Accessibility links

პარლამენტი აპროტესტებს ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს


საქართველოს ოკუპირებულ ზონაში, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლა საქართველოს პარლამენტმა საგანგებო საპროტესტო განცხადების მიღებით გააპროტესტა. აქვე შეგახსენებთ, რომ მედვედევის ცხინვალში ვიზიტი მანამდე, სპეციალური განცხადების გავრცელებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მოულოდნელად ჩასულიყო საქართველოს ოკუპირებულ ზონაში და იქ გაემართა შეხვედრები სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან, შეფასება მისცა ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ.

პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტი ცხინვალში კიდევ უფრო აღრმავებს თბილისსა და მოსკოვს შორის დაპირისპირებას და ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას”, - ეს ევროკომისიის წარმომადგენელმა, კრისტიან ჰომანმა, განაცხადა ბრიუსელში. შეფასება გაკეთდა თეთრ სახლშიც. ამ შეფასების თანახმადაც, მედვედევის ცხინვალში ჩასვლამ ხელი ვერ შეუწყო რეგიონში სტაბილური ვითარების შექმნას.

მედვედევის მოულოდნელი ვიზიტი ცხინვალში
ბარაკ ობამას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მედვედევის მოულოდნელი ნაბიჯი იმის დადასტურება იყო, რომ კრემლის გეგმებში არ არის საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლა. ბევრის აზრით, რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებთან ობამას შეხვედრებმა საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ომის გაჩაღების ალბათობა საგრძნობლად შეამცირა. თუ ასეა, რა მოხდა შემდეგ? როგორც ცნობილი რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა თავის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ სტატიაში აღნიშნავს, ”ტანკების ნაცვლად, საქართველოში დმიტრი მედვედევი გაიგზავნა და გაიგზავნა როგორც ორმაგი დატვირთვის იარაღი: ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პრეზიდენტების შეურაცხსაყოფად, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ თავად დმიტრი მედვედევს ეგრძნო და დაენახა, რას წარმოადგენს ის სინამდვილეში.” რუსი ჟურნალისტი წერს, რომ ორმაგი დატვირთვის იარაღად მედვედევი ცხინვალში ვლადიმირ პუტინმა გაგზავნა, პუტინმა, რომელიც არსად ჩანდა იმ პრესკონფერენციაზე, რომლის მიმდინარეობისასაც ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი გვერდიგვერდ იდგნენ და ბარაკ ობამამ თქვა: ”საქართველოს საკითხზე გვქონდა გულწრფელი საუბარი და შევთანხმდით, რომ ომის განახლება არავის ინტერესში არ არისო”. ამის შემდეგ მედვედევი რამდენიმე დღეა რუსეთის სამხედრო ბაზებს ათვალიერებს, დაწყებული ცხინვალის რეგიონიდან, და თითქმის ყოველდღიურად ადანაშაულებს საქართველოს შარშანდელი აგვისტოს ომის დაწყებაში.ეს იყო მწარე გაკვეთილი აგრესორისთვის, ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი თავად გამოუტანს განაჩენს სააკაშვილის რეჟიმსო, - ასეთია მედვედევის ბოლო დღეების განცხადებათა შინაარსი.

ამ განცხადებების და, რაც მთავარია, მედვედევის ცხინვალში ჩასვლის ფაქტის გაანალიზებისას პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი დაასკვნის, რომ მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია გაამყარა. ”ბოლო მოვლენებმა შეერთებული შტატების პოზიცია უფრო მყარი და პრინციპული გახადა. ვფიქრობ, ობამას ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არა აქვს გაცნობიერებული, ოფიციალური მოსკოვის სახით, ვისთან აქვს საქმე”, - თქვა მან ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას. ილარიონოვი მიიჩნევს, რომ საქართველო ორმაგი საფრთხის ზღვარზეა. პირველი, არსებობს პირდაპირი შეჭრის საფრთხე და, მეორე, ნათელია, რომ არსებობს საქართველოს წინააღმდეგ დაძაბულობის უმაღლეს ზღვარზე შენარჩუნების ტაქტიკა, რადგან რუსეთის სურვილია შეწყდეს საქართველოში ინვესტიციების შედინება.

ვაშინგტონის საგარეო უწყების პრეს-მდივნის იენ კელის განცხადებითაც, რომელიც სამშაბათს მედვედევის ცხინვალში ჩასვლის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთდა, ვიზიტმა ხაზი გაუსვა საქართველოს საკითხთან მიმართებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ფუნდამენტურ უთანხმოებას:

”ჩვენ კვლავინდებურად მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობის დამკვიდრებას, მონაწილეობა მიიღოს ჟენევის პროცესში და შეასრულოს 12 აგვისტოს საზავო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.”

ეს იენ კელის განცხადებაა. 15 ივლისს საქართველოს პარლამენტში იყო მსჯელობა იმ განცხადების პროექტის ირგვლივ, რომელიც ცხინვალში მედვედევის ჩასვლის გასაპროტესტებლად შემუშავდა. ”საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მოხდეს რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოსვლის სამართლებრივი შეფასება, მოეთხოვოს რუსეთს საქართველოს დეოკუპაცია და მოეთხოვოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულება.” საქართველოს პარლამენტის ეს მოთხოვნები 15 ივლისის პარლამენტის სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა ჩამოაყალიბა.

მედვედევის ვიზიტისადმი პარლამენტის პოზიცია აკაკი მინაშვილმა ჩამოაყალიბა
თბილისში აპროტესტებენ იმასაც, რომ მედვედევი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ჩავიდა. სხვადასხვა ვერსიებით, ამ ზაფხულს საქართველოს მეორე ოკუპირებულ ზონაში, აფხაზეთში, რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი ჩავა. ვიზიტის თარიღი არ ხმაურდება. რადიო ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში კი აფხაზეთის დე ფაქტო მეთაურს სერგეი ბაღაფშს ჰკითხეს, ამ ზაფხულს ელიან თუ არა სოხუმშო რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს, თანაც იმ დღეს, როცა რუსეთმა აფაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. სერგეი ბაღაფშის პასუხი ასეთია: ”შეიძლება ის ჩამოვიდეს სამუშაო ვიზიტით, მაგრამ აუცილებელი არ არის ეს მოხდეს 26 აგვისტოს. ამ თარიღის აღნიშვნას ვაპირებთ ზეიმით, მაგრამ მოკრძალებულად, იმიტომ რომ მთავარი მიზანი მიღწეულია. ამ თარიღს ყოველთვის ვიზეიმებთ და ამჯერად ზეიმის ფორმას მოვიფიქრებთ.”
XS
SM
MD
LG