Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალჟირის” პატიმართა პორტრეტები


რეპრესიის მსხერპლთა მემორიალი აკმოლინსკში
რეპრესიის მსხერპლთა მემორიალი აკმოლინსკში
2002 წლიდან საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალმა" და ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა წამოიწყეს ერთობრივი პროექტი სახელწოდებით "ქალთა ბედი სტალინის დროს"; გამოსცეს წიგნი "'ალჟირის' ტყვეები" ("ალჟირს" უწოდებდნენ ყაზახეთის ქალაქ აკმოლინსკში, ვითომ "სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისთვის" განკუთვნილ ბანაკს). ალჟირი რუსულად ასე იშიფრება: Акмолинский лагерь жен изменников родины". "მემორიალის" მიერ გამოცემულ წიგნში საქართველოდან გადასახლებული ქალებიც არიან. სწორედ მათ ეძღვნება ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ გამოცემული კრებული - "ალჟირის პატიმართა პორტრეტები".

ეს ადამიანები - რეპრესირებულთა შვილები, რომლებიც თავიანთ დედებს იგონებენ წიგნში ” ’ალჟირის’ პატიმართა პორტრეტები”, პირველად დაესწრნენ საჯარო დისკუსიას ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში. ყურადღებით უსმენდნენ მომხსენებლებს, ცრემლიც მოერიათ, თუმცა თავად მაინცდამაინც არ უაქტიურიათ - ამ ადამიანებისთვის, რომელთა, ასე ვთქვათ, ”ზეპირი ისტორიებია” ბიოლის ფონდის მიერ გამოცემული წიგნი, ადვილი არაა იმ ეპოქის გახსენება. დიდი დრო დასჭირდათ წიგნის ავტორებს (შემდგენელი - ნინო ლეჟავა, რედაქტორი - ნინო ბექიშვილი, ფსიქოლოგი - მარიამ სეხნიაშვილი და ისტორიკოსი - მაკა ლევიცკი), რომლებმაც 2005 წელს ითავეს აკმოლინსკის ბანაკის ტყვე ქალთა შვილების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება, ინტერვიუს ჩაწერა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ საზოგადოება ”მემორიალის” რუსულმა განყოფილებამ რეპრესირებული ცოლების ბანაკს დიდი კრებული მიუძღვნა - ბიოგრაფიული ცნობები იმ ქალებისა, რომლებიც ”ალჟირის” ბანაკში იხდიდნენ სასჯელს. როგორც კრებულის შემდგენელი ნინო ლეჟავა ამბობს, საქართველოდან გადასახლებულებს კრებულში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმოთ.

გეგმა კარლაგის ბანაკების ქსელისა, რომელშიც "ალჟირიც" შედიოდა
კრებულში, რეპრესირებულთა შვილებთან 18 ინტერვიუს გარდა, ჩართულია არსენი როგინსკისა და ალექსანდრ დანიელის სტატია ”აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისთვის” და ლევან გიგინეიშვილის ესე ”საქართველო-ალჟირი -საქართველო... ერთი ეპიზოდი 1936-38 წლების სტალინური რეპრესიებიდან”... ასე ჰქვია ლევან გიგინეიშვილის ესეს, თუმცა ეს ერთი ეპიზოდი, ფაქტობრივად, მთელი ისტორიაა - რეპრესიების ხანის სახე... ამ განსხვავებულ ადამიანებს ბევრი, ძალიან ბევრი რამ აერთიანებთ.

ახალი წიგნის პრეზენტაციაზე სტალინის ეპოქის გააზრების აუცილებლობაზე ისაუბრა წიგნის რედაქტორმა ნინო ბექიშვილმაც.

ადამიანები, რომელთაც, როგორც პრეზენტაციაზე წიგნის რედაქტორმა ნინო ბექიშვილმა აღნიშნა, მოუსპეს არჩევანი... რა ვიცით ჩვენ მათ შესახებ? იმ ”ალჟირისგან”, რომელიც ჩრდილოეთ ყაზახეთში მდებარეობს, დღეს ხომ მხოლოდ მემორიალია დარჩენილი - ხსოვნის კედელი 7 620 ქალის სახელით და საბრალდებო დასკვნები ერთი და იმავე ფორმულით: ”ცხოვრობდა ქმართან ერთად... ამდენი და ამდენი წელი.. მისთვის ცნობილი იყო ქმრის მიერ წარმოებული კონტრრევოლუციური საქმიანობა, მაგრამ საგამომძიებლო ორგანოებს არ შეატყობინა”.

მხოლოდ და მხოლოდ ეს... დანარჩენს ამ ზეპირი ისტორიებით, რეპრესირებულთა შვილების ნაამბობით გავიგებთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG