Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი კვლავ რუსული ფინანსური კომპენსაციის მოლოდინშია


2008 წლის 26 აგვისტო. ცხინვალში რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებას ზეიმობენ
2008 წლის 26 აგვისტო. ცხინვალში რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებას ზეიმობენ
აგვისტოს ომის დროს, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციის დაფინანსება რუსეთის მთავრობამ კვლავ შეწყვიტა. ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა ადგილობრივი მთავრობის სხდომაზე, რომელიც ცხინვალის ტელევიზიის ეთერით გადაიცა. კოკოითის განმარტებით, ყველა დაზარალებულმა, ვისაც კომპენსაციის მიღება სურს, კიდევ ერთხელ უნდა შეაგროვოს საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გაეგზავნება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება დაფინანსების საკითხი.

აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის პრეზიდენტი ცხინვალს რეაბილიტაციისთვის 10 მილიარდ რუბლს დაჰპირდა. თუმცა, პირველ ეტაპზე გაგზავნილი 2 მილიარდზე მეტი ცხინვალში უკვალოდ გაქრა. ადგილობრივმა ოპოზიციამ თანხის მითვისებაში კოკოითი და მისი კლანი დაადანაშაულა. თავად დე-ფაქტო პრეზიდენტმა ფულის დაკარგვა ორი თვის წინ, რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრ რომან პანოვთან შეხვედრისას დაადასტურა, თუმცა, ამ საქმეში საკუთარი მონაწილეობა უარყო და ყველაფერი მოუქნელ ბიუროკრატიას და არაკეთილსინდისიერ სამშენებლო კომპანიებს დააბრალა. ამ ფაქტის გამო, კრემლმა მის მიერ აღიარებული რესპუბლიკას დაფინანსება შეუმცირა და კონტროლი გაამკაცრა.

ამჟამად მონიტორინგის სპეციალური კომისია ვლადიკავკაზში მუშაობს და დე-ფაქტო რესპუბლიკაში დახარჯულ თითოეულ რუბლს აკონტროლებს. თანხის გაფლანგვის შემდეგ დაპირებული მილიარდების ნაცვლად ცხინვალმა მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი რუბლი მიიღო. ამიტომ ომის დასრულებიდან 10 თვის შემდეგ დე-ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში არცერთი სახლის რეაბილიტაცია არ დასრულებულა და მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემაც არაერთხელ შეწყდა.

„მიუხედავად იმისა, რომ კოკოითი საკუთარ უდანაშაულობაში რუსეთის მთავრობის დარწმუნებას ცდილობს, სრული პასუხისმგებლობა დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების გამო სწორედ მას ეკისრება“ - უთხრა რადიო თავისუფლებას შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ავალიანმა. მისი შეფასებით, რუსული ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი სწორედ კოკოითის კლანმა მიითვისა, რაც თავად ცხინვალშიც ყველამ იცის.

ფინანსური პრობლემების გამო სამშენებლო კომპანიები ცხინვალში ნელი ტემპით მუშაობენ. თუმცა, ედუარდ კოკოითი პირობას დებს, რომ დაზამთრებამდე ყველა დაზარალებულს საკუთარი ჭერი ექნება. ჯერჯერობით კი - ნახევრად დანგრეული სახლები, თვეობით გაუცემელი პენსიები და ხელფასები, ეკონომიკური კრიზისი და რუსეთიდან შეჩერებული დახმარება ცხინვალში ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.
XS
SM
MD
LG