Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის მერს საკრებულო კონკურსის წესით ნიშნავს


ქუთაისის საკრებულო თხუთმეტი წევრისგან შედგება. უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს, ორი მანდატი რესპუბლიკურ, ხოლო ერთი ლეიბორისტულ პარტიას ეკუთვნის. ამ შემადგენლობის საკრებულოს სხდომების მშვიდ გარემოში ჩატარება არ უჭირს. ბუნებრივია, არც სასურველი გადაწყვეტილებების მიღება უძნელდება.

ქუთაისის საკრებულოში ძალთა ხმაურიან გადაწყვეტილებას საზოგადოება ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ბურჯანაძის ოპოზიციაში გადასვლის დროს ელოდებოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ბურჯანაძეს მასთან დაახლოებულმა დეპუტატებმა ღია მხარდაჭერა არ გამოუცხადეს.

ქუთაისის საკრებულომ ამომრჩეველს თავი იმით დაამახსოვრა, რომ ქალაქის მერი სამჯერ შეცვალა. ოპოზიცია მას ხშირად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

ოპოზიციის კრიტიკას უმრავლესობის წევრი კახა ნემსიწვერიძე არ იზიარებს.

რადიო თავისუფლებამ მცირე გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ქუთაისელების ნაწილმა საკრებულოს წევრებისა და მათი საქმიანობის შესახებ ძალიან ცოტა იცის. მათ საკრებულოს წევრთა რაოდენობის დასახელებაც კი გაუჭირდათ.

რადიო თავისუფლების რესპონდენტები მომავალი წლის მაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას დადებითად აფასებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ქუთაისის მერის თანამდებობა არჩევითი უნდა იყოს.

ქუთაისს ერთადერთი არჩევითი მერი ჰყავდა, ნუგზარ ფალიანი, რომელმაც თანამდებობა ვარდების რევოლუციის შემდეგ არასამთავრობო სექტორის ზეწოლის შედეგად დატოვა. 2004 წლიდან დღემდე ქალაქმა ექვსი მერი გამოიცვალა. მოქმედი კანონით, ქუთაისის მერს საკრებულო კონკურსის წესით ნიშნავს.
XS
SM
MD
LG