Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესა საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ


დასავლეთის პრესა უამრავს წერდა ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, უკრაინასა და საქართველოში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის შესახებ. “ვაშინგტონ პოსტის” სტატიაში, სათაურით “ბაიდენმა საქართველოს სოლიდარობა გამოუცხადა”, წაიკითხავთ: ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა უარი თქვა ობამას ადმინისტრაციის მიერ კრემლის მიმართ არჩეულ ფრთხილ ტონზე და ქართველ ბავშვებს უთხრა, რუსეთმა საბაბი იპოვა თქვენს ქვეყანაზე თავდასასხმელად იმ იმედით, რომ მის ეკონომიკას გაანადგურებდა და ხალხს დაარწმუნებდა, რომ დემოკრატია არ მუშაობსო. ბაიდენმა, რომელმაც უკრაინას და საქართველოს აღუთქვა, აშშ რუსეთთან ურთიერთობასაც “გადატვირთავს” და თქვენც მხარს დაგიჭერთო,თავისი მოგზაურობის ბოლოს გააფრთხილა საქართველოს ლიდერები, არ შეეცადოთ სამხედრო გზით დაიბრუნოთ რუსეთთან ომის შემდეგ დაკარგული ტერიტორიებიო. მან მოუწოდა სააკაშვილს გააღრმავოს დემოკრატიული რეფორმებიო, წერს “ვაშინგტონ პოსტი” და იქვე დასძენს, ობამას ადმინისტრაცია ცდილობს მიაღწიოს თავის გეგმას - დაიწყოს რუსეთთან ახალი ურთიერთობა და თან კრიტიკული იყოს მისი პრეტენზიის მიმართ, პრივილეგირებული ინტერესები იქონიოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეო. გაზეთის აზრით, თბილისში ლტოლვილ ბავშვებთან შეხვედრისას დღემდე ამერიკის ადმინისტრაციის ყველაზე მკაცრი კრიტიკა გამოითქვა რუსეთის მისამართით.

“ნიუ იორკ ტაიმსის” კორესპონდენტი ელენ ბერი თავის სტატიას იწყებს პარლამენტში ჯო ბაიდენის გამოსვლის თემით და წერს, მან მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა და ხმასაც კი აუწია, როცა დაგმო რუსეთის იდეა გავლენის სფეროების შენარჩუნების თაობაზეო, “ნიუ იორკ ტაიმსი” შემდეგ დევნილ ბავშვებთან ჯო ბაიდენის შეხვედრის კიდევ ერთ მომენტს იხსენებს და სამხედრო სფეროში საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების თემასაც ეხება. ამ კვირაში “ვაშინგტონ პოსტსა” და “დეილი ტელეგრაფში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს იმედი აქვს, თავისი განადგურებული არმია კვლავ განაახლოს ანტისაჰაერო და ანტისატანკო იარაღით, რომელმაც, მისივე თქმით, რუსეთის თავდასხმა უნდა მოიგერიოს. სააკაშვილმა ორივე გაზეთს უთხრა, ადრე მქონდა ვაშინგტონთან ამ იარაღზე საუბარი და ვაპირებ ვთხოვო ბაიდენს მისი მოწოდება დააჩქაროსო. მაგრამ ხუთშაბათის შეხვედრაზე ასეთი თხოვნა არ ყოფილაო, წერს “ვაშინგტონ პოსტი”, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებზე დაყრდნობით. უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილს უთქვამს სტატიის ავტორისთვის, ჩემი აზრით, ახლა არ არის საიმისო დრო, საქართველომ იარაღი ითხოვოსო. ახლანდელი ორმხრივი შეთანხმება სამხედრო სფეროში წვრთნას, მოდერნიზებას და სამეთაურო და საკონტროლო ფუნქციებს ეხებაო, აუწყებს მკითხველს გაზეთი. ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ბავშვებთან შეხვედრისას რუსეთის კრიტიკაზეც წერს ელენ ბერი და ამერიკელ მკითხველს ასევე აუწყებს, ბაიდენმა თბილისში განაცხადა, საქართველო აშშ-ისგან ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ დახმარებას იღებს მსოფლიოშიო. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ამერიკა თქვენზე ზრუნავს, ზრუნავს პირადად თქვენზე, თქვენზე ვზრუნავთ და არ ვაპირებთ მიგატოვოთ - ეს მძიმე გზაა, მაგრამ მას არ გადავუხვევთო, მოჰყავს “ნიუ იორკ ტაიმსს” თბილისში ბაიდენის მიერ წარმოთქმული სიტყვები.

“ლოს ანჯელეს ტაიმსი” წერს, რომ ბაიდენი არ იყენებს კრემლის საწინააღმდეგოდ იმგვარ რიტორიკას, როგორსაც მისი წინამორბედი, დიკ ჩეინი, მიმართავდა. ამის ნაცვლად ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის კავშირი რუსეთთან და მის პროდასავლურ მეზობლებთან ერთმანეთს არ გამორიცხავს. “ლოს ანჯელეს ტაიმსის” თანახმად, ბაიდენი დაჰპირდა მხარდაჭერას საქართველოს, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწოდა, ძლიერი ხელით მართვის მიმართ კრიტიკას მეტი გამჭვირვალობით და დემოკრატიით უპასუხოს და, ამასთანავე, გააფრთხილა, არ გამოიყენოს ძალა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დასაბრუნებლად.

ბრიტანეთის გაზეთი “გარდიანი” წერს რუსეთის რეაქციის შესახებ ცნობაზე, რომ საქართველო ვაშინგტონს შეირაღებაში დახმარებას სთხოვს. გაზეთი მკითხველს აუწყებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადაო, რომ მოსკოვი კონკრეტული ნაბიჯებით ხელს შეუშლის საქართველოს ხელახალ შეიარაღებას და შეწყვეტს სამხედრო თანამშრომლობას ყველა ქვეყანასთან, რომელიც საქართველოს იარაღს მიაწვდის. “გარდიანის” თანახმად, განსაკუთრებით მკაცრი გაფრთხილება მოსკოვიდან გაისმა მაშინ, როცა გავრცელდა ვარაუდი, რომ სააკაშვილს თავისი არმიის განსაახლებლად ანტისაჰაერო და ანტისატანკო იარაღით დახმარება უნდა ეთხოვა ბაიდენისათვის. იარაღის მოთხოვნა, გაზეთის აზრით, თეთრ სახლს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებდა იმ დროს, როცა ის რუსეთთან ურთიერთობის განახლებას თუ “გადატვირთვას“ ცდილობს. ამერიკელ ოფიციალურ პირებს ასევე უარუყვიათ ადრინდელი ცნობა, თითქოს სააკაშვილს ვაშინგტონისთვის სეპარატისტული რეგიონების საზღვრებთან მისი მეთვალყურეების განთავსება ეთხოვოს.
“უოლ სტრიტ ჯორნალს” მოჰყავს ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან ინტერვიუს ფრაგმენტები. ამ ინტერვიუში, რომელიც უკრაინასა და საქართველოში ვიზიტის შემდეგ შედგა, ბაიდენს უთქვამს, ვფიქრობ, რუსეთი, ეკონომიკური დასუსტების გამო, იძულებული გახდება სახელწიფო უსაფრთხოების საკითხთა მთელი წყება დასავლეთთან შეათანხმოს, ყოფილი საბჭოთა რესპულიკების მიმართ მარწუხები შეასუსტოს და, ამასთანავე, თავისი ბირთვული არსენალიც შეამციროსო. ბაიდენის აზრით, რუსეთის ეკონომიკური პრობლემები ამჟამად განვითარებულ მოვლენათა სერიის ნაწილია, რამაც თავისი წვლილი შეიტანა მოსკოვის მხრივ საერთაშორისო ინტერესების გადასინჯვაში.
XS
SM
MD
LG