Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საავტომობილო კატასტროფაში რადიო თავისუფლების ორი თანამშრომელი დაიღუპა


ამირ ზამანი (მარცხნივ) და როზა აჟირი
ამირ ზამანი (მარცხნივ) და როზა აჟირი
ორი დღის წინ რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ორი თანამშრომელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დღევანდელი “უხილავი ფარდა” მათ ეძღვნება.

როზა აჟირი, რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ჟურნალისტი, უკანასკნელად ”რადიოში” ვნახე. ზემოთ, მწეველებისა და მზის მოყვარულთა ტერასაზე, კაფეში იჯდა და წერდა. ლამაზად წერდა, სპარსული ასოები ლამაზად გამოჰყავდა. ვკითხე, ყველა ასოს ერთმანეთს რატომ აბამ, ეგ როგორ უნდა ისწავლოს უცხოელმა-მეთქი.

ქართულად, რა, ერთმანეთს არ აბამთო? არა-მეთქი და მისსავე ქაღალდზე ქართულად დავუწერე “როზა”. იქვე გადახატა თავისი სახელი და გავუსწორე, “ა” ქვემოდან უნდა დაიწყო-მეთქი. ეს ბოლო შეხვედრა იყო როზასთან. ამირ ზამანიფარი გასულ კვირაში სხვა ირანელი კოლეგის დაბადების დღეზე, სადაც მეც მიწვეული ვიყავი, თავისი ძალიან მაგარი ფოტოკამერით იყო მოსული და ბევრი ფოტო გადაიღო. ვთხოვე, გამომიგზავნე-მეთქი. ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნია ფოტოები, რომლებიც მივლინებიდან - სტრასბურგიდან - დაბრუნებულს დამხვდა. 26-ში გამოეგზავნა, ანუ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე. სიკვდილამდე ამირს ჩემთვის მოეწერა: “აი, ფოტოები ნახეო”. იქვე კი მიეწერა ერთი წინადადება ინგლისურად: “როცა ჭეშმარიტება აღარ არის თავისუფალი, თავისუფლებაც აღარ არის ნამდვილი”.

როზა და ამირი მათივე თანამშრომლის მაჰინ გორჯიფერიდანის მანქანით პრაღიდან ბერლინში იყვნენ წასული. გზაში, უკვე პრაღასთან, მოხდა ავარია. მაჰინ გორჯიფერიდანი მძიმედაა დაშავებული. ამბობენ, რომც გადარჩეს, ხეიბარი იქნება. მაჰინი ფერეიდნელი ქართველების შთამომავალია. გაცნობისას ჩემი ქართველობა რომ გაიგო, ბიძაშვილი ყოფილხარო და ასევე მომმართავდა: “ბიძაშვილო, როგორ ხარო”.

როზა აჟირი განსაკუთრებული ღიმილის მქონე გოგო იყო. გოგოა, აბა რაა, 27 წლისა იყო. შეგხვდებოდა და შემოგანათებდა თავის თეთრ კბილებს. წითელი პომადა უყვარდა. როცა სამსახურს იწყებდა რადიოში, ჩვენი რადიოს ირანული რედაქციის დირექტორმა მახარა, ძალიან კარგ თანამშრომელს ვიყვან, ასირიელი დედა ჰყავს და განსაკუთრებული, ძველი ასირიული ენა იცისო. როზა ძალიან კარგი მონარდე იყო. ამ თამაშს მთელ აღმოსავლეთში თამაშობენ და ეს ირანელი გოგო სასწაულებრივი იღბლის მქონე იყო ნარდში. ჩვენი ერთი კოლეგა ამბობდა, თამაში არ იცის, უბრალოდ, უმართლებს ხოლმეო. მისი არ ვიცი, მე კი ნარდში დამანგრია ერთხელ: სამჯერ მარსი მომიგო და თან იცინოდა, უხაროდა და ეშმაკურად მამხნევებდა: შენ კარგად თამაშობ, უბრალოდ, მე ძალიან მაგარი ვარო. პრაღაში როზა თავის დასთან, დენისთან ერთად ცხოვრობდა. დენისი მარტო დარჩა ახლა. თავი კარგად უჭირავს ამ დღეებში. როზას დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა ტელეფონით, უკვე გზაში, ბერლინიდან მომავალს, და დენისი ამბობს, ისე ლაპარაკობდა, თითქოს თავის სიცოცხლეში საუკეთესო დრო გაატარაო. ბერლინში წასვლამდე კი თავის მეგობარს, ასევე ირანელ კოლეგას, ჰანა კავიანის, უთხრა თურმე, ჩავალ ბერლინში, ირანულ მაღაზიაში მივალ და ირანულ ტკბილეულს ვიყიდიო. თავიანთი ქვეყანა უყვარდათ ამ ირანელებს, ქვეყანა, სადაც მათი თაობის ხალხი, მათი მეგობრები საზოგადოებრივი თავისუფლებისთვის იბრძვიან. ირანში დემონსტრაციის დარბევის პერიოდში როზა აჟირი ძალიან განიცდიდა იქაურ ამბებს. როცა სტუდენტი ამირ ჯავადიფარი ციხეში მოკლეს, როზამ მოახერხა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაეწერა ჯავადიფარის მეგობართან, რომელმაც მისი გვამი ნახა და ხელისუფლებას ბრალს სდებდა, ამირი წამებით მოკლესო.

როზას ერთხელ უთქვამს, ვერ გავჩერდი, იმდენი ვიტირე, თეირანში დემონსტრაციაზე 27 წლის ნედა აღა სოლტანის მოკვლის ამბავი რომ გავიგეო.

ამირ ზამანიფარი, თავისი ხავერდოვანი ბარიტონით, აღიარებული მოდერატორი იყო. ის გამორჩეულად ემშვიდობებოდა ხოლმე მსმენელებს. მშვიდობიან ღამეს უსურვებდა ხოლმე მათ, თვითონაც მშვიდად მოუბარი.

ამირი, როგორც ზემოთ გითხარით, ფოტოებს იღებდა გატაცებით. ერთი ორჯერ იმ დღეს, ზემოხსენებულ დაბადების დღეზე, დავინახე, პირადად მე მიღებდა. მე გავიპრანჭე, რატომ მიღებ-მეთქი. მითხრა, ირანის ერთ-ერთ სასულიერო პირს გავხარო. მე ვუთხარი, არა, მე აბას ქიაროსტამის ვგავარ-მეთქი და გაიხარა. ეგრეა ნამდვილადო.

ირანელები შინ ღვინოსაც ვერ სვამენ, უცხოეთში კი მოლხენა და ერთად ყოფნა უყვართ. ისინი დღეგრძელობისას ერთმანეთს ასე მიმართავენ: “ბე სალამათი”. ბე სალამათი, როზა! ბე სალამათი, ამირ!
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG