Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიოლერი საქართველოს ადგილს ევროკავშირში ხედავს


პერ სტიგ მიოლერი
პერ სტიგ მიოლერი
საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი პერ სტიგ მიოლერი სტუმრობს. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში მიოლერი, ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის გარდა, აფხაზეთში ჩასვლასაც გეგმავს. დაგეგმილია ქართულ-დანიური ბიზნეს ფორუმიც. 5 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულიშეხვედრის შემდეგ, მიოლერმა განაცხადა, რომ დანია კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირში. მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გასაძლიერებლად.

თბილისში ვიზიტად მყოფმა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტიგ მიოლერმა 5 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა დანიის კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფო გახდება.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრები დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს თავის ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარალამენტო ოპოზიციის წევრებთან,დღის ბოლოს კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა. ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის დასრულებისთანავე ისაუბრა:

”დღეს დაიწყო სამდღიანი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი მდგომარეობა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.ძალიან მოხარული ვარ, რომ დანია იმ ქვეყნების რიგშია, რომლებიც საქართველოს ყოველთვის უწევენ მხარდაჭერა.”

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ასეთი იყო მიოლერის პირველივე გზავნილი: ” მე საქართველოში უკვე მესამედ ჩამოვედი. ჩვენთვის საქართველო მეტად მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის სწრაფვას დაუხლოვდეს ევროპას, იყოს ევროკავშირის და ნატოს წევრი. არ ვამბობ, რომ ეს ხვალვე მოხდება, მაგრამ ერთ დღეს კი მოხდება აუცილებლად. ევროკავშირმა ყველა ძალა გამოიყენა, რომ საქართველოსთვის შეემსუბუქებინა ომის შედეგები. ჩვენ ახლაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთის მხრიდან იგივე არ განმეორდეს და საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს საფრთხე არ დაემუქროს. ჩემი სამინისტროს მხრიდან დახმარება კვლავ გრძელდება. შარშან ჩვენ საქართველოსთვის სპეციალური ჰუმანიტარული პროგრამაც გავაკეთეთ.”

დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დანიის მცდელობა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებას საქართველოში, არ შეწყდება:

”ამ დილით მე შევხვდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას თბილისში. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია გახდეს უფრო ძლიერი და ევროკავშირის მონიტორებმა აკონტროლონ უფრო დიდი ტერიტორია. ვნახოთ, რა გამოგვივა. დღეისათვის მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა ჩვენ გვაქვს ამ მისიის გაძლიერების სურვილი.”

საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის თემებს შორის, როგორც შეხვედრიდან გამოსულმა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, ჩვენთა საუბრისას განაცხადა, ჰაიდი ტალიავინის დასკვნის გარშემო გაკეთებული შეფასებები იყო:

”ვისაუბრეთ შეფასებებზეც და დევნილების დაბრუნებაზეც. შესაძლოა სხვა ქვეყანა გედავებოდეს მიწას, მაგრამ დევნილების დაბრუნების წინააღმდეგი არც ერთი ღირსების მქონე ქვეყანა არ უნდა იყოს და სწორედ ამაზე ვესაუბრე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.”

საკუთარი გზავნილები ჰქონდათ ეროვნულ დემოკრატებსაც. მათი ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩახვაძის, თქმით, მათ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს აფხაზეთში მილიტარიზაციის პროცესზე მიაწოდეს ინფორამაცია:

” ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს ასოცირებულ წევრობაზე ევროკავშირში,ასევე ყურადღება გავამახვილეთ მილიტარიზაციის მაღალ დონეზე აფხაზეთში. მან კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ გზაზე ქვეყანას მეტი დემოკრატია სჭირდება.”

მიოლერის ვიზიტი საკმაოდ დატვირთული გახლავთ. 6 ოქტომბერს დაგეგმილია მისი სტუმრობა ზუგდიდში, გალსა და სოხუმში. 7 ოქტომბერს კი ის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი ბარამიას და არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG