Accessibility links

logo-print

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი დაასრულა


უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ოთხშაბათს საღამოს დაიწყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ორდღიანი ვიზიტი თბილისში. საქართველოში ბაიდენი კიევიდან ჩავიდა. ვიდრე უკრაინას დატოვებდა, ვიცე-პრეზიდენტმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, თუმცა რამდენიმე კრიტიკული შენიშვნაც გამოთქვა. რადიოს თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ბრაიან უიტმორი ბაიდენთან ერთად მოგზაურობს და კიევში სტუმრობის ბოლო დღეზე რეპორტაჟი მოგვაწოდა.

ბრაიან უიტმორს თავისი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვა საკმაოდ მკაცრად ეჩვენა. პოლიტიკურ ლიდერებს მიმართა ბაიდენმა კიევში და მოუწოდა, გამოიჩინეთ პოლიტიკური სიმწიფე და 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დანაპირები შეასრულეთო.

გამოსვლაში, რომელიც, ფაქტობრივად, თეთრი სახლის მიმართვა იყო უკრაინის ხალხისადმი, ბაიდენმა გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ რუსეთთან ურთიერთობის ახლიდან დაწყება, ანუ როგორც უწოდებენ ხოლმე, “გადატვირთვა”, უკრაინის ხარჯზე არ მოხდება. “რუსეთთან ურთიერთობის “გადატვირთვისას”, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ უკრაინას. და ჩვენ არ ვაღიარებთ გავლენის სფეროებს, ისევე როგორც რომელიმე სახელმწიფოს უფლებას ვეტო დაადოს სხვა დამოუკიდებელი ქვეყნის არჩევანს, შეუკავშირდეს, ვისაც სურს და რა პირობებითაც სურს.”

ბაიდენმა იქვე, სხვა კუთხით, თქვა, რომ ამ პრინციპს გავლენის სფეროებისა, არაფერი ესაქმება 21-ე საუკუნეში. "ჩვენ უარვყოფთ "გავლენის სფეროების" ცნებას, როგორც იდეას, რომლის ადგილიც მე-19 საუკუნეშია, 21-ეში მას არაფერი ესაქმება. ჩვენ ერთგული ვრჩებით პრინციპისა, რომ ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს, გაატაროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და თავადვე გადაწყვიტოს, რომელ კავშირებს შეუერთდეს."

გამოსვლა შედგა უკრაინის გამოფენათა ცენტრში, რომლის დარბაზში დაახლოებით 400 ადამიანი - უკრაინელები და ამერიკელები შეიკრიბნენ. ბაიდენმა ქებით მოიხსენია მიღწევებიც ამ ქვეყანაში, სამოქალაქო აქტიური საზოგადოება, ასევე თავისუფალი პრესა, რომელიც განვითარდა პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ. ბაიდენმა მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის პოლიტიკური ელიტა, მისი სიტყვებით, იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის კეთილდღეობის წინ დააყენეს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ახსენა მე-19 საუკუნის უკრაინელი პოეტი ტარას შევჩენკო, უკრაინელთა ეროვნული კერპი, რომელიც, ბაიდენის ვარაუდით, იამაყებდა იმით, რომ უკრაინა ღია სახელმწიფოა, პლურალიზმის მომხრეა. მაგრამ შევჩენკო, ალბათ, დაგმობდა მთავრობის პოლიტიკურ უმწიფრობასო, თქვა ბაიდენმა კიევში: “ ჩემი აზრით, მას გააოცებდა, რატომ არ ავლენს მთავრობა ისეთსავე პოლიტიკურ სიმწიფეს, როგორსაც ხალხი, რატომ შეწყდა კომუნიკაცია ლიდერებს შორის იმ დონემდე, რომ პოლიტიკური ვითარება წინსვლას უშლის ხელს. და ეს ხდება ახლა, ეკონომიკურად რთულ სიტუაციაში. უკრაინამ, გავბედავ ასე ვიფიქრო, უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილებით. ეფექტიანი, ანგარიშვალდებული მთავრობა ერთადერთი გზაა სტაბილური, წინასწარგანჭვრეტადი, გამჭვირვალე გარემოს მისაღწევად, რომელიც მიიზიდავს ინვესტიციებს, რაც განვითარების ეკონომიკურ ძრავას წარმოადგენს.”

ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი, რომელიც, როგორც ითქვა, ბაიდენთან ერთად მგზავრობს, გვიამბობს, როგორ შეხვდა ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლას უკრაინის საზოგადოება:

“ბაიდენმა თქვა, დადგა დრო შეასრულოთ ნარინჯისფერი რევოლუციის დანაპირებიო. ბაიდენმა პოლიტიკოსებს ჰკითხა: ასი წლის შემდეგ, ამ ეპოქას როცა გადახედავს ხალხი, რას იტყვის, რას აკეთებდნენ ჩვენი ლიდერებიო?"

ბრაიან უიტმორის აზრით, უკრაინელებს ეს ნათქვამი გულზე მოხვდათ. ყველა თავს უქნევდაო, გვიამბო მან კიევიდან. ვაშინგტონელმა სტუმარმა უკრაინელებს უკვე კონკრეტულად უთხრა, რომ აშშ ნატოსა და ევროკავშირთან უკრაინის ურთიერთობის გაღრმავებას უწყობს ხელს. მაგრამ იქვე აღიარა, რომ ეს თქვენი არჩევანია, თქვენი გადასაწყვეტი და არა ჩვენიო.
ჯო ბაიდენი შეხვდა უკრაინის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს, პრეზიდენტობის მომავალ ხუთივე სავარაუდო კანდიდატს, მათ შორის - პრეზიდენტ იუშჩენკოს და პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს; ასევე პარლამენტის სპიკერ ლიტვინს, “რეგიონების პარტიის” ლიდერ იანუკოვიჩს, ისევე როგორც ოპოზიციონერ არსენი იაცენიუკს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს.
XS
SM
MD
LG