Accessibility links

logo-print

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა


ნოდარ ახალკაცი

ნოდარ ახალკაცი

”ნოდარ ახალკაცი არის და მომავალშიც იქნება ქართული ფეხბურთის სამსახურში”, - ამ სიტყვებით დაამთავრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 17 სექტემბერს საკუთარი პრესკონფერენცია, სადაც მან ოფიციალურად განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მისი წასვლის მიზეზი ეროვნული ნაკრების დაუსრულებელი წარუმატებლობა გახდა.

”საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში არ უჩვენებია სახარბიელო შედეგი, თამაშის მოგება ვერ მოვახერხეთ, ამან გამოიწვია გულშემატკივართა უკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით დავტოვო ეს პოსტი,” - განაცხადა ახალკაცმა.

ჯერ კიდევ დილას გავრცელდა ინფორმაცია ნოდარ ახალკაცის გადადგომის შესახებ, თუმცა ოფიციალური კომენტარების გაკეთებისაგან ფეხბურთის ფედერაცია თავს იკავებდა.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრისა და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გაბაშვილის, თქმით, მხოლოდ ერთ ადამიანს არ შეიძლება დაბრალდეს ნაკრების ბოლოდროინდელი წარუმატებლობა:

”ნოდარ ახალკაცს ბევრი რამე გამოსდიოდა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზიც. ჩვენ ყველანი უკმაყოფილოები ვართ იმ შედეგით, რასაც ეროვნული ნაკრები აჩვენებს. თუმცა მხოლოდ ერთ ადამიანს ვერ დაბრალდება ნაკრების წარუმატებლობა”, - ამბობს გიორგი გაბაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, უჩა უგულავას, განცხადებით, ის საქმეები, რაც ნოდარ ახალკაცის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, აუცილებლად გაგრძელდება:

”ფედერაციაში ყველა თავის საქმეს აკეთებდა, ვმუშაობდით გუნდური პრინციპით და, ჩემი აზრით, ის საქმეები, რაც ნოდარ ახალკაცის პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება.”

ჟურნალ ”ათიანის” რედაქტორი გიორგი გორგოძე ნოდარ ახალკაცის გადადგომას დაგვიანებულ ფაქტს უწოდებს და მიაჩნია, რომ მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომით სიტუაცია ქართულ ფეხბურთში ვერ გამოსწორდება:

”ეს ნაბიჯი დაგვიანებულიც კი არის. ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემა დაგროვდა და, ფაქტიურად, უფსკრულის პირას დგას სპორტის ეს სახეობა. მომავალ არჩევნებზე არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც აქამდე გვქონდა. ფედერაციის ხელმძღვანელობა უნდა აირჩეს გარედან ჩარევის გარეშე”, - აცხადებს ჟურნალ ”ათიანის” რედაქტორი.

დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია ახალკაცის შესაძლო შემცვლელების თაობაზე, თუმცა ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებად ბიზნესმენები მერაბ შარანგია და ზვიად სიჭინავა სახელდებიან.

მერაბ შარანგია კომპანია `ბილაინის` ერთ-ერთი მეწილე და `ბილაინის` ქართული წარმომადგენლობის - `მობიტელის` - გენერალური დირექტორის მოადგილეა.

ზვიად სიჭინავა საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის `ბაიას` მფლობელია და ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონს აშენებს.

ნოდარ ახალკაცმა სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობა პირველი ვადით 2005 წლის ივნისში დაიკავა და მან მერაბ ჟორდანია შეცვალა. მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2007 წლის 13 მაისს გაიმართა, რომელშიც გამარჯვება გიორგი ნემსაძემ მოიპოვა, მაგრამ მან მალევე მოულოდნელი განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში. ნემსაძის გადადგომიდან ოთხ დღეში, 17 მაისს დანიშნული რიგგარეშე არჩევნების შედეგად, პრეზიდენტის პოსტზე ნოდარ ახალკაცი დაბრუნდა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა 2011 წელს ეწურებოდა.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსის რეზო შენგელიას განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები პირველ ოქტომბერს დაინიშნება და ფეხბურთის ფედერაციის ახალი კანდიდატი გამოვლინდება. 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით, კანდიდატების საბუთების მიღება იწარმოებს.
XS
SM
MD
LG