Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელები “ნოკიას” მთავრობასთან თანამშრომლობას არ აპატიებენ


არჩევნები არჩევნებად, მაგრამ ირანის საზოგადოება განაგრძობს პროტესტს. ბოლო ცნობა ისაა, რომ ბოიკოტი გამოუცხადეს “ნოკიას” ტელეფონებს. მიზეზი ერთია: “ნოკიამ” საშუალება მისცა ირანის უშიშროების სამსახურს, მოუსმინოს სატელეფონო საუბრებს, წაიკითხოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები და, თუ მოინდომებს, გაწყვიტოს სატელეფონო ლაპარაკი. სატელეფონო საუბრების მოსმენა ყველა სახელმწიფოში ხდება. ზოგან ამ უფლებას პროკურატურა იძლევა, ზოგან - სასამართლო, კანონის შესაბამისად... სხვაგან ნებართვის გარეშე უსმენენ ყველას. ირანში მთავრობას ყველაფრის უფლება აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩანს, ტექნიკამაც ითამაშა როლი. “ნოკიას” ხალხმა ბოიკოტი გამოუცხადა - ირანელები არათუ აღარ ყიდულობენ ამ ფირმის აპარატებს, ვისაც აქვს, მათაც გამოცვლა დაიწყეს.

სანამ კონკრეტულად ამ ბოიკოტზე გიამბობდეთ, ინდოეთში მოქმედი კერძო უნივერსიტეტის, მანიპალის უმაღლესი სკოლის, გეოპოლიტოლოგიის პროფესორის მადჰავ დას ნალაპატის დაკვირვებას გაგაცნობთ:

“რევოლუციონერები ხშირად იმ ჩვევებს და მეთოდებს ითვისებენ ხოლმე, რომელთაც ერთ დროს თავად ებრძოდნენ. ბოლშევიკებს დიდი ხანი არ დასჭირვებიათ თავიანთ რიგებში მიეღოთ ცარიზმის საიდუმლო პოლიციის ჯაშუშები. “ოხრანკის”ყოფილ თანამშრომლებს და მათ ტაქტიკას კომუნისტური პარტია თავისი პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იყენებდა. 1930 წლებიდან საბჭოთა კავშირში შეიქმნა დაშინების სისტემა, რომელთან შედარებით, ცარისტული ხანა სასიამოვნო მოსაგონარიც კი იყო. თვით დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ის, ვინც მმართველი პარტიის პოლიტიკას ებრძვის, ხშირად ამავე პოლიტიკას მიმართავს, როცა ხელისუფლებაში მოდის.”

ნალაპატი ირანის ამბების ანალიზისას, შეკითხვას, აჯობებს თუ არა ახალი ავტოკრატიული სისტემა ძველს, უარყოფითად უპასუხებს და განმარტავს კიდეც, რომ ბოლო ოცდაათ წელიწადში ეს აჩვენა ისლამურმა რესპუბლიკამ. დღეს ირანში ხომეინისტების ადგილი აღარაა, ამბობს ის. რეფორმების მომხრე კანდიდატი, მუსავი, შაჰის დამხობის შემდეგ ირანში დაბრუნებული, აიათოლა ხომეინის მიმართ ლოიალური იყო. ახლა პოლიტიკოსი ძალაუფლებას ირანში მხოლოდ ხამენეის - ირანის რელიგიური ლიდერის - მეშვეობით თუ მიაღწევს. ამ ვითარებაში მთავრობას, სადავო არჩევნების შემდგომი პროტესტის მონაწილეთა გაკონტროლების მიზნით, ცდა არ დაუკლია მოესმინა სატელეფონო საუბრებისთვის. ბევრი დაპატიმრებული ჰყვება, რომ დაკითხვებზე მათ ადრე გაგზავნილი “ეს-ემ-ეს-ები” და ტელეფონით ნალაპარაკევი შეახსენეს. „ნოკია“ გახდა სამიზნე ბოიკოტისა, რომელსაც სათავე დაედო იმ მიზეზით, რომ გავრცელდა ხმა, „ნოკიამ“საშუალება მისცა მთავრობას, გააკონტროლოს მისი ტელეფონებით წარმართული კომუნიკაციაო. 26 წლის თეირანელმა ეჰსანმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ მასაც „ნოკია“ აქვს, მაგრამ მეგობრებს ეუბნება, არ იყიდონ „ნოკიას“ მობილური ტელეფონები. ის ამაყობს, რომ შეუძლია „ნოკიას“ ზარალი მიაყენოს. ამ ბოიკოტის შესახებ პირველი იუწყებოდა გაზეთი “ეთემად მელი”, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატს, მეჰდი ქარუბის, ეკუთვნის. გაზეთის ცნობით, „ნოკიას“ გაყიდული ტელეფონების რაოდენობა განახევრდა. იქვე ეწერა, რომ „ნოკიას“ აპარატები გაიაფდა, რომ მომხმარებლები „ნოკიას“ აპარატებს სხვა ფირმის ტელეფონებზე ცვლიან. ამას იუწყება გაზეთი, მაგრამ, თეირანელი ჟურნალისტი, ჰადი ნილი, ამბობს, რომ ძალიან ძნელია იმის დადგენა, მართლაც რა რაოდენობის ადამიანია აქტიური ბოიკოტის მონაწილე:

“ველაპარაკე ტელეფონების გამყიდველს და მან ეს ცნობა არ დამიდასტურა. ამბობენ, რომ “სიმ-ბარათების” და მობილური ტელეფონების გაყიდვა შემცირდა, რადგან ქსლის პრობლემები გაჩნდა, მაგრამ შეუძლებელია უტყუარი ცნობის მოპოვება იმაზე, მართლაც ნაკლებად ყიდულობს ხალხი “ნოკიას” ტელეფონებს თუ არა.”

ნილი ფიქრობს, რომ “ნოკია” კვლავაც ყველაზე პოპულარულია მომხმარებლებში. 13 ივლისს ეკონომიკური ყოველდღიური გაზეთი იუწყებოდა, რომ ირანში გაყიდულ ტელეფონებს შორის პირველ ადგილზეა მოდელი “ნოკია იქსპრესს მიუზიკი.”თეირანელმა 37 წლს ქალმა გვითხრა, რომ ის შეშფოთებულია, მთავრობა რომ მართლაც შეიძლება სატელეფონო საუბრებს უსმენდეს, მაგრამ უფულობა საშუალებას არ აძლევს თავის “ნოკიას” შეელიოს და სხვა იყიდოს.

ბოიკოტის კამპანია დაიწყო მას მერე, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნოკიამ” ირანის მთავრობას სამეთვალყურეო ცენტრი გადასცა. “უოლ სტრიტ ჯორნალი” იუწყებოდა, რომ ეს ცენტრი ნაწილი იყო ირანთან 2008 წელს მიღწეული გარიგებისა სატელეფონო ქსლის ტექნოლოგიის შესახებ. ბენ რუმე “ნოკია სიმენსის” იმ ერთობლივი საწარმოს წარმომადგენელია, რომელმაც ირანს მეთვალყურეობის შესაძლებლობა მისცა.

“როცა რომელიმე ქსელს ვყიდით, - ამბობს რუმე, - ყველგან მსოფლიოში, ვიცით, რომ ვინც უნდა იყოს ამ ქსლის პროვაიდერი, საშუალება ეძლევა მოუსმინოს სატელეფონო საუბრებს ამ ქსლის შიგნით.”

„ნოკიას“ ამ ტექნიკის წყალობით, ირანის მთავრობას შეუძლია ისმინოს სატლეფონო საუბრები, უთვალთვალოს ოპოზიციის აქტივისტებსა და კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს და გააკონტროლოს მათი საუბრები. ირანში ბევრი დარწმუნებულია, რომ ამ სისტემას მთავრობა ადრეც იყენებდა და ახლაც იყენებს. ბლოგმა, რომელიც წარმართავს კამპანიას “ბოიკოტი „ნოკიას“ ირანში რეპრესიის გამო“, „ნოკიას“ სარეკლამო ლოზუნგიც -“ვაკავშირებთ ადამიანებს” - შეცვალა ლოზუნგით “ვაპატიმრებთ ადამიანებს”. ბლოგივე აცხადებს, რომ “ნოკიას” აკისრია პასუხისმგებლობა, მისი ტექნიკა ეთიკური თვადსაზრისითაც სწორად იქნეს მოხმარებული. რუმე ამბობს, რომ “ნოკია” ითვალისწინებს საერთაშორისო მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებთა, ევროპის კავშირის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა თუ გაეროს რჩევებს და ნორმებს და, შესაბამისად, თავის პროდუქტს ყველგან არ ყიდის. ასე მაგალითად, ჩრდილოეთ კორეასა და ბირმაში “ნოკიას” ვერ ნახავთ, ამბობს ის. ირანში კი ნახავთ, სადაც მან - და არამხოლოდ მან - ძალიან დიდი როლი ითამაშა ივნისის არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლების, დემონსტრანტებისა და მათი მოწინააღმდეგე ძალების მოქმედების შესახებ ირანსა და მის გარეთ ინფორმაციის გავრცელებაში. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომ საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა მთავრობის მიერ უცხოური მედიისთვის იქაური მოვლენების გაშუქების აკრძალვა. მობილურ ტელეფონებს იყენებდნენ მომხდარის გადასაღებად, ვიდეოს თუ ფოტოს სახით. ყველაზე ტრაგიკული ვიდეოკადრები, ახალგაზრდა ირანელი ქალის, ნედას, სიკვდილის ამსახველი, მობილური ტელეფონით გადაიღეს და ასე გახდა ის მწვანე ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლო, მას მერე, რაც ფირი “იუთიუბის” და “ფეისბუკის” მეშვეობით რამდენიმე საათში გავრცელდა მთელ მსოფლიოში. “ნოკიას” მობილური ტელეფონებითაა გადაღებული არაერთი კადრი, რომელმაც კომუნიკაციის შეზღუდული გარემოდან უცხოეთში გააღწია.

ერთმა აქტივისტმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, გვითხრა, რომ ირანში ხალხმა უნდა გააგრძელოს მობილური ტელეფონების ხმარება ინფორმაციის გასავრცელებლად და, ამის პარალელურად, გააგრძელოს ზეწოლა “ნოკიაზე”, რომ მან ირანთან თავისი ხელშეკრულება გააუქმოს. ირანში მთავრობას, რომელსაც არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად, ბევრი პროტესტს უცხადებს იმით, რომ აღარ გზავნის “ეს-ემ-ეს-ებს”, რითაც მატერიალურ ზარალს აყენებს ხელისუფლებას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG