Accessibility links

14 ივნისს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების არჩევნები გაიმართება


ნიკა გვარამია - განათლების მინისტრი

ნიკა გვარამია - განათლების მინისტრი

საქართველოს 2000-ზე მეტ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს ხელახალი არჩევნები მიმდინარე წლის 14 ივნისს გაიმართება. განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი პროცედურების მიხედვით, 25-დან 30 მაისის ჩათვლით სამეურვეო საბჭოების საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება. სამეურვეო საბჭოს არჩევნები ერთგვარი მოვლენაა სკოლების ცხოვრებაში.

საჯარო სკოლის თვითმმართველ ერთეულად ჩამოყალიბების პროცესში სამეურვეო საბჭოები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. სამეურვეო საბჭოს კანონმა „ზოგადი განათლების შესახებ“ ისეთი ვალდებულებები განუსაზღვრა, როგორებიცაა სკოლის დირექტორის არჩევა, სკოლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება, სასკოლო სასწავლო გეგმისა და სასურველი სახელმძღვანელოების ნუსხის დამტკიცება და ა.შ. სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნები საქართველოს საჯარო სკოლებში 2006 წლის ივნისში გაიმართა. განათლების რეფორმის ერთ-ერთი ნოვაციის, რიგით პირველი სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილების ვადა პრაქტიკულად ამოიწურა. რამდენად ეფექტური და ქმედითი აღმოჩნდა საჯარო სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო? ამ შეკითხვით საქართველოს განათლების სამინისტროს რეგიონალური კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსს სანდრო ჟურულს მივმართეთ.

„პირველი ნაბიჯები იყო. ზოგ სკოლაში გაამართლა, ზოგ სკოლაში ვერ გაამართლა. ამ უკვე ძველმა სამეურვეო საბჭოებმა დაახლოებით 1000 სკოლაში დირექტორები აირჩიეს. ზოგმა ჩათვალა, რომ ეს არჩევანი არ იყო სწორად გაკეთებული. რამდენიმემ - დაახლოებით 50-მდე სკოლამ - შეცვალა გადაწყვეტილება და გაათავისუფლა თავისი არჩეული დირექტორი, მაგრამ ძირითადი ნაწილი, ანუ ათასამდე დირექტორი, წარმატებით მუშაობს.“

თუმცა სანდრო ჟურული ამასთან ერთად იმასაც აღიარებს, რომ, ცალკეულ შემთხვევებში, სკეპტიკოსთა მოსაზრებებსაც აქვს საფუძველი. სკეპტიკოსები კი სამეურვეო საბჭოებს ფიქციად, დირექტორის ფორმალურ დანამატად და ადმინისტრაციულ რგოლში უმოქმედო ელემენტად მიიჩნევენ. პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მანანა ღურჭუმელიძის შეფასებით, საქართველოს საჯარო სკოლების 95 პროცენტში სამეურვეო საბჭოები პასიურები იყვნენ და მათ არჩევნებსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

„სადღაც ძალიან ცოტა პროცენტი იყო, სადაც სამეურვეო საბჭომ თითქოს გადაწყვიტა, რომ თავისი ფუნქცია შეესრულებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, სამეურვეო საბჭოს წევრი მასწავლებლები იმდენად დაუცველნი იყვნენ, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ და ვერც შეძლეს თავიანთი ფუნქციის შესრულება და ისინი გაათავისუფლეს სამსახურებიდან. ასეთი იყო დედოფლისწყარო, 149-ე, სახაშეთი და ბევრი სხვა სკოლა. ძალიან ცოტა იყო სკოლები, სადაც შეძლეს, რომ თავიანთი სიტყვა ეთქვათ. თუმცაღა ამის გამო ამ სისტემაზე უარის თქმა, მე ვფიქრობ, არ არის სწორი.“

პირველმა საბჭოებმა დაასაბუთეს, რომ სკოლები თვითმმართველობისთვის მზად არ იყვნენ, - დასძენს მანანა ღურჭუმელიძე. სამეურვეო საბჭოები, როგორც ინსტიტუცია, შედგა, თუმცა არის ხარვეზებიც, რომლებიც გამოცდილების სიმცირითაა განპირობებული. ასე კი განათლების მინისტრი ნიკა გვარამია ფიქრობს. მისი აზრით, საკანონმდებლო რეგულირება საკმარისი არ არის და სამინისტრომ სამეურვეო საბჭოს წევრებს საგანგებო ტრენინგებიც უნდა ჩაუტაროს.

სამეურვეო საბჭოები, სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტის რიცხოვნობის შესაბამისად, 12 ან 6 წევრის შემადგენლობით აირჩევა. საბჭოს მასწავლებლები, მშობლები და ერთი მოსწავლე აკომპლექტებენ. რიგით მეორე საბჭოების არჩევნები საჯარო სკოლებში 14 ივნისს გაიმართება. სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებმა საარჩევნო კომისიებს განცხადებით 3-დან 10 ივნისის ჩათვლით უნდა მიმართონ.
XS
SM
MD
LG