ერთად მოვინანიოთ ცოდვები. ვინც სულიერია, იმან უნდა დაუთმოს სხვას. მე იმედი მაქვს, რომ, ღვთის წყალობით, საქართველო გადარჩება.” - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

ოპოზიცია პატრიარქის ინიციატივას მალევე გამოეხმაურა საკუთარი ინტერპრეტაციით. კერძოდ, აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ეკა ბესელიამ, განმარტა, რომ პატრიარქის სიტყვები არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა იდგნენ ტაძარში შენდობის ლოცვების დროს. ეს არასწორი ინტერპრეტაცია იყო, თითქოს ახლა ჩვენ და ხელისუფლება ერთად უნდა ვიდგეთ სამების ტაძარში.” - და ოპოზიციამ 28 აპრილს დაგეგმილი საინფორმაციო მიტინგის შემდეგ შენდობის ლოცვის მოსასმენად ქაშუეთში მისვლა ამჯობინა.

მთავარი კითხვა, რომელიც პატრიარქის ინიციატივას მოჰყვა, იყო: შეცვლის თუ არა რამეს ეს დღე, განმუხტავს თუ არა პოლიტიკურ კრიზისს და, კიდევ, რომელ მხარეს რა აქვს მოსანანიებელი? ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე,ამ კითხვაზე ასე გვიპასუხებს:

”სააკაშვილს თუ ვინმე მიუტევებს, ეს მხოლოდ მაღალი ღმერთი იქნება. მე კი მზად ვარ მოვინანიო ის ცოდვები ხალხის წინაშე, რომ სააკაშვილს მივეხმარე ხელისუფლებაში მოსვლაში.”

გაჩეჩილაძე ამბობს, რომ დიალოგის თემა ხელისუფლების პიარის ნაწილი გახდა, კონკრეტული დრო და ადგილი მათი მხრიდან დღემდე არ დასახელებულა:

”ყოველდღე ვამბობ, რომ ადგილი და დრო მითხრან და სადაც უნდათ, იქ მივალ. როგორ გგონიათ, რომ იყოს რეალურად ასეთი შემოთავაზება, არ მივიდოდი?”

ახალი მემარჯვენეების წევრის ფიქრია ჩიხრაძის აზრით, სინანული კოლექტიურად ძნელად ხორციელდება.

ჩიხრაძეს უჭირს პოლიტიკური პროგნოზის გაკეთებაც - რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს, კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით, ეს აქტი, მით უმეტეს, რომ, მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ძალადობა არ წყდება:

”უცოდველი არავინ ვართ და ყოველდღე ვუშვებთ შეცდომებს ღვთის წინაშე. მაგრამ პოლიტიკურად რამდენად წაადგება პროცესს ეს, ვერ გეტყვით, რადგან დღეს გამთენიამდე ჩემს მეგობრებათან ერთად ვიყავი და ისეთი შემოსევა იყო პროვოკატორებისა და მოთვალთვალე ჯგუფების... ამას გარდა, სცემეს ჩვენი ალიანსის შტაბის ხელმძღვანელს ყვარელში, ვანო ლომიძეს. და ეს ძალადობა გრძელდება..”

ქალთა პარტიის ლიდერი და აქციების აქტიური მონაწილე გუგული მაღრაძე კი ფიქრობს, რომ შერიგება, თუნდაც ეს შესაძლებელი აგხდეს, არ გულისხმობს ოპოზიციის მხრიდან დათმობას:

”ეს უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ და არ იყოს შურისძიებაზე ლაპარაკი. მეორე მხარე უნდა იყოს ტოლერანტული და მიმტევებელი, მაგრამ მიტევება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ერთი მხარე მეორე მხარის მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს და თავი დაანებოს საპროტესტო აქციას და გაგრძელდეს ისეთივე განუკითხაობა, როგორიც იყო.”

ეროვნული ფორუმის წევრი ირაკლი მელაშვილიც ფიქრობს, რომ ტაძარში ხელისუფლების და ოპოზიციის მისვლამ, შესაძლოა, იქონიოს გარკვეული გავლენა საზოგადოების განწყობაზე და ნაკლებად - პოლიტიკურ რეალობაზე:

” მე ვფიქრობ, მთლიანად ქვეყანაში არსებულ განწყობებზე მოახდენს გავლენას, მაგრამ უშუალოდ პოლიტიკური პროცესებზე, არა მგონია. აქ საჭიროა სხვა მექანიზმების ჩართვა, რომ რაღაც დაიწყოს.”

ხელისუფლებამ შენდობის ლოცვის მოსმენა სამების ტაძარში გადაწყვიტა. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ზურაბ მელიქიშვილის მოწოდება ასეთია:

” ჩვენ აუცილებლად მივალთ ტაძარში და მე მოვუწოდებ ყველას, რომ თავისი პირადი წყენა დაივიწყონ და დაესწრონ ეკლესიაში ლოცვას.”

რაც შეეხება იმას, თუ რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, მელიქიშვილს იგივე პასუხი აქვს, რაც საქართველოს ხელისუფლების სხვა წევრებს - უკვე არაერთხელ შეთავაზებული დიალოგი:

”ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის შეთავაზება დიალოგისკენ, საკონსტიტუციო რეფორმისკენ, ეკონომიკურ საკითხებზე, ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.”

28 აპრილს ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლების მთავარი თემა მათ მხარდამჭერებზე ბოლო დროს გახშირებული თავდასხმები იყო. ძალადობის ეს ფაქტები კი, მათი თქმით, საერთო ენის გამონახვას სულ უფრო მეტად ართულებს.
XS
SM
MD
LG