Accessibility links

logo-print

რუსი სამხედროები ცხინვალის რეგიონში ახალი საზღვრის გავლებას განაგრძობენ


რუსი სამხედროების კარვების ქალაქი ცხინვალის რეგიონში

რუსი სამხედროების კარვების ქალაქი ცხინვალის რეგიონში

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსი და ოსი არტილერისტების სამხედრო წვრთნა ქართველებით დასახლებული სოფლების მახლობლად მიმდინარეობს. საარტილერიო დანადგარებიდან სროლის ხმა ერგნეთსა და ნიქოზში კარგად ისმის. ამ სოფლების მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს. ისინი სასოფლო- სამეურნეო სამუშაოებს ვერც საკუთარ მინდვრებში აწარმოებენ, რადგან იქ რუსი მესაზღვრეები „კარვების ქალაქებს“ აშენებენ. ზნაურის რაიონიდან ახალგორამდე 20 ასეთი სასაზღვრო ქალაქი უკვე მზად არის. ქართული სოფლების მოსახლეობა საკუთარი თვალით ხედავს, როგორ ავლებენ მათ ნაკვეთებთან რუსი სამხედროები მავთულხლართებს.

ცხინვალის ტელევიზიამ რუსი მესაზღვრეების საქმიანობას ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა. ამ რეპორტაჟში ზნაურის სასაზღვრო საგუშაგოს ოფიცერმა სერგეი კომშენკომ მთავარ ამოცანად ის დაასახელა, რომ სახელმწიფო საზღვარი არავინ დაარღვიოს. რუსი ოფიცრის განცხადებით, ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე არავის უშვებენ, რადგან „მთავრობებს შორის შესაბამისი შეთანხმება არ არსებობს.“

ე.წ. უკონტროლო ზონაში შეღწევა რამდენიმე ხნით შევძელი და „კარვების ქალაქის“ ფოტოებიც გადავიღე. აქ მძიმე ტექნიკაა თავმოყრილი. ცხინვალის მიმდებარე მთაზე, სადაც რუსი სამხედროები ბაზის მშენებლობას ასრულებენ, საზენიტო და საარტილერიო დანადგარებია განლაგებული. ბაზის მთელ პერიმეტრზე კი -ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები და რადიოლოკაციური სადგურებია. ამ ბაზიდან გორის რაიონის სოფლები კარგად ჩანს.

შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის ზურაბ ჩინჩილაკაშვილის განცხადებით, გორის რაიონში, ნიქოზის და ერგნეთის მიმართულებით უკონტროლო ტერიტორიები ჯერჯერობით მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

რუსი სამხედროები ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების გაბმას ზაფხულის განმავლობაში დაასრულებენ. მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ოსური დაჯგუფებები ქართულ სოფლებში უპრობლემოდ აღწევენ და საქონელს იპარავენ. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რუს სამხედროებს სამსახური რთულ პირობებში უწევთ, ხშირად საკვების პრობლემა აქვთ და ამიტომ, მათთან შეთანხმებით, ოსები ქართულ სოფლებში საჭმლის მოსაპოვებლად გადმოდიან.
XS
SM
MD
LG