Accessibility links

logo-print

"მაესტროს" ხელმძღვანელი აფეთქებას ტერაქტად აფასებს


მამუკა ღლონტი პრესკონფერენციაზე

მამუკა ღლონტი პრესკონფერენციაზე

"მაესტროს" შენობასთან წუხელ მომხდარ აფეთქებას ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ღლონტმა ტერორისტული აქტი უწოდა. ღამის სამ საათზე უცნობმა პირმა შენობაში ხელყუმბარა შეაგდო. აფეთქების კვალი ეტყობა შენობის შესასვლელ ნაწილს, დაზიანებულია რკინის კარი, თუმცა არავინ დაშავებულა.

მამუკა ღლონტის განცხადებით, აფეთქებას, შესაძლოა, მსხვერპლიც მოჰყოლოდა, შესასვლელი კარი, ჩვეულებისამებრ, ღია რომ ყოფილიყო. "კარი ხშირად გვაქვს გაღებული, თუმცა გუშინ, ბედად, კარი დაკეტილი იყო" - თქვა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ღლონტმა.

მან აღნიშნა, რომ შემთხვევიდან 20 წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დახმარება სთხოვა წერეთლის გამზირზე მდგარ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელმაც მანქანით დატოვა იქაურობა. მისივე თქმით, საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე ერთი საათის შემდეგ მივიდა, კრიმინალური სამსახური კი მხოლოდ ორი საათის შემდეგ გამოჩნდა.

პოლიციის მისვლამდე ტელევიზიის ოფისთან მივიდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ადგილზე მისულმა ნინო ბურჯანაძემ - ორშანიზაციის "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა - მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულა და მას ბრალი დასდო "დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დაშინებაში".

დღეს შემთხვევის შესახებ განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც, რომელმაც მომხდარის სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა და განაცხადა: "ტელეკომპანიისთვის ბომბის სროლა წარმოადგენს არა მხოლოდ მძიმე კრიმინალს, არამედ არის თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვის მორიგი მცდელობა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებას”. სუბარმა დაამატა, რომ აუცილებელია გაირკვეს, რა გახდა შემთხვევის ადგილას პატრულის დაგვიანებით მისვლის მიზეზი.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხართან დაკავშირებით დაიწყო წინასწარი გამოძიება. სამინისტრომ ტელეკომპანია “მაესტროს” მიმართა თხოვნით, გამოძიებას მიაწოდოს ტელეკომპანიის კუთვნილ სამეთვალყურეო კამერაზე აღბეჭდილი ჩანაწერი, მაგრამ ტელეკომპანიაში განაცხადეს, რომ ასეთ ჩანაწერს არ ფლობენ.
XS
SM
MD
LG