Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სეზონი ზაფხულში იწყება?


თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მაყურებელთა დარბაზი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მაყურებელთა დარბაზი
მთელს მსოფლიოში კულტურის სეზონი ზაფხულში იხურება. საქართველოში, პირიქით, კულტურული ცხოვრება, როგორც ჩანს, ახლა იწყება; თბილისში ნელ-ნელა კარვებს იღებენ (ან ცვლიან); ქეთი დოლიძე აღარ ამბობს, ამა თუ იმ ფესტივალს ბოიკოტი გამოვუცხადოთო; ცალკეულ კულტურულ აქციებზე ვრცელდება ახლა უკვე ხელისუფლების წარმომადგენელთა გზავნილები, მაგალითად, გია ბარამიძის „გზავნილი“ – „რუსთავი 2“-ისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენელი ასე ხსნის ამ კვირაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში აქცია-გამოფენა „გახსენის“ მნიშვნელობას: „ეს სათაურიც, მოწოდება, რასაც მიეძღვნა ეს აქცია - ‘გახსენი’... მოგვიწოდებს, რომ გავხსნათ ჩვენი გულები, გავხსნათ ჩვენი ტვინი, გავხსნათ კარები, თუკი რაიმე კარი არის დახშული.“

ხელისუფლების წარმომადგენელი „დახშულ ტვინსა“ და „დახურულ კარებს“, ფაქტობრივად, ერთმანეთთან აიგივებს. თუმცა, თანამედროვე ქართული კულტურა, როგორც ჩანს, აღარ ელოდება, როდის გაიხსნება კარი ქვეყანაში ხელოვნებისთვის, როდის გახდება საზოგადოებისთვის საინტერესო არა ის, თუ რა უთხრა რომელიმე ოპოზიციონერმა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს (და პირიქით), არამედ ის, თუ რა შეიქმნა ახალი ქართულ მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში... ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობა კვლავაც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება თავად ახშობს სივრცეს, მათ შორის, კულტურულ სივრცეს. თუმცა კულტურა, ეტყობა, დაუსრულებლად ვერ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ცხოვრებაზე - ხალხს, რაოდენ დაძაბულიც უნდა იყოს ვითარება ქვეყანაში, ყოველთვის მოუნდება კარგი მუსიკის მოსმენა, კარგი ფილმის თუ სპექტაკლის ნახვა - განურჩევლად იმისა, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს უჭერს მხარს.

რატომღაც მგონია, რომ სწორედ ეს ეტაპი დადგა დღეს საქართველოში. მერე რა, რომ ზაფხულია - ცოტა ხანში დაცხება და დედაქალაქი დაცარიელდება. ჯერ კიდევ არის დრო, რათა გაზაფხულზე დაგროვილი „კულტურული ენერგია“ გარეთ გამოვიდეს. ან -ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ, 30 ქართველი მხატვრის გამოფენის სათაურს თუ გავიხსენებთ - „გაიხსნას“. ამას ადასტურებს ივნისის კულტურული ცხოვრების აფიშაც.

"დონ ჯოვანის" აფიშა ოპერის მოყვარულებს განახლებულ სპექტაკლზე იწვევს
მოცარტის მუსიკა აჟღერდება 9 ივნისს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. დირიჟორმა გოგი ჭიჭინაძემ და რეჟისორმა ლელა გვარიშვილმა აღადგინეს 1983 წელს მიხეილ თუმანიშვილისა და ჯანსუღ კახიძის მიერ დადგმული ოპერა „დონ ჯოვანი“ - სპექტაკლი, რომლის პრემიერას 1983 წელს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თუმცა, მაშინ დადგმის ოპონენტებიც კი აღნიშნავდნენ, რომ მიხეილ თუმანიშვილმა, ქორეოგრაფ იური ზარეცკისა და დირიჟორ ჯანსუღ კახიძესთან ერთად, სრულიად ახლებურად გაიაზრა მოცარტის ოპერის დრამატურგია, მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო მოქმედებას, პლასტიკას. ოპერის თეატრის მაშინდელმა სოლისტებმა ამ ამოცანას მშვენივრად გაართვეს თავი. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ თავს დღევანდელი სოლისტები: ნიკოლოზ ლაგვილავა, მამუკა ტეფნაძე, ირინა რატიანი, მიშელინა ქობალიანი, ნინო ჩაჩუა, ტარიელ ჭიჭინაძე და სხვები.

ჰერმან ლევენსკიოლდი
მუსიკა ბალეტ „სილფიდასთვის“, რომლის ავტორი ნორვეგიელი კომპოზიტორი ჰერმან ლევენსკიოლდია, ცხადია, მოცარტისას ვერ შეედრება. მაგრამ კლასიკურ ბალეტში მუსიკას არც აქვს ასეთი პრეტენზია - მუსიკა, ფაქტობრივად, მხოლოდ აკომპანემენტია ქორეოგრაფიისთვის. „სილფიდას“ ქორეოგრაფი კი არის ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი იმათგანია, კლასიკური ბალეტის ენა რომ შექმნა - აუგუსტ ბურნონვილი. ამ დღეებში დანიელი ქორეოგრაფის გვარი თბილისის ოპერის თეატრის საიტზეც გაჩნდა - თეატრის საბალეტო დასი მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება. ჩვენი ოპერის სცენაზე დაიდგმება ბურნონვილის ბალეტი „ციმბირიდან მოსკოვამდე“, რომლის პრემიერა 1876 წელს შედგა კოპენჰაგენში და მას შემდეგ არსად დადგმულა. სპექტაკლის აღდგენაზე იმუშავებს ბურნონვილის მთავარი სპეციალისტი მსოფლიოში ფრანკ ანდერსენი. რამდენად უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ამ თითქმის ყველასთვის უცნობი ბალეტის პრემიერა თბილისში 22 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი, მაგრამ სპექტაკლის რეკლამირება უკვე დაიწყო: ოპერის თეატრის დირექცია იუწყება, რომ პრემიერის წინ გაიხსნება დანიელი ქორეოგრაფის შემოქმედების ამსახველი გამოფენა და ჩატარდება ბურნონვილის სემინარი. ანუ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც დასავლეთში - ოპერის თეატრი თავის რეპერტუარს თითქმის ნახევარი წლით ადრე წარმოადგენს, რათა ოპერისა და ბალეტის მოყვარულებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავიანთი ცხოვრება დაგეგმონ - შვებულება აიღონ ოქტომბერში და საქართველოში ჩამოვიდნენ. რატომაც არა? ჯერ ერთი, კლასიკოსი ქორეოგრაფის უცნობი სპექტაკლი, დადგმული ნინო ანანიაშვილის თეატრში, თავისთავად უკვე მნიშვნელოვანი მოვლენაა ბალეტის მოყვარულებისთვის მთელს მსოფლიოში. თანაც, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექცია პრემიერაზე დასწრების მსურველებს სთავაზობს საგანგებო ოთხდღიან პროგრამას, მათ შორის, საქართველოს დათვალიერებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში, თვით ისეთ არაკომერციულ დარგშიც კი, როგორიც კლასიკური ბალეტია, ნელ-ნელა მკვიდრდება ბიზნესი. კულტურა ქვეყნის გაცნობის, ტურიზმის განვითარების არაჩვეულებრივი საშუალება ხდება. ეს ნორმალურია. თუმცა, რამდენად ადვილად განხორციელდება ეს ყველაფერი ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ცხოვრებას არასოდეს აქვს ნორმალური სახე, უკვე სხვა საკითხია.

ასეა თუ ისე, ზაფხულის დადგომასთან ერთად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კულტურულ ცხოვრებას არავინ და არაფერი ემუქრება და რომ ვერავინ ჩაშლის უკვე დაგეგმილ კულტურულ პროექტებს. ეს, ცხადია, არაა პოლიტიკოსების დამსახურება - არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის. უბრალოდ, კულტურაა ასეთი: ითმენს, ითმენს და, ბოლოს, გარეთ გამოდის დაგროვილი ენერგია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG