Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებებს ბათუმშიც გამოეხმაურნენ


ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“, აზრი, რომ საქართველოში დემოკრატიის მხრივ არსებული ვითარება გაუარესდა და 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია, ბათუმელი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილმა რადიო თავისუფლების ვებსაიტზე წაიკითხა. მათ ავტორიტეტიანი ორგანიზაციის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარებათ. იურისტ ასლან ჭანიძის დაკვირვებით, დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში ბევრი რამ უარესობისკენ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეიცვალა. მისივე შეფასებით, ლიბერალური და დემოკრატიული კანონების ავტორებმა, პრაქტიკულად, მკაცრი და უკანონო სისტემა შექმნეს. „2003 წელს ახალი ტალღა წამოვიდა და ხალხმა გარკვეული თავისუფლება მოიპოვა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებამ რატომღაც დაასკვნა, რომ ეს თავისუფლება მისთვის საზიანო იქნებოდა და შექმნა ბარიერები, რომელმაც ამ შედეგამდე მოგვიყვანა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ასლან ჭანიძემ. ის ჯერჯერობით ვერც სასამართლოს დემოკრატიზაციის ტალღას ხედავს, ვერც საარჩევნო სისტემისას, მასმედიის თავისუფლებას კი „საქართველოს აქილევსის ქუსლად“ მიიჩნევს.

დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად საკუთრების უფლების ხელყოფას ასახელებს ჟურნალისტი ირმა ზოიძე. ახლახან, ერთ-ერთ ამგვარ ფაქტზე ჟურნალისტური მუშაობისას, არაერთი მცდელობის მიუხედავად , ირმა ზოიძემ ვერაფრით ვერ მოიპოვა კომენტარი საჯარო მოხელისგან. ჟურნალისტის შეფასებით, ხელისუფლება, რომელიც თავს არაერთი ლიბერალური კანონით იწონებდა, ადამიანების შეზღუდვას რაც შეიძლება მეტი რეგულირებით ცდილობს.

დემოკრატიის განვითარებაზე საუბრისას, ბათუმის ქუჩებში რამდენიმე რესპონდენტმა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ როლზეც მიმითითა. თუმცა მათ არც ის დაუმალავთ, რომ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვის კვლავ ეშინია.
XS
SM
MD
LG