Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხეში 15 წლის ქართველი იმყოფება


ცხინვალი
ცხინვალი
შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია ოსური შეიარაღებული ფორმირების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების შესახებ იუწყება. 15 წლის გიორგი არჩვაძე 10 დღეა ცხინვალის ციხეში იმყოფება. ის სოფელ ბელოთის მიმდებარე, ე.წ. ნეიტრალურ, ტერიტორიაზე დააკავეს. გიორგი არჩვაძე სოფელ ბელოთიდანაა. შარშანდელი აგვისტოს ომისას ძმასთან ერთად სოფელი არ დაუტოვებია. რუსი სამხედროების მიერ სოფლის ოკუპაციის შემდეგ არჩვაძეები დაატყვევეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. მოგვიანებით ძმები ოს სამხედრო ტყვეებში გაცვალეს. ცოტა ხნის წინ გიორგი არჩვაძემ ბელოთში საკუთარი სახლის დათვალიერება გადაწყვიტა, მაგრამ სოფელში შეღწევა ვერ მოახერხა. ის შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს და ცხინვალის საპატიმროში გაგზავნეს. ოსი სამართალდამცავები 15 წლის მოზარდს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, არჩვაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ის მოლაპარაკებას რუსეთის საოკუპაციო ჯარის სარდლობასთან აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ჯუღელი ქართული სოფლების მოსახლეობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიახლოებისგან თავი შეიკავოს.

გიორგი არჩვაძის გარდა, ცხინვალის ციხეში რამდენიმე თვის წინ დაკავებული დავით კაპანაძე, დემურ ჭიღლაძე და დავით კობალაძე იმყოფებიან. ქართული მხარე მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებას ინციდენტების პრევენციის მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებისას აწარმოებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ცხინვალმა ეს შეხვედრები რამდენჯერმე ჩაშალა. კოკოითის ხელისუფლება სამუშაო ჯგუფის მუშაობის გაგრძელებას სამი დაკარგული ოსი ახალგაზრდის ადგილსამყოფლის გარკვევამდე არ აპირებს და მათ გატაცებაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. ქართველი სამართალდამცავები ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
XS
SM
MD
LG