Accessibility links

logo-print
ალბათ გახსოვთ, როგორ უჭირდა პინოქიოს ტყუილისგან თავის შეკავება. მაგრამ, როგორც ახლახან აღმოაჩინა ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა, გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, სიმართლის თქმისთვის ტვინს არ სჭირდება დამატებითი ძალისხმევა. მათ მიერ გულწრფელი და არაგულწრფელი ადამიანების შედარებით მიღებული დასკვნები აღწერილია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში (PNAS).

„პატიოსანი საქციელი არ არის ნებისყოფის საქმე,“ წერს ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომელი ჯოშუა გრინი. „საქმე უფრო ისაა, რომ ადამიანი დაბადებიდანვეა ისე მოწყობილი, რომ დაუძაბავად შეუძლია პატიოსნად ქცევა.“ გრინმა და მისმა კოლეგამ, ჯო პაქსტონმა ექსპერიმენტით შეძლეს პატიოსანი და არაპატიოსანი საცდელი პირების გარჩევა. ცდა შემდეგში მდგომარეობდა. საცდელ პირს უნდა ეწინასწარმეტყველა მონეტით კენჭისყრის შედეგი. მაგრამ თავიანთი ვარაუდი მათ კი არ უნდა გაემჟღავნებინათ, არამედ უკვე კენჭისყრის შემდეგ ეთქვათ, სწორად გამოიცნეს თუ არა შედეგი.

ანუ, მათ დაუბრკოლებლად შეეძლოთ ტყუილის თქმა. საცდელი პირების ტვინის აქტივობას მაგნიტური ტომოგრაფიის მეშვეობით აკვირდებოდნენ და მათი ინფორმაციის სისწორეს კენჭისყრის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს ადარებდნენ. ვინც პატიოსნად უპასუხებდა შეკითხვას, მისი მონაცემები ახლოს იყო სტატისტიკურ ალბათობასთან. მაგრამ მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გაცემული ეტიკეტი „პატიოსანი“ ან „არაპატიოსანი“ მხოლოდ ამ კონკრეტულ ექსპერტიმენტს გულისხმობს და არაფერს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პატიოსანია ესა თუ ის ადამიანი ზოგადად.

თავის ტვინის ანალიზმა ცხადყო, რომ პატიოსანი ადამიანების შემთხვევაში არ შეინიშნებოდა ტვინის დამატებითი აქტივობა. არაპატიოსანი საცდელი პირების შემთხვევაში კი ტვინის დამატებითი რეგიონების გააქტიურება ხდებოდა. საქმე ეხება იმ რეგიონებს, რომლებიც ცნობილია, როგორც ტვინის მაკონტროლებელი ქსელები, რომლებიც სიმართლისა და ტყუილის გარჩევისთვის არის პასუხისმგებელი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ გამოკვლევას სერიოზული შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მართალია, ჯერ კიდევ საჭიროა გარკვეული სამეცნიერო სამუშაოს ჩატარება, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თავის ტვინზე დაკვირვებით შეიძლება ტყუილისა და სიმართლის გარჩევა მოხერხდეს.
XS
SM
MD
LG