Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში "კასეტური ბომბების" გამოყენებიდან ერთი წელი შესრულდა


2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ავიაციამ გორში ე.წ. "კასეტური ბომბები" გამოიყენა. საავიაციო იერიშისას ქალაქის ცენტრში მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, რადგან ქართველმა ჯარისკაცებმა გორი წინა დღეს დატოვეს. დაბომბვის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა. ხიდისთაველი ავთანდილ ქერდიყოშვილი გორში პურის შესაძენად იმყოფებოდა და ქალაქის ცენტრში ცოტა ხნით ჟურნალისტებთან სასაუბროდ შეჩერდა, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა. ის ადგილზე დაიღუპა. ავთანდილ ქერდიყოშვილის დამ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ მისი ორი ძმისშვილი უდედმამოდ დარჩა, რადგან ომამდე რამდენიმე წლით ადრე ავთანდილის მეუღლეც გარდაიცვალა. გორის ცენტრალურ მოედანზე დაიღუპა ვაჟა ბესტავაშვილიც. მისი მეუღლისთვის ყველაზე მძიმე დღე სწორედ 12 აგვისტოა.

ერთი წლის წინ გორში კასეტურმა ბომბმა ჰოლანდიის ტელეკომპანია RTL 4-ის ოპერატორი სტან სტორიმანსიც იმსხვერპლა. მისი ხსოვნის პატივსაცემად აფეთქების ადგილზე საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი ჟურნალისტი მარშალ ბრანტსმა მივიდა. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, კარგი ჟურნალისტი საჭირო დროს ყოველთვის საჭირო ადგილზეა, სტან სტორიმანსი კი სწორედ ასეთი ჟურნალისტი იყო. გორში დაღუპული ტელეოპერატორის შვილებისა და მეუღლის ჩამოსვლას ელოდებოდნენ, მაგრამ ისინი ამსტერდამში ფილმის პრემიერაზე დასასწრებად დარჩნენ. ეს ფილმი ერთი თვის წინ ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა იერუნ აკერმანსმა გადაიღო. ის სტორიმანსთან ერთად შარშან გორში იმყოფებოდა და აფეთქებისას დაიჭრა. ჰოლანდიელ ჟურნალისტს ფილმის მომზადებაში პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის თანამშრომელი ლევან გულიაშვილი ეხმარებოდა. მისი თქმით, ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაამტკიცა, რომ რუსეთმა კასეტური ბომბები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა. გორში მსგავსი შეიარაღების გამოყენებისა და ჟურნალისტის დაღუპვის გამო, ჰოლანდიის ტელეკომპანია RTL 4 რუსეთის სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში უჩივლებს.
XS
SM
MD
LG