Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ცდილობს ევროსაბჭო პოლიტპატიმრების არსებობაში დაარწმუნოს


ევროპის საბჭო
ევროპის საბჭო
თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი ჟან-ლუი ლორანი, რომელმაც 6 ოქტომბერს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და სახალხო დამცველთან დახურული შეხვედრები გამართა. ჟან-ლუი ლორანმა თბილისი უკომენტაროდ დატოვა, შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა კი განაცხადეს, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენელს „ტალიავინის კომისიის“ დასკვნის, რუსეთისათვის დაკისრებული ვალდებულებების მონიტორინგისა და საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ ესაუბრნენ.

ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ჟან-ლუი ლორანმა საქართველო ექვს ოქტომბერსვე პრესკონფერენციისა და განმარტებების გარშე დატოვა. ოპოზიციის ლიდერებთან განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცემა არც ევროპის საბჭოს საინფორმაციო ცენტრში ისურვეს.

შესაბამისად, უცნობი დარჩა, თუ რა საკითხების მიმართ იჩენდა მომეტებულ ინტერესს ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი და რა მიზნით აგროვებდა იგი ინფორმაციას, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპელ სტუმარს საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარებისა და პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ ესაუბრნენ.
„საქართველოში რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, ეს ჯერჯერობით პირდაპირ აღიარებული არ არის ევროსტრუქტურების მიერ. ამიტომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მოხდეს ინდივიდუალურად ყველა საქმის შესწავლა. თუკი ეს პროცესი დაიწყება, ევროსაბჭო აუცილებლად მიანიჭებს მათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება საქართველოსათვის, ვინაიდან ეს მთლიანობაში შეცვლის საქართველოსადმი ევროპის დამოკიდებულებას“, - განაცხადა კახა კუკავამ, რომლის თქმითაც, საქართველოსადმი ევროპის დამოკიდებულება, ნაწილობრივ, ისედაც შეცვლილია. მისი თქმით, 2009 წელს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ დაასკვნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა სიმონ პაპუაშვილმა, რომლის თქმითაც, ფედერაციამ საკითხის შესასწავლად საქართველოში საგამოძიებო მისია მიავლინა:

„საგამოძიებო მისიის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს აეღოთ რამდენიმე პილოტური საქმე, რომელსაც დეტალურად შეისწავლიდნენ. დეტალურად განიხილეს 8 საქმე - მათ შორის, ნორა კვიციანის, ჯონი ჯიქიას, რევაზ კლდიაშვილის და სხვ. ამ რვავე შესწავლილ საქმეში საგამოძიებო მისიამ დაადგინა, რომ ყველა ეს პირი არის პოლიტიკური პატიმარი.“

თუმცა ოპოზიციის ლიდერებს ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელ ჟან-ლუი ლორანთან შეხვედრისას მხოლოდ რვა პატიმრის შესახებ არ უსაუბრიათ. „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ ჟან-ლუი ლორანს წარუდგინა დოკუმენტური მასალა საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით:

„ეს ადამიანები დააკავეს პოლიტიკური ნიშნით. ისინი მონაწილეობდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, არიან პარტიების წევრები, პოლიტიკური დევნილები. მაგალითად, საფრანგეთის მთავრობამ ოქრუაშვილი აღიარა პოლიტიკურ დევნილად, გერმანიის მთავრობამ - ქიბარ ხალვაში, ჰოლანდიის მთავრობამ კი - ჩიხლაძე...“

ეკა ბესელიამ და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა ისიც თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად არღვევს ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგმა, რომელსაც მხარს ევროსაბჭო და ევროკავშირი უჭერდნენ, აზრი დაკარგა. აი, რა განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს’’ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ:

„მე პირადად ვთქვი, რომ არავითარი აზრი არ აქვს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს, როდესაც არ არსებობს ამ მოლაპარაკებების შედეგების შესრულების და იმპლიმენტაციის არანაირი გარანტია.“

არასაპარლამენტო ოპოზიციის გარდა, 6 ოქტომბერს ჟან-ლუი ლორანს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეხვდნენ. გიორგი თარგამაძე ევროსაბჭოს წარმომადგენელს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პრობლემებსა და იმ მოლოდინზე ესაუბრა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის სესიასა და რუსეთისათვის ხმის უფლების ჩამორთმევას უკავშირდება. პოლიტიკოსების შემდეგ კი ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი საქართველოს ახალ სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშსაც, შეხვდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG