Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ევროპის აღმოსავლეთში არასტაბილურობაზე მსჯელობს


ბენიტა ფერერო-ვალდნერი
ბენიტა ფერერო-ვალდნერი
ორშაბათს ლუქსემბურგში შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპის კავშირის აღმოსავლეთის საზღვრებთან არასტაბილურობის თემა განიხილეს. მსჯელობის საგანი იყო მოლდავეთი და უკრაინა. მინისტრებმა ისაუბრეს ასევე მომავალი ორი სამიტის - აღმოსავლეთთან პარტნიორობის ინიციატივისა და კასპიის ზღვის აუზის ენერგორესურსების - შესახებ.

ბოლო თვეებში ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური გამოცდაა აღმოსავლელი მეზობლების სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე შენარჩუნება. მოელოდნენ და ასეც მოხდა: ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო ვალდნერმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის ”ეს წელიწადი რთული” იყო.

ორშაბათის შეხვედრა მიჰყავდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ შვარცენბერგს, რომლის ქვეყანა ევროკავშირს თავმჯდომარეობს. მან თქვა, რომ ევროკავშირი მოწადინებულია აღმოსავლეთთან პარტნიორობის ინიციატივა განხორციელდეს. “რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო და იმისათვის, რომ ჩვენს მეზობლებს მოეთხოვოთ კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა და გამჭვირვალობა, ჩვენი აზრით, ახლა მნიშვნელოვანია ძლიერი მესიჯი გავუგზავნოთ ამ ქვეყნებს: უკრაინას, ბელორუსიას, მოლდავეთს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.”

ევროკავშირის აღმოსავლეთით მოსაზღვრე ქვევნებში არასტაბილურობაზე ლაპარაკისას შორს წასვლა არ არის საჭირო: მოლდავეთი - მართლაც რომ, უახლოესი მეზობელი - ბოლო თვეში არეულობის გამო გახდა საუბრის თემა. იქ საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტურმა ძალებმა მოიპოვეს ერთპიროვნული გამარჯვება. ამას მოჰყვა გამოსვლები, რომლებიც მთავრობამ ჩაახშო. არეულობის შემდეგ მოლდავეთის რუსული ორიენტაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა რუმინეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, გამოსვლების წაქეზებაში დაადანაშაულა, რუმინეთიდან ელჩი გაიწვია და მის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესა. ბრიუსელში კი გავრცელდა მოლდავეთში ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილის კალმან მისზაისათვის პრეზიდენტ ვორონინის ნათქვამი, რომ მოლდავეთს მეგობრები “სხვაგან ჰყავს”. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული მოლდავეთის გამო. კარელ შვარცენბერგმა გუშინ თქვა, რომ მოლდავეთი გამოწვევაა ევროკავშირისთვის:

“ამ ქვეყნის დღევანდელი ვითარება გამოწვევაა ევროკავშირისთვის. ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ სწორი გზა მოლდავეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკის გასაძლიერებლად, რათა მან ჩვენს სტანდარტებს მიაღწიოს. მოველით, რომ მოლდავეთის ქცევა არა მხოლოდ ევროკავშირისა და მისი წევრების მიმართ, არამედ, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნითაც ევროპული ყაიდის იქნება.”

ლუქსემბურგში შეკრებილებმა ორშაბათს, სადილობისას, მოლდავეთის შესახებ იმსჯელეს. ამ დროს, ჩვეულებრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ. მინისტრებმა მოუსმინეს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ კოორდინატორს ხავიერ სოლანას, რომელიც გასულ პარასკევს კიშინიოვს სტუმრობდა. მისი ზრუნვის საგანი იყო, სხვათა შორის, ბედი იმ სამასი ახალგაზრდა აქტივისტისა, რომელთაც საპროტესტო აქციების დროს მომხდარი შეტაკებებისას სცემეს და დააკავეს. ვორონინმა პირობა დადო, რომ მათ გაათავისუფლებდნენ, თუმცა ამის შესახებ დასტური ჯერ არ არსებობს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა, რომელიც კიშინიოვს სტუმრობდა როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე, ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ არც მთავრობას და არც ოპოზიას არა აქვს პოლიტიკური ნება, ერთმანეთს შეხვდნენ, რაც ევროკავშირის მთავარი სურვილი იქნებოდა. ბოლო დღეებში ბრიუსელს არ ემჩნეოდა, რომ აპირებს მოლდავეთის დასჯას, მაგალითად, პრაღის სამიტიდან მის გამოთიშვას. ნიდერლანდი ყველაზე აქტიურად მოითხოვს ევროკავშირისგან, ისეთივე სიმკაცრე გამოიჩინოს მოლდავეთისადმი, როგორიც გამოიჩინა ბელორუსიის მიმართ. მაგრამ გერმანია და პოლონეთი ერთობლივად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ მოლდავეთის იზოლაცია არ შეიძლება და რომ მას ახლა დახმარება სჭირდება, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა დაშლის პირასაა.

მოლდავეთის გადაწყვეტილებამ სავიზო რეჟიმი დაუწესოს ევროკავშირის წევრს, რუმინეთს, თავისი შედეგი მაინც გამოიღო. ევროპის კომისიამ ამ ნაბიჯს მიუღებელი უწოდა, მით უფრო მაშინ,როცა მოლდავეთისა და ევროკავშირის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების თემა განიხილება აღმოსავლეთთან პარტნიორობის პოლიტიკის ფონზე. მოლდავეთისა და ევროკავშირის შეხვედრა დანიშნულია აპრილის ბოლოსთვის.

ორშაბათს,ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სადილზე, უკრაინის საკითხიც განიხილეს. უკრაინაში არეულობა არ ყოფილა, მაგრამ ამ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური პარალიზება ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობას ემუქრება. უკრაინის შემთხვევაშიც გერმანია და პოლონეთი აქტიურობენ. ამ ორმა ქვეყანამ წერილი მისწერა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეს, ჩეხეთს, სადაც შეშფოთება იყო გამოთქმული იქაური ვითარების გამო. ბერლინისა და ვარშავის სურვილია დიალოგი გაიმართოს პოლიტიკურ ძალებს შორის უკრაინაში. მაგრამ ბევრი შიშობს, რომ იქაურ პოლიტიკურ კრიზისს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ე.ი. გაისამდე, ვერაფერი ეშველება.

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ ორშაბათის შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საჭიროა გზების ძიება, რათა უკრაინაში სტაბილურობა დამყარდეს: “ახლა ვნახოთ, დღევანდელი მსჯელობის შემდეგ როგორ შევძლებთ დავეხმაროთ უკრაინას საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მის შემდგომ; ვნახოთ, როგორ წარვმართავთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას.”

როგორც ითქვა,ორშაბათის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მომავალი სამიტების შესახებ ილაპარაკეს. 7 მაისს პრაღაში მიწვეულნი არიან ბელორუსიის, უკრაინის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლები, რომლებთანაც აღმოსავლეთში პარტნიორობის შესახებ ისაუბრებენ. ამ ინიციატივით, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს გარკვეულ შეღავათებს ჰპირდებიან. ბევრს ლაპარაკობენ ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას ირგვლივ. სამიტზე პირადად პრეზიდენტებს არ იწვევენ, ეპატიჟებიან ქვეყნებს და ამ შემთხვევაში მოელიან, რომ ლუკაშენკა წარმომადგენელს მიავლენს პრაღაში.

სამიტზე 27 წევრი და 6 მიწვეული სახელმწიფო მიიღებს ერთობლივ განცხადებას. ამ განცხადების პროექტი უკვე არსებობს. მას განიხილავენ და სამიტამდე ერთი კვირით ადრე დაამტკიცებენ.

მეორე სამიტი პრაღაშივე გაიმართება 8 მაისს. მისი თემა ენერგეტიკაა, კერძოდ, მისი “სამხრეთის დერეფანი”. შეხვედრა მოეწყობა ევროკავშირის, ეგრეთ წოდებული, “ტროიკის” მფარველობით. მასში ამ ეტაპზე შედიან ჩეხეთის პრემიერი ტოპოლანეკი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური კოორდინატორი სოლანა და ევროკომიის თავმჯდომარე ბაროზუ. “ტროიკა” შეხვდება აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს. ამ ქვეყნების მეშვეობით უნდა შეესხას ხორცი ევროკავშირის იმედს - უნდა მოხერხდეს გაზის მიღება რუსეთის გარეშე.

სამიტზე მიწვეულია ექვსი მეთვალყურე ქვეყანა: ერაყი, ეგვიპტე, უზბეკეთი და, ასევე, დაინტერესებული მხარეები - რუსეთი, უკრაინა და აშშ. ამ სამიტის შესახებ იყო დავა, კერძოდ, რუსეთის მიწვვის თაობაზე. გერმანიამ, საფრანგეთთან, იტალიასთან, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებთან ერთად, წინააღმდეგობა გაუწია მათ, ვინც პრაღაში რუსეთის მიწვევას არ ემხრობოდა და თავისას მიაღწია. “სამხრეთის დერეფანი” ევროპის კავშირისთვის იქნებოდა ენერგიით მდიდარ რეგიონთან, რუსეთის გვერდის ავლით, პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG