Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელკანტო სლავური ინტონაციით, ნაწ.2


დღეს დავასრულებ მოთხრობას დიდი ბულგარელი საოპერო მომღერლის ბორის ხრისტოვის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ადრე აღვნიშნე, რომ დროთა განმავლობაში ცნობილი ბანის შემოქმედებაც და ბიოგრაფიაც სულ ახალ და ახალ არტეფაქტებს იძენს. მაგალითად, სწორედ ბოლო ხანს გამოჩნდა ჩვენთვის აქამდე უცნობი ხრისტოვის ჩანაწერები კამერული მუსიკის ჟანრში. ის, რომ მომღერალი თავის შემოქმედებაში უპირატესობას რუსი კომპოზიტორების კამერულ ნაწარმოებებს ანიჭებდა, გარკვეულწილად, იმით იყო განპირობებული, რომ ხრისტოვის დედამ, ეროვნებით რუსმა რაინა ფიოდორის-ასულმა ივანოვამ, იზრუნა იმაზე, რომ შვილს, ბულგარული განათლების პარალელურად, სრულფასოვანი რუსული განათლებაც მიეღო. სოფიის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ბორისი ალექსანდრე ნეველის ტაძრის გუნდში მღეროდა, მოგვიანებით კი ანსამბლ ”გუსლას” სოლისტი გახდა. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ კონცერტზე ნიჭიერი ჭაბუკი ბულგარეთის მეფე ბორის მესამემ შენიშნა და სასწავლებლად იტალიაში გაგზავნა. ცნობილ იტალიელ ბარიტონ რიკარდო სტრაჩარისთან ორწლიანი მეცადინეობის დროს ხრისტოვმა ბევრი საოპერო პარტია ისწავლა. ამის შემდეგ დაიწყო მისი გასტროლები ევროპის ქვეყნებში, რაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ორი ბორისის - ხრისტოვისა და ბულგარეთის უკანასკნელი მეფის - ბედი მისტიკურ კვანძად დაიხლართა. საქმე ისაა, რომ ბულგარეთი ფორმალურად ჰიტლერული კოალიციის წევრი იყო, მეფე ბორისი კი ლავირებდა და, ერთდროულად, საკუთარი ხალხისა და ნაცისტური დიქტატორის რისხვას ერიდებოდა. მეფის სიცოცხლე სწორედ ამ კონფლიქტს შეეწირა. ხრისტოვის შემოქმედებაში ეს ტრაგიკული ისტორია ბორის გოდუნოვის პარტიის ინტერპრეტაციაში აირეკლა.

ხრისტოვს ბულგარეთის მეფის ფავორიტობა ძვირად დაუჯდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომღერალი მოსწყვიტეს სამშობლოს - კომუნისტური ბულგარეთისთვის ის ”persona non grata“-დ იქცა. ამ ფაქტს მეორე, სრულიად აბსურდული, მხარეც ჰქონდა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ 1950 წელს, როცა ”მეტროპოლიტენ ოპერის” დირექტორმა რუდოლფ ბინგმა ხრისტოვი ნიუ-იორკში ვერდის ”დონ კარლოსში” ფილიპის პარტიის შესასრულებლად მიიწვია, მომღერალს, როგორც ტოტალიტარული კომუნისტური ქვეყნის წარმომადგენელს, ამერიკულ ვიზაზე უარი ეთქვა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ხრისტოვის თანამედროვეები მის მძიმე ხასიათს უჩიოდნენ. ის კი... მღეროდა.

ბორის ხრისტოვის განუმეორებელი ბანი მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში - ”ლა სკალაში”, ”მეტში”, ”კოვენტ გარდენში”, ”გრანდ ოპერაში” - ჟღერდა. პარტნიორობას მას მარია კალასი, რენატა ტებალდი, ჯულიეტა სიმონატა, ფრანკო კორელი, ტიტო გობი უწევდნენ. დრამატული გარემოებებით აღსავსე ხრისტოვის ცხოვრება 1990 წლის 23 ივნისს დასრულდა. დიდი მომღერლის ნეშტი სოფიაში, ალექსანდრე ნეველის ტაძარში, განისვენებს - იმ ტაძარში, სადაც მისი შემოქმედებითი ცხოვრება დაიწყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG