Accessibility links

logo-print

მოსკოვი აქტიურად ეწინააღმდეგება საქართველოში საერთაშორისო მისიების მუშაობას


15 ივნისს იწურება გაეროს მეთვალყურეთა მისიის საქართველოში მუშაობის ვადა და, თუკი შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, გაეროს მისია საქართველოს დატოვებს. შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ნიუ-იორკში მიმდინარე მოლაპარაკებები სასურველ შედეგს მოიტანს და გაეროს მისია არ გაიზიარებს ეუთოს მისიის ბედს. რუსეთი კი, საკითხის გადაწყვეტის შანსს კვლავაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუკი მის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიები ამოქმედდება.

კრემლი ფიქრობს, რომ გაეროსა და ეუთოს მისიების საკითხის დადებითად გადაწყვეტა ერთ დღეშიც მოხერხდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა აგვისტოს ომის შემდეგ აღმოცენებულ ”ახალ რეალობას” გაითვალისწინებს. ამ ახალი რეალობის მიხედვით, კრემლი, უკვე თითქმის ერთი წელია, საქართველოს საზღვრებში სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ხედავს და ახლა სულ უფრო აქტიურად ცდილობს, რომ სხვებსაც ერთი სამად დაანახვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაეროსა და ეუთოს მუშაობა რეგიონში წარმოუდგენელია რუსეთის ხელისუფალთათვის და, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვისაც.

”თუკი გეოპოლიტიკური ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ და მიზნად დავისახავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობას ძველ საზღვრებში (საზღვრებში, რომელიც თავად ბატონმა სააკაშვილმა გათელა), მაშინ აქედან არაფერი გამოვა, რადგანაც ეს მორიგი ვირტუალური პროექტია და ის მოწყვეტილია ახალ რეალობას. ამ პროექტს, უპირველეს ყოვლისა, არც აფხაზეთში მიიღებენ და არც სამხრეთ ოსეთში. ამ პროექტს არც რუსეთი დაუჭერს მხარს. არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ გაერომ - აფხაზეთში, ხოლო ეუთომ სამხრეთ ოსეთში იმუშაოს. საჭიროა მხოლოდ ის, რომ სიტუაციის პოლიტიზება არ მოხდეს. უნდა ვიხელმძღვანელოთ დედამიწაზე შექმნილი ახალი რეალობით. ის შეიქმნა არა ჩვენი, არამედ ბატონ სააკაშვილის არჩევანის მიხედვით”, - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა 10 ივნისს მოსკოვში, პრესკონფერენციაზე, რომელიც მან გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად გამართა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, თავის მხრივ, არაფერი უთქვამს საქართველოში გაეროსა და ეუთოს მისიებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ, აგვისტოს ომის გამო, საქართველოს საკითხთან მიმართებით გერმანიასა და რუსეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ ახლა აუცილებელია რეგიონში სიტუაციის დამშვიდება და ამ საკითხზე ერთობლივი მუშაობა. როგორ და რანაირად - შტაინმაიერს არ დაუკონკრეტებია.

იმავე დღეს, 10 ივნისს, თბილისში პრესკონფერენციას მართავდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი. მან მწუხარებით მოიხსენია ეუთოს მეთვალყურეთა მისია საქართველოში, რომელსაც, რუსეთის მიერ დადებული ვეტოს გამო, მუშაობის უფლება მხოლოდ 30 ივნისამდე აქვს და გამოხატა იმედი, რომ გაეროს მისიასაც იგივე არ მოელის 15 ივნისის შემდეგ: ”ვიმედოვნებ, რომ რუსებსაც და უშიშროების საბჭოს ყველა სხვა წევრს, ყველას ჩვენ გვაქვს პრაგმატული ხედვა, რომ გაეროს მისია შენარჩუნდეს საქართველოში. იმიტომ, რომ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება რეგიონში, გვჭირდება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ვიმედოვნებ, რომ ნიუ-იორკში მიმდინარე დისკუსიები აფხაზეთის შესახებ უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე ეს იყო სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში.”

მიუხედავად ფილიპ გორდონის მიერ გამოხატული იმედისა, რომ მოსკოვი საკითხს სათანადოდ იაზრებს, რუსეთისა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა 4 მუდმივი წევრის, მათ შორის შეერთებული შტატების, ხედვები და აღქმები ერთმანეთისაგან აშკარად განსხვავებულია. ფილიპ გორდონმა 10 ივნისს თბილისშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თბილისს იმედი აქვს, რომ მეგობარი ქვეყნები საქართველოს ინტერესებს გაეროშიც დაიცავენ.
XS
SM
MD
LG