Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილორად დოდიკი: გონებით - ბოსნიაში, გულით კი - სერბიაში


მილორად დოდიკი
მილორად დოდიკი
მილორად დოდიკი, ეროვნებით სერბი, ბოსნიელი პოლიტიკოსია. ადრე ის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ერთობ მისაღები პირი იყო, ახლა კი მისი დაუღალავი კრიტიკის საგნად იქცა. 50 წლის დოდიკმა იმედი გაუცრუა თანამემამულეებს, როცა ბოსნიელ სერბთა ლიდერს რადოვან კარაჯიჩს წინ აღუდგა, მაგრამ ახლა მას მიიჩნევენ სერბ ნაციონალისტად, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინის არამყარ, მრავალეთნიკურ მშვიდობას საფრთხეს უქმნის. მას ჩვენი კორესპონდენტი ბანია ლუკაში ეწვია, რათა გაერკვია რას ფიქრობს პოლიტიკოსი, რომელიც ნაციონალისტია, სერბია უყვარს, მაგრამ ბოსნიის მთლიანობის მომხრეა, ბოსნიისა, რომლის ერთ-ერთი ნაწილის, სერბთა რესპუბლიკის, პრემიერ-მინისტრიცაა ის.
მილორად დოდიკმა განათლება ბელგრადში მიიღო. ის ახლა ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბიული ნაწილის, “რეპუბლიკა სრპსკას”, პრემიერ-მინისტრია. ამჟამად ბოსნიის სხვა - საკუთრივ ბოსნიელ და ხორვატ - პოლიტიკოსებთან ერთად უზის მაგიდას და საკონსტიტუციო რეფომებს განიხილავს. ეს რეფორმები ევროკავშირში ბევრს ამ ერთეულის ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია, მაგრამ დოდიკისთვის მიუღებელია კონსტიტუციის შეცვლა, რაც, მისი აზრით, ქვეყანაში ხელისუფლების ცენტრალიზებას მოიტანს და სერბთა რესპუბლიკის ავტონომიას დააზარალებს. დოდიკი ამბობს,მათთან ერთად მაგიდას ვუზივარ, რადგან სხვების აზრის მოსმენა კარგიაო. მოლაპარაკებამ ბოლო თვეებში ბევრი პრობლემა მოგვაგვარებინა, მაგრამ ნურავინ მოგვთხოვს “რეპუბლიკა სრპსკას” საკონტიტუციო სტატუსის შეცვლას. ვიცი, მოვა დრო, როცა ბოსნიის კონსტიტუციაში შეტანილი იქნება თანამედროვე მსოფლიოს დემოკრატიული მიღწევების, გაეროს ქარტიის შესაბამისი მუხლი, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს თვითგამორკვევის და გამოყოფის უფლებასო.

თქვენ ემხრობით ბოსნიის, როგორც ფედერაციის, იდეას. ამგვარი ჩარჩოხელშეკრულების გარშემო შეთანხმების მიღწევა ბოსნიის ომამდე შეუძლებელი იყო. რატომ ფიქრობთ, რომ ეს ახლა შესაძლებლია? - ჰკითხა ჩვენმა კორესპონდენტმა დოდიკს. აი, მისი პასუხი:

“ხელშეკრულების მიღწევა შეუძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის ქვეშ. მაგრამ მე მგონია, რომ თუ ჩვენ აქ, ბოსნიაში, უარს ვიტყვით საკუთარ სურვილებზე, შევძლებთ შეთანხმებას. თუმცა ეს შეთანხმება უნდა დაეფუძნოს რამდენიმე მნიშვნელოვან პირობას, რომელთა შორის არ უნდა იყოს ბოსნიის ცენტრალიზაცია. ჩვენ ბოსნიის დაშლის საკითხს არ ვაყენებთ -უბრალოდ, დეიტონის ხელშეკრულებით მოპოვებული ავტონომიის შენარჩუნება გვსურს.”

შეგახსენებთ, რომ თნახმად დეიტონის ხელშეკრულებისა, რომელიც 1995 წელს დაიდო, ბოსნია-ჰერცეგოვინაში შეიქმნა ორი ავტონომია - მუსლიმთა და მაჰმადიანთა ფედერაცია და სერბთა რესპუბლიკა.

მილორად დოდიკი ფიქრობს, რომ ბოსნიაში შეთანხმება შესაძლებელია, თუკი ძალას არავინ იხმარს. დოდიკი ადანაშაულებს 2002-დან 2006 წლამდე საერთაშორისო თანმეგობრობის უზენაეს წარმომადგენელს ბოსნიაში, პედი ეშდოუნს, რომელიც, მისი აზრით, პასუხისმგებელია დესტაბილიზაციისა და მზარდი უფუნქციობისთვის. დოდიკი ბოსნიის მომავალს მხოლოდ ადგილობრივი ძალების გაერთიანებაში ხედავს ყოველგვარი საერთაშორისო ჩარევის გარეშე, გინდ ევროპა იყოს ეს და გინდ აშშ. დოდიკი ბოსნია- ჰერცეგოვინას ახასიათებს როგორც საერთაშორისო პროტექტორატს, რომელსაც დეკრეტებით მართავს უზენაესი წარმომადგენლის ოფისი. დოდიკს უთქვამს, საჭიროა ამგვარ ზეწოლას წინ აღვუდგეთო. რას გულისხმობდა დოდიკი?

“რისი თქმაც მსურდა, ის იყო, რომ აღარ უნდა დავემორჩილოთ გარედან ზეწოლას, რომ დადგა დრო, თვითონ განვახორციელოთ ზეწოლა ჩვენი იდეებისა და მიზნების მისაღწევად. ეს დემოკრატიულიცაა და კანონიერიც - ასე უნდა გაიგოთ ჩემი პოზიცია.”

დოდიკი ეთანხმება შეფასებას, რომ ის, როგორც კანონის და წესრიგის მომხრე, აღიარებს ბოსნია-ჰერცეგოვინას. მან, ამავე დროს, ბელგრადში განაცხადა, სერბები ბოსნიაში მხოლოდ ცხოვრობენ, მათი სამშობლო სერბიააო. რატომ უჭირთ ასე ბოსნიელ სერბებს “რესპუბლიკა სრპსკაში” თავიანთ იდენტიფიკაციას მიაგნონ და თავი მის საზღვრებში ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში? დოდიკი განმარტავს:

“იმიტომ რომ ასეთია საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკა, ასევე - ბოსნიის პოლიტიკა, რომელიც ცენტრალიზებას უჭერს მხარს და იცავს ინტერესებს მაჰმადიანური თემისა, რომელიც წამყვან როლს ასრულებს ბოსნიის სახელმწიფოში, განსაზღვრავს ბოსნიის პოლიტიკას. ამ დროს, სარაევოში სულ უფრო ნაკლები სერბი რჩება. ბოსნიის ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, თვითონ ბოსნიელი, ამტკიცებს, რომ სარაევო ეთნიკურად წმინდა ქალაქია. მე, რა თქმა უნდა, ვაღიარებ დეიტონის შეთანხმებას და ბოსნიას, როგორც ასეთს. მაგრამ, გრძნობების მხრივ, ჩვენ, სერბები, ბუნებრივია, სერბიას ვთვლით სამშობლოდ და ის მიგვაჩნია უფრო ჩვენს ნაწილად, ვიდრე ბოსნია-ჰერცეგოვინა. ბოსნიას ვაღიარებთ, რადგან მოვალე ვართ, რადგან ის ჩვენ მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. მაგრამ ამ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი სიყვარულზე. თუკი სიყვარულზე ვილაპარაკებთ, ეს პირადი გრძნობაა და მე მაქვს უფლება, მქონდეს ეს გრძნობა. სხვაგვარად რომ ვთქვა, ჩვენ კვლავაც ვიქნებით სერბიის საფეხბურთო კლუბების გულშემატკივრები, ისევე როგორც მონაკოში, ფინალში, ვიყავი ნოვაკ ჯოკოვიჩის მხარეს და როგორც ბელგრადის საფეხბურთო კლუბის “პარტიზანის” გამარჯვებას ვზეიმობდი. ვერავინ წამართმევს უფლებას, რადგან ეს ისაა, რაც მიყვარს.”

ასეთი გრძნობები შეიძლება ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს დოდიკს ბოსნიისგან ჩამოშორება და სერბიასთან შეერთება სურდეს. მაგრამ ის კვლავაც იმეორებს, რომ დეიტონის შეთანხმების მომხრეა, რომ სურვილი, სერბია გაძლიერდეს, არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის, რომ ბოსნიაში სერბები თავს კარგად ვერ გრძნობენ, რადგან ბოსნიის ცენტრალიზების გამო მათი რესპუბლიკის როლის შემცირება ხდება. ეს ყველაფერი, მისი თქმით, მუდმივი მღელვარების მიზეზია. დოდიკი იმასაც ამბობს, რომ ბოსნიელები კარგი ადამიანები არიან და რომ პრეტენზია მას მხოლოდ ბოსნიელი პოლიტიკოსების მიმართ აქვს. ჩვენ არაფერი გვინდა იმის გარდა, რომ ვიყოთ ბოსნიის შემადგენლობაშიო, ამბობს ის. ცხადია, საინტერესო იყო, რას ფიქრობს სერბი პოლიტიკოსი სერბიისგან კოსოვოს ოლქის გამოყოფის გარშემო. ის, განსხვავებით სერბიის პრემიერ- მინისტრ ვოისლავ კოშტუნიცასგან, ვერ ავლებს პარალელს კოსოვოსა და ბოსნიის სერბთა რესპუბლიკას შორის. შეიცვლის თუ არა ის აზრს, თუკი საერთაშორისო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას კოსოვოს დამოუკიდებლობის კანონიერების შესახებ?

დოდიკის აზრით, კოსოვოს გამოყოფა სერბიისგან უკანონობა იყო. ბოსნიაში ასეთი ავანტიურის დაწყების უფლება არ გვაქვს, თქვა მან, ჩვენ მხოლოდ დემოკრატიულ და კანონიერ მეთოდებს მივმართავთ. შეიქმნება თუ არა იმის პირობები, რომ “რეპუბლიკა სრპსკა” ამ გზას დაადგეს, გამოჩნდება. მაგრამ პირადად დოდიკს სჯერა, რომ მოვა დრო და მსოფლიო იტყვის, რომ ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება.

შეკითხვას, რით აიხსნება, რომ ასეთი ხანგრძლივი გამოცდილების პოლიტიკოსი ხშირად გამოხატავს გრძნობებს და მოულოდნელ განცხადებებს აკეთებს, მილორად დოდიკი ასე უპასუხებს: იმით, რომ ასეთი ადამიანი ვარ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG