Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონდურასის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თანამდებობას დაიბრუნებს


ჰონდურასიდან გაძევებული პრეზიდენტის მომხრეები პროტესტს გამოთქვამენ მანუელ სელაიას ჩამოგდების გამო
ჰონდურასიდან გაძევებული პრეზიდენტის მომხრეები პროტესტს გამოთქვამენ მანუელ სელაიას ჩამოგდების გამო
კვირას, გამთენიისას, ჰონდურასის პრეზიდენტი მანუელ სელაია სამხედრო პირებმა თანამდებობიდან გადააყენეს - ის უცერემონიოდ ჩასვეს თვითმფრინავში და ქვეყნიდან გააძევეს. დემოკრატიულად არჩეული სელაიას გადაყენება ბევრმა ქვეყანამ დაგმო, თუმცა, ამის მიუხედავად, ჰონდურასში უკვე დაინიშნა დროებითი პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ, თავდაპირველი მსგავსების მიუხედავად, ეს მოვლენა განსხვავდება ლათინური ამერიკისთვის ტრადიციული გადატრიალებებისგან - ჰონდურასის სამხედრო ძალა ირწმუნება, რომ ის ამ ნაბიჯით კონსტიტუციას იცავდა.

შექმნილი ვითარება აბსურდული და ცოტა სასაცილოც კია.

მშვიდად მძინარე პრეზიდენტ სელაიას გამთენიისას თავს დაადგა ასობით მძიმედ შეიარაღებული სამხედრო, რომლებმაც მას მხოლოდ რამდენიმე წუთი მისცეს ტანსაცმლის ჩასაცმელად. ამის შემდეგ ის სწრაფად ჩასვეს სამხედრო თვითმფრინავში და კოსტა-რიკაში გაუშვეს.

ქვეყნის მოსახლეობამ გაღვიძებისთანავე შეიტყო, რომ მათი პრეზიდენტი - რეგიონის ერთ-ერთი ახალი მემარცხენე ლიდერი მანუელ სელაია - გადააყენეს, საპრეზდიენტო სასახლეში კი ახალი ფიგურა - რობერტო მიკელეტი - დახვდათ, რომელსაც სელაიას ვადიდან დარჩენილი ექვსი თვის განმავლობაში პრეზდენტის უფლებამოსილების შესრულება დაეკისრა.

რამდენადაც ცნობილია, გადატრიალება უსისხლოდ მოხდა. ეს უკვე თავისთავად წარმოადგენს დადებით ცვლილებას რეგიონალურ ტრადიციაში, თუკი გავიხსენებთ, ლათინურ ამერიკაში რამდენი ლიდერის მმართველობა დასრულდა სისხლით - იქნება ეს ნიკარაგუას დიქტატორი ანასტასიო სომოსა, რომლის დაჯავშნული ლიმუზინიც ააფეთქეს, თუ ჩილეს მემარცხენე მმართველი სალვადორ ალიენდე, რომელიც მისი სასახლის დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.

ჰონდურასში კი ყველა ირწმუნება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდა. უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ მან სამხედროებს ვითარებაში ჩარევის უფლება მისცა იმისათვის, რომ თავად სელაიას არ დაერღვია კონსტიტუცია. ამასთან, ცხადდება, რომ ეროვნულმა კონგრესმა დროებით,იანვარში დანიშნული არჩევნების ჩატარებამდე, პრეზიდენტად კანონიერად აირჩია რობერტო მიკელეტი.

რობერტო მიკელეტი
მიკელეტიმ, რომელმაც სწრაფად გასცა ორდღიანი კომენდანტის საათის ამოქმედების ბრძანება, ქვეყნის მოსახლეობას კვირას მიმართა: "ამით სასამართლოს განაჩენი სისრულეში მოდის. საკონსტიტუციო განაჩენი უნდა დარღვეულიყო. ჩვენი ქვეყნის კანონები სამუდამოდ უნდა დარღვეულიყო და, სწორედ ამიტომ, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც მოუსმინა რესპუბლიკის სახალხო პროკურორს, უზენაეს სასამართლოს და გაიგო, რა ემართებოდა ეროვნულ კონგრესს."

ჰონდურასის ოფიციოზის გულისწყრომის მიზეზი გახდა სელაიას გეგმა, ჩატარებულიყო რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომელიც პრეზიდენტს მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევის უფლებას მისცემდა. ამჟამად ჰონდურასში პრეზიდენტს მხოლოდ ერთი ვადით ირჩევენ.

სელაიას ოპონენტების განცხადებით, კონსტიტუცია არ უშვებს ამგვარი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას.

ჰონდურასის მმართველმა მდიდარმა ელიტამ ეს რეფერენდუმი გრძელი პროცესის დასაწყისად აღიქვა და მიიჩნია, რომ ბოლოს სელაია თავს სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადებდა. ელიტის წარმომადგენლები კარგად იცნობდნენ სელაიას მეგობრის და მემარცხენე მოკავშირის უგო ჩავესის მაგალითს - ჩავესმა ქვეყნის კონსტიტუცია შეცვალა და ახლა მას უფლება აქვს პრეზიდენტად მუდმივად იყაროს კენჭი.

სელაია აცხადებს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებას დაიბრუნებს. კვირას მან სან-ხოსეში პრესკონფერენცია გამართა და შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

”მე ვრჩები ჰონდურასელი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტად და, ამასთან ერთად, გაცნობებთ, რომ დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში. დავბრუნდები როგორც პრეზიდენტი და ქვეყანას ვმართავ. დღეს მათ ძალით გამაძევეს. ვვარაუდობ, რომ ის მამაცი ხალხი, ვინც აქ არის, ჩემთან ერთად წამოვა.”

ჩავესმა მანაგუაში დაუყოვნებლივ მოიწვია მის მიერ დაარსებული ამერიკის ბოლივარელთა კავშირის შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ სელაია, ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი, ეკვადორის ლიდერი რაფაელ კორეა და ნიკარაგუას პრეზიდენტი დანიელ ორტეგა - ლათინური ამერიკის ახალი რადიკალური მემარცხენე სპექტრის წარმომადგენელი ლიდერები.

ჩავესი აცხადებს, რომ სელაიას თანამდებობის დაბრუნებაში დაეხმარება და მიანიშნებს, რომ მის გადაყენებაში ვაშინგტონის ხელი ურევია.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ჰონდურასის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სელაიას მიიჩნევს. პარალელურად, აშკარად ჩავესის მისამართით გამოთქმულ გაფრთხილებაში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰონდურასის საქმეებში არც ერთი უცხო ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG