Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცწლიანი არმიის კადრს მიღმა


30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალები 20 წლისა გახდა. ქართული არმიის შექმნის დღესასწაულს საფუძვლად დაედო 1991 წლის პირველი საგაზაფხულო გაწვევა ეროვნულ გვარდიაში - საყოველთაო აღტაცება, პირველი აღლუმი და დიდი იმედები, რომ ეროვნული გვარდია გადაიქცეოდა მყარ ფუნდამენტად დამოუკიდებელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობის გზაზე. მაგრამ სწორედ ეროვნული გვარდიის გახლეჩამ ითამაშა საბედისწერო როლი 90-იანი წლების სამოქალაქო ომში და მრავალი წლით შეაფერხა არმიის მშენებლობის პროცესი. შესაბამისად, ყოველთვის, როცა არმიის წლისთავი ახლოვდება, მტკივნეულად შეგვახსენებს ხოლმე თავს საზეიმო კადრებს მიღმა დარჩენილი სხვა, სასტიკი კადრები, რომელთაც ყველა ჩვენგანი სიამოვნებით ამოშლიდა საქართველოს ისტორიიდან, შესაძლებელი რომ იყოს.


პირველი გაწვევა საყოველთაო აღტაცების ფონზე

საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის დეკრეტით პირველი ქართული სამხედრო ფორმირების - ეროვნული გვარდია-შინაგანი ჯარების - შექმნა დადგინდა. სპეციალურ სამთავრობო კომისიას უნდა განესაზღვრა სამობილიზაციო გეგმა, საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურები, მოეზიდა ეროვნული კადრები ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებიდან და მოეხდინა გაწვევის ორგანიზება. სამთავრობო კომისიის წევრი იყო გადამდგარი გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი, რომელმაც 20 წლის წინ დატოვა საბჭოთა არმიის რიგები და, ეროვნული მთავრობის დავალებით, სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად პირველი შეიარაღებული ძალების ფორმირებას შეუდგა:

„დამიბარა ზვიად გამსახურდიამ. მივედით ორი ოფიცერი, პოლკოვნიკი გოგი პაპავაძე და მე. მოხდა ასეთი გადანაწილება: პოლკოვნიკი პაპავაძე დაინიშნა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსად, ხოლო მე დავინიშნე ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის მეთაურად. დამევალა ბრიგადის ჩამოყალიბება და დავიწყეთ ბრიგადის ფორმირება.“

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას არ რგებია ისეთი ენთუზიაზმი, საყოველთაო აღტაცება და მხარდაჭერა, როგორიც წილად ხვდა საქართველოს ეროვნულ გვარდიას. როგორც ავთანდილ ცქიტიშვილი იხსენებს, 20 წლის წინ, როდესაც საქართველოს მასშტაბით პირველი საგაზაფხულო გაწვევა გამოცხადდა, ყოფილი ლესელიძის სამხედრო სკოლის ბაზას, სადაც სამხედრო-გამწვევი კომისიის დროებითი შტაბბინა მოეწყო, უამრავი გულანთებული ახალგაზრდა მიაწყდა:

„მოთხოვნების დონე იყო ძალიან მკაცრი და მაღალი. და როდესაც ვინმეს უარს ვეუბნებოდით გვარდიაში ჩარიცხვაზე, ცრემლებამდე მიდიოდა საქმე: რატომ მე არ მღებულობთ, სხვას ღებულობთო და ასე შემდეგ... უნდა გაგვეწვია 900 კაცამდე და მსურველი მოვიდა დაახლოებით 7-8 ათასი - დაახლოებით 10-ჯერ მეტი.“

ხაკისფერი მოხდენილი სამხედრო ფორმა, შინდისფერი ბერეტი, კოკარდა, წმინდა გიორგის გამოსახულებით, ეროვნულ გვარდიელთან ასოცირდებოდა და საყოველთაო სიხარულს იწვევდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო ძალის საყოველთაო დათვალიერება, პირველი სამხედრო აღლუმი, 1991 წლის 26 მაისს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა. აღლუმში მონაწილეობდა მეორე გვარდიული ბრიგადა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ვახტანგ (ლოთი) ქობალია, ეროვნული მოძრაობის წევრი, თუმცა პროფესიით არასამხედრო. როგორც ლოთი ქობალია იხსენებს, მეორე გვარდიული ბრიგადა აერთიანებდა აფხაზეთის ავტონომიურ ტერიტორიაზე შექმნილ გვარდიულ ქვედანაყოფებსაც:

„რასაკვირველია, ჩვენ გვყავდა აფხაზეთის გვარდიაც, აფხაზური ეროვნების გვარდიაც იყო ჩვენთან. ჩვენ გვყავდა გალის, გულრიფშის, გაგრისა და სოხუმის ბატალიონები, ოთხი ბატალიონი. და ამაში, თქვენ წარმოიდგინეთ, აფხაზი ოფიცრებიც იყვნენ და აფახაზური გვარდიაც შედიოდა [მეორე ბრიგადაში].“


გვარდიის გახლეჩა და სამოქალაქო ომი

თუმცა ეროვნული გვარდიის მიმართ ხალხის საყოველთაო სიყვარული დაახლოებით ერთ წელიწადში რადიკალურად შეიცვალა. ამის მიზეზი გახდა ეროვნული გვარდიის ორად გახლეჩა 1991 წლის აგვისტოში, თენგიზ კიტოვანის მეთაურობით დაუმორჩილებელი გვარდიელების გასვლა რკონის ხეობაში, შემდეგ დაბანაკება თბილისის ზღვაზე და ტელევიზიასთან, მაშინ როცა ეროვნული გვარდიის მეორე ნაწილი, ლოთი ქობალიას მეთაურობით, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ერთგული დარჩა და მთავრობის სახლს იცავდა. თენგიზ კიტოვანს და მის მომხრეებს დღემდე სჯეროდათ, რომ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უღალატა ეროვნულ გვარდიას, რუსეთის აგვისტოს „პუტჩის“ დროს იანაევ-იაზოვ-პუგოს ბრძანებით გააუქმა ეროვნული გვარდია, როცა მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო შენაერთების შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაყვანის თაობაზე. ზოგიერთი, შესაძლოა, 19 წლის შემდეგაც ასე ფიქრობდეს, თუმცა ძველი გვარდიელების უმრავლესობა დღეს დარწმუნებულია, რომ ისინი გარკვეული პოლიტიკური ძალების თამაშის მონაწილენი აღმოჩნდნენ.

„საქმე იმაშია, რომ ზვიად გამსახურდიამ, გვარდიის გადარჩენის მიზნით, უარყო ზოგიერთი პუნქტი [დეკრეტისა] და ეროვნული გვარდია-შინაგანი ჯარები შეიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში. მაგრამ თენგიზ კიტოვანს უდიდესი ამბიციები ტანჯავდა ამასთან დაკავშირებით და მან ერთპიროვნულად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ახლა, როცა ანალიზს ვაკეთებ იმდროინდელი მოვლენებისა, აქ ძალიან დიდი კონტაქტიც კი ჩანს მოსკოვთან დაკავშირებით“, - ამბობს გადამდგარი გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი.

თუმცა ანალიზის და სინანულის დრო მოგვიანებით დადგა. 19 წლის წინ კი წინა პლანზე იდგა ემოციები და არა საღი აზრი. პროცესები საბედისწეროდ და ძალიან სწრაფად განვითარდა. ხელისუფლებისაგან განდგომილ ეროვნულ გვარდიას მიემხრნენ ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე ოპოზიციური ძალები და ქართული ინტელიგენციის ნაწილი. 1991 წლის დეკემბერში სწორედ ორად გახლეჩილი ეროვნული გვარდიის შეტაკებით დაიწყო სამოქალაქო ომი, რასაც მოჰყვა ზვიად გამსახურდიას მთავრობის დამხობა და გაქცევა საქართველოდან, შეტაკებები დასავლეთ საქართველოში და წელიწადნახევრიანი შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში, რაც საქართველოს არაორგანიზებული და დაქსაქსული სამხედრო ძალების კატასტროფით დასრულდა. იმ პროცესების აქტიური მონაწილე პოლკოვნიკი ლოთი ქობალია, რომელსაც სიკვდილმისჯილთა საკანშიც კი მოუწია ყოფნა სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილი უმძიმესი განაჩენის გამო, დღეს ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს ორად გახლეჩილი ქართველი სამხედროების მიერ მოძმეთა დაღვრილ სისხლს:

„მე პირდაპირ გეტყვით: ვინც მე ტყვია მესროლა, მე მას პირადად ვაპატიე. იმან შეიძლება ეს არ იცის, მაგრამ მე ვიცი, რომ მან ტყვია მესროლა. და როცა ვხვდებით, ერთმანეთს ვკოცნით. ვინც თანამოაზრეები ვართ, ის ხალხი დღესაც მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენი წვლილი მივუძღვნათ საქართველოს.“

არანაკლებ დრამატული იყო 20-წლიანი საქართველოს არმიისათვის 1998 წელი, პოლკოვნიკ აკაკი ელიავას ამბოხი, ეროვნული გვარდიის მიერ მოწყობილი ე.წ. მშიერი ბუნტი 2001 წელს მუხროვანში და იმავე ადგილას 2009 წლის მაისში, ბრძოლები ცხინვალის რეგიონში 2004 წლის ზაფხულში, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომი, რომლის დროსაც ყველაზე დიდი მსხვერპლი, 170 ჯარისკაცისა და ოფიცრის სახით, სწორედ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გაიღეს. ქართველი ჯარისკაცები დღეს იბრძვიან და იღუპებიან ასევე ავღანეთში ამ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასამყარებლად.

ზოგჯერ ჩვენ, ქართული არმიის ქომაგებსა და გულშემატკივრებს, კრიტიკული აზრი გვაქვს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ასეთი დიდი რაოდენობით ყოფნის მიზანშეწონილობის თაობაზე, ვდავობთ და ვკამათობთ სამხედრო რეფორმების მართებულობაზე, ძველი თაობის ოფიცრების მასობრივი დათხოვნისა თუ შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ სახელმწიფოებრივი მიდგომის ჰუმანურობაზე, მაგრამ ერთ რამეში ყველანი ვთანხმდებით და ესაა 20 წლის წინანდელი მოვლენების მთავარი გაკვეთილი: რაც უფრო შორსაა არმია პოლიტიკური პროცესებისაგან, მით უფრო ჯანსაღია მხედრული სული და მაღალია ჯარის ავტორიტეტი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG